„მილანისა“ და აშშ-ს ნაკრების ფეხბურთელი კრისტიან პულიშიჩი შესაძლოა „რომაში“ გადავიდეს.
ამერიკელ ფეხბურთელს „როსონერიში“ ბოლო სეზონის მეორე ნახევარი ჩაუვარდა, რის გამოც კლუბისთვის ხელშეუხებელი აღარ არის. მას კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულში ეწურება.
როგორც ნიკოლო სკირა იტყობინება, „რომამ“ პულიშიჩის სიტუაციაზე ინფორმაცია მოითხოვა, ხოლო ფეხბურთელის აგენტებმა რომაელთა მთავარ მწვრთნელ ჯან პიერო გასპერინისთან ისაუბრეს. კრისტიანის მიმართ ინტერესი პრემიერლიგის და MLS-ის კლუბებისგანაცაა.
პულიშიჩმა შესანიშნავად დაიწყო მსოფლიოს ჩემპიონატი და პარაგვაისთან აშშ-ს გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. სავარაუდოდ, მისი მომავალი სწორედ მუნდიალის დასრულების შემდეგ გაირკვევა.
კრისტიან პულიშიჩი „მილანში“ 2023 წლიდან თამაშობს და 134 მატჩში 42 გოლი აქვს გატანილი. ის მანამდე „ჩელსის“ და „დორტმუნდის“ რიგებში გამოდიოდა.





