მსოფლიოს 23-ე ჩემპიონატი ოფიციალურად დაიწყო. დაიწყო ლეგენდარული „აცტეკას“ სტადიონზე, სადაც თანამასპინძელმა მექსიკამ სამხრეთ აფრიკის ნაკრებს უმასპინძლა და 2:0 გაიმარჯვა.
კლასში სხვაობა ძალიან დიდი იყო, არა იმიტომ, რომ მექსიკის ნაკრები ჩანს ძალიან ძლიერი, პირიქით - სამხრეთ აფრიკამ უსუსური შთაბეჭდილება დატოვა, ხშირ შემთხვევაში კი არაპროფესიონალური დონეც აჩვენა.
მექსიკის ნაკრები დიდ უპირატესობას ფლობდა და ასეთი მეტოქის წინააღმდეგ ასე რომ არ ყოფილიყო, გასაკვირი იქნებოდა. აგირეს გუნდი სწრაფად დაწინაურდა - მეცხრე წუთზე ხულიან კინიონესმა მოახერხა ზუსტად დარტყმა და მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი გოლი გაიტანა. პირველ ნახევარში არაფერი შეცვლილა, სამაგიეროდ, მეორე ტაიმში შეიცვალა.
49-ე წუთზე სამხრეთ აფრიკა მოედანზე 10 კაცით დარჩა - იაია სითოლე გააძევეს ბოლო იმედის ჯარიმისთვის. მექსიკელებმა ეს უპირატესობა გამოიყენეს, როცა 67-ე წუთზე, ალვარადოს მიერ საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ, რაულ ხიმენესმა ახლო მანძილიდან თავური დარტყმით სხვაობა გააორმაგა. დარჩენილ დროში გოლი არ გასულა, მაგრამ წითელი ბარათები იყო. ჯერ სამხრეთ აფრიკას თემბა ცვანე გაუძევეს არასპორტული საქციელისთვის და „ბაფანა ბაფანა“ მოედანზე 9 კაცით დარჩა.
წითელი ბარათის გარეშე თამაში არც მექსიკელებს დაუსრულებიათ, ბოლოსკენ სესარ მონტესი გააგდეს. მოკლედ, ტურნირი ორი გოლით და 3 წითელი ბარათით დაიწყო...
გავიხსენოთ, რომ ამ ნაკრებების თამაშით, ასევე 11 ივნისს, 2010 წლის მუნდიალი გაიხსნა, მაშინ, სამხრეთ აფრიკაში მატჩი 1:1 დასრულდა. ახლა მექსიკამ დაჩაგრა მეტოქე.
მექსიკის ნაკრები მეორე ტურში 19 ივნისს, სამხრეთ კორეას შეხვდება, ხოლო 18 ივნისს, სამხრეთ აფრიკის მეტოქე ჩეხეთი იქნება.
მექსიკა - სამხრეთ აფრიკა 2:0 (1:0)
მეხიკო, „აცტეკა“
მექსიკა (4-1-4-1): რანხელი; რეიესი, მონტესი, ვასკესი, გალიარდო - ლირა (ალვარესი 76), ალვარადო, გუტიერესი (ჩავესი 66), ფიდალგო (მორა 66), კინიონესი (ვეგა 79)- ხიმენესი (გონსალესი 76)
მწვრთნელი: ხავიერ აგირე
სამხრეთ აფრიკა (5-3-2): ვილიამსი - მუდაუ, სიბისი, ოკონი, მბოკზი, მოდიბა (აპოლისი 77) - მოკოენა, სითოლე, ადამსი (ცვანე 61) - რიანერსი (მაკგოპა 77), ფოსტერი (მბათა 56)
მწვრთნელი: უგო ბროსი
გოლები: 1:0 კინიონესი (9), 2:0 ხიმენესი (67)
გაფრთხილება: გუტიერესი (23) - მოკოენა (17), სიბისი (74)
გაძევება: მონტესი (90) - სითოლე (49), ცვანე (84)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 16 (4) – 3 (2) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 3:1 თამაშგარე: 1:1
მსაჯი: ვილტონ სამპაიო (ბრაზილია)







