ფეხბურთი

10:36 | 10.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

დიდი ზეიმი იწყება: ყველაფერი, რაც მუნდიალის შესახებ უნდა ვიცოდეთ

მაშ ასე, მსოფლიოს 23-ე ჩემპიონატი იწყება, ტურნირი, რომელიც საფეხბურთო სამყაროში ყველაზე პოპულარული და მასშტაბურია.

მსოფლიოს ჩემპიონატი 11 ივნისიდან 19 ივლისამდე გაიმართება და პირველად სამ ქვეყანაში - აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში. ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც აშშ მასპინძლობს ტურნირს (პირველი 1994 წელს იყო), მექსიკისთვის მესამე შემთხვევაა (1970, 1986), კანადა კი პირველადაა ამ საპასუხისმგებლო როლში.

მუნდიალზე ბევრი სიახლე იქნება, უპირველეს ყოვლისა, ეს მონაწილე გუნდების რაოდენობას შეეხება. პირველად ისტორიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე 48 ნაკრები ითამაშებს. ფიფას ამ გადაწყვეტილებას ბევრი ნეგატიურად შეხვდა, სპეციალისტები თუ გულშემატკივრები ფიქრობენ, რომ რაოდენობის გაზრდა ავტომატურად გამოიწვევს ხარისხის დაცემას, რაშიც ალბათ, სიმართლის დიდი მარცვალია.

მუნდიალზე ამიტომაც გავიდა ბევრი ისეთი ნაკრები, რომელსაც 32-გუნდიან ფორმატში დიდი ალბათობით ვერ ვიხილავდით - მაგალითად, ერაყი, ჰაიტი, კურასაო, კაბო ვერდე, დრ კონგო, უზბეკეთი და ა.შ. ამ ნაკრებების მუნდიალზე მოხვედრა პირდაპირ კავშირშია რაოდენობის გაზრდასთან და შესაბამის კონფედერაციებში ქვოტების მატებასთან.

თუმცა, რა თქმა უნდა, მუნდიალი ყოველთვის მუნდიალია და ახლაც დიდი მოლოდინია. ჯგუფურ ეტაპზე 12 ჯგუფია, საიდანაც ორ-ორი საუკეთესო და 8 საუკეთესო მესამეადგილოსანი 1/16-ფინალში გავა და შემდეგ ტურნირი პლეი-ოფის სისტემით გაგრძელდება. ჯგუფური ეტაპიდან მაინცდამაინც დიდი მოლოდინი არ არის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, როგორ შეიძლება შეივსოს ბადეები, პლეი-ოფი ძალიან დამაინტრიგებელი და საინტერესო უნდა გამოდგეს.

გუნდების რაოდენობის გაზრდა ასევე გაახანგრძლივებს ტურნირს, რომელიც ახლა 39 დღის განმავლობაში გაგრძელდება. განახლებულმა ფორმატმა ასევე საშუალება მისცა კონმებოლის, აფრიკის, აზიისა და კონკაკაფის კონფედერაციებს, უფრო მეტი წარმომადგენელი ჰყავდეთ მუნდიალზე, ვიდრე ოდესმე, რაც FIFA-ს მცდელობის ნაწილია, გააფართოვოს შეჯიბრის გლობალური წარმომადგენლობა.

ბუნებრივია, გაზრდილია მატჩების რაოდენობაც: თუ 32-გუნდიან ფორმატში 64 მატჩი ტარდებოდა, ახლა 104 თამაში გაიმართება. რასაკვირველია, მსოფლიოს ჩემპიონატზე სარეკორდო რაოდენობით იქნებიან ფეხბურთელებიც - ვინაიდან ტურნირზე 48 გუნდია, გაიზარდა განაცხადების რაოდენობაც (26), გამოდის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე 1248 ფეხბურთელი იქნება. 1248 ფეხბურთელიდან ყველაზე ახალგაზრდა გილბერტო მორა იქნება, მექსიკის ნაკრების ნახევარმცველი, რომელიც მხოლოდ 17 წლისაა, ხოლო ყველაზე ასაკოვანი - შოტლანდიის ნაკრების მეკარე კრეიგ გორდონია (43 წლის).

