რიკარდო კაკამ მადრიდის „რეალში“ გატარებული პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ის კლუბის ისტორიაში ყველაზე ცუდი ტრანსფერია ედენ აზართან ერთად:
„ჩემი გამოცდილება მადრიდში ძალიან რთული იყო, როგორც პირადი, ასევე პროფესიული თვალსაზრისით. „მილანიდან“ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ჩავედი, მაგრამ თუ დღეს „რეალის“ ყველაზე ნაკლებად წარმატებული ტრანსფერების სიას გადახედავთ, ვფიქრობ, სიის სათავეში მე ვარ, ედენ აზართან ერთად. უბრალოდ შეხედეთ, რას ამბობს ხალხი: კაკა და აზარი.
მადრიდში ჩემი პრობლემა, პირველ რიგში, ტრავმები იყო და მეორეც, მწვრთნელის არჩევანი. მოურინიო სხვა ფეხბურთელებს ანიჭებდა უპირატესობას, როგორებიც არიან იოზილი, დი მარია, ბენზემა და კრიშტიანუ რონალდუ. კონკურენცია იყო და მან სხვა არჩევანი გააკეთა. ეს პერიოდი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ყველაფერი გავაკეთე იმის დასამტკიცებლად, რომ მეტ სათამაშო დროს ვიმსახურებდი. მინდოდა უფრო სტაბილურად მეთამაშა, მაგრამ ამავდროულად, ნამდვილ იდენტობის კრიზისს განვიცდიდი.
ხშირად ვეკითხებოდი ჩემს თავს, ვინ ვიყავი სინამდვილეში: მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი თუ „რეალის“ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შენაძენი ბოლო წლებში. იმ დღეს, როცა გუნდიდან წავედი, პერესმა თავის კაბინეტში დამიბარა და მითხრა: „საქმე ისე არ წავიდა, როგორც ვგეგმავდით, მაგრამ მიხარია, რომ ჩვენთან თამაშობდი. შენ ყოველთვის პროფესიონალი და პატიოსანი იყავი, არასდროს გითქვამს ცუდი მწვრთნელის, კლუბის ან სხვა ვინმეს შესახებ“, - აღნიშნა კაკამ.
შეგახსენებთ, რომ რიკარდო კაკა მადრიდის „რეალში“ 2009-2013 წლებში თამაშობდა და 120 მატჩში 29 გოლი გაიტანა.





