"ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების შემტევმა ლამინ იამალი საკუთარ YouTube-არხზე გულშემატკივრების შეკითხვებს პასუხობდა, სადაც კომენტარი 2025 წლის ოქროს ბურთზეც გააკეთა. ახალგაზრდა ვარსკვლავმა აღიარა, რომ ცერემონიის დღეს თავად ელოდა გამარჯვებას, თუმცა ახლა ფიქრობს, რომ ეს მისთვის საუკეთესო შედეგი იყო.
„სიმართლე რომ გითხრათ, იმ დღეს მეგონა, რომ ოქროს ბურთს მე მოვიგებდი. თუმცა ძალიან კარგი იყო, რომ ჯილდო უსმანმა მიიღო. მაშინ ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი და ალბათ ბოლომდე ვერ დავაფასებდი, რას ნიშნავს ამ ჯილდოს მოგება. ამ გამოცდილების შემდეგ უკეთესი ადამიანი გავხდი. ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. დღეს უფრო ძლიერი დავბრუნდი და ვნახოთ, იქნებ ეს წელი ჩემი იყოს,“ – განაცხადა იამალმა.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებული უსმან დემბელე გახდა, მეორე ადგილზე გავიდა ლამინ იამალი, ხოლო მესამე ადგილი ვიტინიამ დაიკავა.