მუნდიალი 11 ივნისს, მეხიკოში, „აცტეკაზე“ გაიხსნება, სადაც მექსიკის ნაკრები სამხრეთ აფრიკას უმასპინძლებს. ეს წყვილი მეორედ გახსნის მუნდიალს, რადგან 2010 წელსაც იგივე მოხდა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მაშინ მასპინძელი სამხრეთ აფრიკის ნაკრები იყო. „აცტეკა“ გახდება პირველი სტადიონი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატს მესამედ უმასპინძლებს (1970 და 1986 წლები). „აცტეკამ“ უმასპინძლა ისტორიაში ორ ყველაზე დასამახსოვრებელ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალს, რომლებიც პელეს ბრაზილიამ 1970 წელს და მარადონას არგენტინამ 1986 წელს მოიგეს.

თუმცა, ამჯერად, „აცტეკა“ გახსნით მატჩს დასჯერდება, ფინალი ნიუ ჯერსის მეტლაიფის სტადიონზე გაიმართება, რომელიც შეერთებული შტატების ერთ-ერთი მთავარი სპორტული ობიექტია და კონცერტებისა და მასშტაბური ღონისძიებების რეგულარული სცენაა.

ამერიკის შეერთებული შტატები, მექსიკა და კანადა ტურნირის მასპინძლობის მოვალეობებს პირველად გაიყოფენ. აქამდე არასდროს ყოფილა მსოფლიოს ჩემპიონატი სამ მასპინძელ ქვეყანას შორის განაწილებული.

საერთო ჯამში, ჩრდილოეთ ამერიკაში 16 მასპინძელი ქალაქი იქნება, ვანკუვერიდან მეხიკომდე და მაიამიმდე. მატჩების უმეტესობას, მეოთხედფინალიდან დაწყებული პლეი-ოფის ყველა მატჩის ჩათვლით, შეერთებული შტატები უმასპინძლებს.

ცვლილებები წესებში

დამდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე მნიშვნელოვნი როლი ექნება VAR-ს, რომელსაც უფრო მეტი უფლება მიეცემა. მაგალითად, ვიდეორეფერს შეეძლება მომენტში ჩართვა, როცა ფეხბურთელი მეორე ყვითელ ბარათს და შესაბამისად, წითელ ბარათს მიიღებს. თუ მსაჯი შეცდება, VAR-ს შეეძლება მეორე ყვითელი ბარათის გაუქმება. სამაგიეროდ, თუ მსაჯი მეორედ არ გააფრთხილებს ფეხბურთელს და შეცდომას დაუშვებს, VAR-ს ჩარევის უფლება მაინც არ ექნება.

გარკვეულწილად VAR-ი ჩაერევა კუთხურებშიც, თუ ამ კუთხურს გოლი ან კუთხური მოჰყვება და გაირკვევა, რომ კუთხური შეცდომით დაინიშნება, მსაჯის გადაწყვეტილება შეიცვლება.

მცირე ცვლილებებია წესებშიც: გუნდებს მხოლოდ 5 წამი ექნებათ აუტის მოსაწოდებლად და თუ ამ დროში ვერ ჩაეტევიან, აუტი მეტოქეს გადაეცემა. მეკარემაც ბურთი თამაშში 5 წამში უნდა შეიყვანოს, თორემ კუთხური დაინიშნება.

კიდევ ერთი წესი, რომელიც შეიცვალა, ისაა, რომ ცვლილების დროს ფეხბურთელმა მოედანი 10 წამში უნდა დატოვოს, თუ ამას არ გააკეთებს, მისი გუნდი ერთი წუთის განმავლობაში 10 ფეხბურთელით ითამაშებს. სხვათა შორის, ეს თავის თავზე უკვე იწვნია ისლანდიამ, რომელმაც იაპონიასთან სპარინგში ეს წესი დაარღვია და იმავე დროში გოლიც გაუშვა.

კლიმატი

2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა არა მხოლოდ ფეხბურთი, არამედ ამინდიც იქნება.

ექსტრემალური ამინდის მოვლენების შემსწავლელი საერთაშორისო სამეცნიერო ინიციატივის World Weather Attribution (WWA) ანგარიში აფრთხილებს, რომ მატჩების თითქმის მეოთხედი შესაძლოა მოთამაშეებისა და გულშემატკივრებისთვის პოტენციურად საშიშ სიცხეში ჩატარდეს. ისეთი ქალაქები, როგორიცაა მაიამი, კანზას სიტი და ფილადელფია, ივნისსა და ივლისში მაღალი ტემპერატურისა და ტენიანობის ყველაზე მეტად ზემოქმედების ქვეშ არიან. ფიფა უკვე განიხილავს გაგრილების შესვენებებსა და სხვა დამცავ ზომებს. არ არის გამორიცხული, რომ მატჩების ნაწილი უამინდობის გამოც შეწყდეს, რაც ერთი წლის წინ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, რომელსაც ასევე აშშ-მ უმასპინძლა, არაერთხელ მოხდა.

