ფეხბურთი

2:03 | 15.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

იაპონია უკვე კანონზომიერებაა: ნიდერლანდებმა უპირატესობა ორჯერ გაანიავა

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე ერთ-ერთი საუკეთესო თამაში გამოდგა, დალასში, ნიდერლანდებისა და იაპონიის ნაკრებებს შორის.

თუმცა, ამის თქმა პირველი ტაიმის შემდეგ რთული იქნებოდა, რადგან გუნდებს საგოლე მომენტების შექმნა უჭირდათ. ყველაზე კარგი მომენტი იაპონიას ჰქონდა, რომელიც სხვათა შორის, ძალიან სწორ ფეხბურთს თამაშობდა და ნიდერლანდებს პრაქტიკულად შანსს არ აძლევდა.

ზოგადად, იაპონიის ნაკრები ბოლო წლებში ძალიან პროგრესირებს და მისი დამარცხება ადვილი არავისთვისაა. ჰაჯიმე მორიასუს გუნდმა წინა მუნდიალზე გერმანიასა და ესპანეთს მოუგო, მას შემდეგ წინსვლა არ შეუწყვეტია და ამ მუნდიალზეც გასაკვირი არ იქნება, თუ შორს წავა. ეს რომ შეუძლია, დღევანდელმა მატჩმაც დაადასტურა, სადაც მთავარი მოვლენები მეორე ტაიმში განვითარდა.

51-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა: რაიან გრავენბერხის კარგი ჩაწოდების შემდეგ იაპონელ მცველებს ვირჯილ ვან დეიკი გაექცათ და კაპიტანმა თავით ზუსტად დაარტყა. იაპონია დიდხანს არ აგებდა, რადგან კეიტო ნაკამურამ შორიდან ძლიერად და ბრწყინვალედ გაისროლა - 1:1. ეს ანგარიშიც არ შენარჩუნებულა დიდხანს: 7 წუთში კრისენსიო სამერვილმა სჯაარიმოში კარგად ითამაშა და გაიტანა - რონალდ კუმანის გუნდი დაწინაურდა.

მერე კუმანი ცოტა უცნაურად მოიქცა: აშკარად აქცენტი ანგარიშის შენარჩუნებაზე გააკეთა, გუნდის შემტევები თამაშიდან გაიყვანა, ხოლო იაპონიამ ბურთი მოიპოვა და ნელ-ნელა ხიფათის შექმნას უმატა, რასაც უკვალოდ არ ჩაუვლია. 88-ე წუთზე აზიელებმა კუთხური კარგად გაათამაშეს, კოკი ოგავამ თავით დაარტყა, ბურთი გზად ასევე თავაში დაიჩი კამადას მოხვდა და კარში აღმოჩნდა - 2:2. იაპონიის ნაკრები ნიდერლანდების ნაკრებზე გაცილებით დაბალია სიმაღლეში, მაგრამ კუთხურიდან გაუტანა მეტოქეს. ესეც ამტკიცებს, თუ რამდენად მებრძოლი გუნდია.

F ჯგუფის მეორე ტურში ნიდერლანდები 20 ივნისს, შვედეთს შეხვდება, ხოლო იაპონია 21 ივნისს, ტუნისის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ნიდერლანდები - იაპონია 2:2 (0:0)

დალასი, AT&T სთედიუმი

ნიდერლანდები (4-3-3): ვერბრუგენი; დუმფრისი, ვან ჰეკე, ვან დეიკი, ვან დე ვენი; გრავენბერხი (აკე 81), დე იონგი, რეინდერსი (ტიმბერი 70); სამერვილი (კოპმაინერსი 70), მალენი (დეპაი 70), გაკპო (ბრობი 85)

მწვრთნელი: რონალდ კუმანი

იაპონია (3-4-2-1): სუძუკი; ვატანაბე (ტომიასუ 75), ტანიგუჩი, იტო; დოანი (სუგავარა 75), სანო, კამადა, ნაკამურა; კუბო (ოგავა 75), მაედა (იტო 66); უედა (შიოგაი 84)

მწვრთნელი: ჰაჯიმე მორიასუ

გოლები: 1:0 ვან დეიკი (51), 1:1 ნაკამურა (57), 2:1 სამერვილი (64), 2:2 კამადა (88)

გაფრთხილება: სამერვილი (61), დეპაი (83), ვან დე ვენი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტმები: 10 (6) – 10 (3) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 5:4 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: ისმაილ ელფათი (აშშ)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098336