ფეხბურთი

4:08 | 14.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

მძიმე სტარტი: ბრაზილია ვინისიუსმა გადაარჩინა

მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთ-ერთი ფავორიტი ბრაზილიის ნაკრებიც ჩაერთო.

„სელესაომ“ „მეტლაიფ სთედიუმიდან“ დაიწყო გამოსვლა, სადაც მაროკოს ნაკრებს შეხვდა და შეიძლება ითქვას, რომ მარცხს გადაურჩა. ბრაზილია გარდა იმისა, რომ აგებდა, მთლიანობაში ნამდვილად არ იყო მაროკოზე უკეთესი, პირიქით, აფრიკელებმა შესანიშნავი თამაში აჩვენეს.

მატჩი მაროკოს ნაკრების უპირატესობით დაიწყო. მოჰამედ უაჰბის გუნდი აგრესიულ პრესინგს თამაშობდა და ბრაზილიის ნაკრებს ბურთის შენარჩუნებას უფლებას არ აძლევდა, საპასუხოდ კი შეტევაში ძალიან სწრაფად გადადიოდა.

შესანიშნავად ირჯებოდნენ ცენტრში 18 წლის აიუბ ბოადი და ბრაჰიმ დიასი. აფრიკელთა აქტიურობას უშედეგოდ არ ჩაუვლია - 21-ე წუთზე დიასის შესანიშნავი პასით, რომელმაც ბრაზილიელთა ცენტრალურ მცველებს, მარკინიოსსა და გაბრიელს შორის სივრცე მონახა, ისმაელ საიბარმა ალისონს დაასწრო და ანგარიში გახსნა.

კარლო ანჩელოტის გუნდს არაფერი გამოსდიოდა, საერთოდ არაფერი და სწორედ ამ დროს, თამაში საკუთარ თავზე ვინისიუსმა აიღო. ბრაზილიელმა გარემარბმა საჯარიმოში ბრწყინვალედ იმოქმედა და ძლიერი დარტყმით იასინ ბონოს შანსი არ დაუტოვა - 1:1.

ეს იყო 32-ე წუთისთვის და გუნდებს დიდი დრო ჰქონდათ გამარჯვების გოლისთვის, მაგრამ თამაშის ტემპი დროის გასვლასთან ერთად დაეცა, რისკზეც არავინ მიდიოდა, რადგან საამისოდ საქმე არცერთ გუნდს ჰქონია, ვინაიდან ეს მხოლოდ პირველი ტური იყო. ამიტომაც, მეორე ტაიმი საკმაოდ მოსაწყენი გამოდგა, პრაქტიკულად საგოლე მომენტების გარეშე და ლოგიკურია, რომ ანგარიშიც არ შეცვლილა. ამრიგად, „სელესაომ“ მუნდიალი ფრით დაიწყო, კარლო ანჩელოტიმაც, რომელმაც კარიერაში პირველად იმუშავა მთავარი მწვრთნელის რანგში მსოფლიოს ჩემპიონატზე.

ბრაზილიის ნაკრები მეორე ტურში 20 ივნისს, ჰაიტის ნაკრებს შეხვდება, ხოლო მაროკოს მეტოქე იმავე დღეს შოტლანდია იქნება.

ბრაზილია - მაროკო 1:1 (1:1)

ნიუ იორკი, ნიუ ჯერსი, „მეტლაიფ სთედიუმი“

ბრაზილია (4-2-3-1): ალისონი; იბანიესი (დანილო 46), მარკინიოსი, გაბრიელ მაგალაეში, დუგლას სანტოსი; კაზემირო (ფაბინიო 46), ბრუნო გიმარაეში (დანილო სანტოსი 80); რაფინია, პაკეტა (კუნია 61), ვინისიუსი; იგორ ტიაგო (ლუის ენრიკე 62)

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

მაროკო (4-2-3-1): ბონო; ჰაკიმი, დიოპი, რიადი, მაზრაუი (სალაჰ-ედინი 80); ელ აინაუი, ბუადი; ბრაჰიმ დიასი (ტალბი 65), უნაჰი (ელ მურაბეტი 65), ელ ხანუსი (ამაიმუნი 80); საიბარი (რაჰიმი 89)

მწვრთნელი: მოჰამედ უაჰბი

გოლები: 0:1 საიბარი (21), 1:1 ვინისიუსი (32)

გაფრთხილება: კაზემირო (37), იბანიესი (43)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (5) – 14 (3) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 6:2 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: სლავკო ვინჩიჩი (სლოვენია)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.175441