რა შეიძლება მოხდეს მოედანზე

რაც უნდა ვისაუბროთ ფაქტებზე, ამინდზე, წესებზე, მთავარი მაინც ისაა, რაც მინდორზე მოხდება. ტურნირს ტრადიციულად რამდენიმე ფავორიტი ჰყავს. მაგალითად, არგენტინა მოქმედი ჩემპიონის სტატუსით ითამაშებს და ეცდება, ზედიზედ მეორედ, ისტორიაში მეოთხედ მოიგოს ტურნირი, რატომაც არა? ლიონელ მესი და კომპანია აშკარა ფავორიტთა რიგებში არიან, მაგრამ კონკურენტებიც არ აკლიათ.

საფრანგეთის ნაკრები ბოლო წლებში მსოფლიოს ჩემპიონატზე ცალსახად ყველაზე წარმატებული ნაკრებია, ამას სტატისტიკა თავისთავად მოწმობს: მას შემდეგ, რაც საფრანგეთმა 1990 და 1994 წლების მუნდიალი ზედიზედ ორჯერ გამოტოვა, ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა: 1998-2022 წლებში საფრანგეთი ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი (1998, 2018) და ორჯერაც მეორე ადგილზე გავიდა (2006, 2022). გამოდის, რომ ბოლო 7 მუნდიალიდან ოთხჯერ ფინალში საფრანგეთის ნაკრები იყო, რაც საოცარი შედეგია. ამავე პერიოდში საფრანგეთმა ფინალში 11 გოლი გაიტანა, ესეც რეკორდია (3 – 1998 წელს, 1 – 2006, 4 – 2018 და 3 – 2022 წელს). შედარებისთვის, ამავე პერიოდში შემდეგი საუკეთესო მაჩვენებელი ბრაზილიას, გერმანიას და არგენტინას აქვთ - ორ-ორი ფინალი (თითო მოგება-წაგება). ერთხელ ითამაშეს ფინალი იტალიამ, ესპანეთმა (მოიგეს), ნიდერლანდებმა და ხორვატიამ (წააგეს).

დიდიე დეშამის გუნდი ახლაც ფავორიტებშია, თუ მთავარი ფავორიტი არაა. საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობას რომ ჩახედავ, შეიძლება გაგიჩნდეს კითხვა - როგორ და ვინ შეიძლება ის დაამარცხოს? ვნახოთ.

აქვეა, მოქმედი ევროპის ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები, ლამინ იამალით და ალბათ, ყველაზე სტრუქტურიზებული ფეხბურთით, რომელიც ეცდება მეორედ მოიგოს მსოფლიოს ჩემპიონატი. საამისოდ, ლუის დე ლა ფუენტეს გუნდს აბსოლუტურად ყველაფერი აქვს. ინგლისიც ამავე მიზნითაა მუნდიალზე - მეორე ვარსკვლავის მოსაპოვებლად და 1966 წლის შემდეგ ნანატრი ტიტულის მოსაგებად. „სამმა ლომმა“ ბოლო ორ ევროპის ჩემპიონატზე ფინალი ითამაშა, შემადგენლობაც ძალიან ძლიერია და ამბიციებიც უმაღლესი.

კიდევ, ორი გუნდი უნდა ვახსენოთ უმთავრეს ფავორიტებში: პორტუგალია და ნიდერლანდები, რომლებიც პირველ ტიტულს შეუეტევენ. ნიდერლანდებს სამჯერ აქვს ფინალი წაგებული, პორტუგალია კი ჯერ ფინალშიც არ ყოფილა. თუმცა, ორივე გუნდი შესანიშნავადაა დაკომპლექტებული, ეს განსაკუთრებით, პორტუგალიის ნაკრებზე ითქმის, რომლის ნახევარდაცვის ხაზი უბრალოდ შთამბეჭდავია და გუნდშია კრიშტიანუ რონალდუც, რომელსაც ბოლო მუნდიალი აქვს და რომელსაც, მხოლოდ ეს ტიტული აკლია თავის გასაოცარ კარიერაში.

ბრაზილიის ნაკრებში კარლო ანჩელოტი მუშაობს და 24 წლის შემდეგ „სელესაო“ მეექვსე ჩემპიონობას უმიზნებს. თავის მხრივ, გერმანიის ნაკრები ეცდება, მეხუთედ მოიგოს მუნდიალი, გაასწროს იტალიის ნაკრებს (რომელიც ზედიზედ მესამედ ტოვებს მთავარ საფეხბურთო ტურნირს) და გაუთანაბრდეს ბრაზილიას. მოკლედ, მუნდიალზე ინტრიგას რა გამოლევს...

რეკორდებიც ვახსენოთ: კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი და... გილერმო ოჩოა მეექვსედ ითამაშებენ მსოფლიოს ჩემპიონატზე. სწორედ ეს სამეულია, რომლებმაც 2006 წლიდან ყველა მუნდიალზე ითამაშეს. მესის მხოლოდ 3 გოლი აშორებს მიროსლავ კლოზეს რეკორდამდე და შეუძლია ტურნირის ყველა დროის ბომბარდირი გახდეს. თუმცა, გერმანელის მიღწევის გაუმჯობესების შანსი ამ მუნდიალზე მხოლოდ ლეოს არ ექნება, არამედ კილიან მბაპესაც, რომელიც მხოლოდ 4 გოლით ჩამორჩება კლოზეს 16-გოლიან რეკორდს.

დამდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოთხი დებიუტანტი იქნება - კაბო ვერდე, კურასაო, იორდანია და უზბეკეთი, ხოლო ჰაიტი და დრ კონგო 52-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშებენ მუნდიალზე. თავის მხრივ, ერაყისთვის ეს იქნება პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი 1986 წლის შემდეგ. ეს ნათლად აჩვენებს, თუ როგორ იმოქმედა ტურნირზე მონაწილეთა რაოდენობის გაზრდამ.

მსოფლიოს ჩემპიონატზე იქნება ირანის ნაკრებიც, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ეს საკითხი გადაწყვეტილი არ იყო. ირანსა და ამერიკას შორის არსებული კონფლიქტის ფონზე, იყო შანსი, რომ ირანს უარი ეთქვა მუნდიალზე თამაშზე, მაგრამ საბოლოოდ, ასე არ მოხდა. თუმცა, ირანს, რომელსაც ჯგუფის სამივე მატჩი აშშ-ში აქვს, დაბანაკება მექსიკაში მოუწია, საიდანაც მოუწევს მატჩებზე წასვლა. საინტერესოა, რომ აშშ-ს ხელისუფლებამ ირანს ქვეყანაში ყოფნის დრო შეუზღუდა - ირანის ნაკრები ამერიკაში მატჩის დღეს ჩავა და მექსიკაში დაბრუნებაც მატჩის დასრულებისთანავე მოუწევს.

კიდევ ერთი ამბავი: როგორც ირანის ფეხბურთის ასოციაცია იტყობინება, ამერიკამ ირანელ გულშემატკივრებს მატჩზე დასაწრები ბილეთები გაუუქმა. ასე რომ, თუ მალევე არაფერი შეიცვალა, ირანის ნაკრები მატჩებს თავისი გულშემატკივრების გარეშე ჩაატარებს.

სტადიონები, სადაც თამაშები ჩატარდება:

ამერიკა

  • ატლანტას სტადიონი
  • ბოსტონის სტადიონი
  • დალასის სტადიონი
  • ჰიუსტონის სტადიონი
  • კანზას სიტის სტადიონი
  • ლოს-ანჯელესის სტადიონი
  • მაიამის სტადიონი
  • ნიუ-იორკის ნიუ-ჯერსის სტადიონი
  • ფილადელფიის სტადიონი
  • სან-ფრანცისკოს სტადიონი
  • სიეტლის სტადიონი

მექსიკა:

  • მეხიკოს სტადიონი, „აცტეკა“
  • გვადალახარას სტადიონი
  • მონტერეის სტადიონი

კანადა:

  • ტორონტოს სტადიონი
  • ვანკუვერის სტადიონი



რადგან სამი მასპინძელი ქვეყანაა, წლევანდელ მსოფლიოს ჩემპიონატსაც სამი თილისმა ჰყავს. მასპინძელ ქვეყნებს - კანადას, მექსიკასა და ამერიკას - წარმოადგენენ ლოსი ნეკერჩხალი, იაგუარი ზაიუ და თეთრთავა არწივი კლაჩი.

სამი თანამასპინძლის სახელს ასევე ასახავს მსოფლიოს ჩემპიონატის ოფიციალური ბურთი - Trionda - რაც ესპანურად სამ ტალღას ნიშნავს. ბურთს აქვს წითელი, მწვანე და ლურჯი ფერების წრიული ნიმუში, სადაც თითოეული სექცია მასპინძელ ერს წარმოადგენს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089086