27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით, საქართველო მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატს მეორედ უმასპინძლებს. 2017 წელს თბილისსა და ქუთაისში გამართულმა ჩემპიონატმა, დღემდე ჩატარებულ ტურნირებს შორის, მსოფლიო რაგბისგან საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.
წელს ახალგაზრდულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობა 12-იდან 16-მდე გაიზარდა და შედეგად, როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში, ქომაგს 20-20 უმაღლესი დონის თამაშის ხილვის შესაძლებლობა ექნება. ერთმანეთს შეერკინებიან მსოფლიო რაგბის 16 წამყვანი ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრებები, რომლებიც დაკომპლექტებული არიან იმ ამომავალი ვარსკვლავებით, რომლებიც მომავალში არაერთ დაუვიწყარ წუთს გვაჩუქებენ - უკვე კაცთა რაგბში!
2008 წელს დაარსებულმა 20-წლამდელთა ჩემპიონატმა, ელიტურ რაგბს უკვე გამოუწრთო 500-ზე მეტი უმაღლესი დონის მორაგბე. მათგან რამდენიმე ათეული მოთამაშე, საკუთარი ჯადოქრობით სამუდამოდ იპყრობს ქომაგთა გულებს და კვირიდან კვირამდე ამყოფებს მათ მუდმივი მოლოდინის რეჟიმში, რათა კიდევ ერთხელ იხილონ თავიანთი კუმირის მორიგი გაელვება.
მომავალი ვარსკვლავების ახალი ტალღა, 16 ქვეყნის ჯამში 500-მდე მორაგბე, საერთაშორისო ასპარეზზე პირველად სწორედ ქართველი ქომაგის წინაშე, თბილისსა და ქუთაისში გაიბრწყინებს! არ გაუშვა ხელიდან ეს შესანიშნავი შესაძლებლობა!
ირლანდია
ირლანდიის 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატში მეთექვსმეტედ თამაშობს. ის გ ჯგუფში არგენტინასთან, ინგლისთან და აშშ-სთან მოხვდა.
ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს ირლანდია თბილისში, “ავჭალაზე” გამართავს და 27 ივნისს, 15:30 საათზე ინგლისს; 2 ივლისს 15:30 საათზე არგენტინას; ხოლო 7 ივლისს 13:00 საათზე აშშ-ს ეთამაშება, რის შემდეგაც, ჯგუფში დაკავებული ადგილის მიხედვით, შესაბამის ფლეი ოფში (ნახევარფინალი და ფინალი) გადაინაცვლებს.
ირლანდიის 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატში რეგულარულად მონაწილეობს. 2008 წლიდან დღემდე გამართული 15 ტურნირიდან (2020-2022 წლებში ჩემპიონატი კოვიდ-პანდემიის გამო არ ჩატარდა) ორში, მან მეორე ადგილი დაიკავა, რაც ჯერჯერობით გუნდის საუკეთესო შედეგია. მან ვერცხლის მედლები 2016 და 2023 წლებში მოიპოვა: პირველ ჯერზე ის ფინალში ინგლისთან (21:45), მეორე შემთხვევაში კი საფრანგეთთან (14:50) დამარცხდა. ირლანდიელები თასის ნახევარფინალში სულ 4-ჯერ გავიდნენ და ორჯერ (2014 და 2024) მეოთხე ადგილს დასჯერდნენ.
2008 წლიდან ირლანდია 20-წლამდელთა ექვს ერზეც თამაშობს და სადებიუტო მატჩში, 1 თებერვალს იტალიას 6:0 მოუგო, ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრაში კი, 6 ივნისს არგენტინასთან 9:17 დამარცხდა. მათ რეკორდული სხვაობით 2023 წლის ექვს ერზე შოტლანდია დაამარცხეს (82:7), ახალგაზრდული ჩემპიონატის ფარგლებში კი 2013 წელს ფიჯის სძლიეს - 51:3. რაც შეეხება ყველაზე დიდი სხვაობით მარცხს, ის ქუთაისში, ახალი ზელანდიისგან განიცადეს - 3:69 (2017 წელს).
მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ირლანდიას სხვებზე ერთით ნაკლები, 74 თამაში აქვს ჩატარებული (35 მოგება, 1 ფრე, 38 წაგება), რადგან 2024 წელს, ქეიფთაუნში (სამხრეთ აფრიკა) მოსული ძლიერი წვიმის გამო, “ეთლონ სთედიუმის” მოედანი დაიტბორა და 9 ივლისს ავსტრალიასთან მატჩი (ჯგუფური ეტაპის) არ შედგა. 2016 წლის ტურნირის საუკეთესო მოთამაშე ირლანდიელი მაქს დიგანი გახდა. შარშან ირლანდიამ 12 გუნდს შორის ბოლოსწინა, მე-11 ადგილი დაიკავა (ესპანეთის 38:37 ძლევით).
რაც შეეხება 20-წლამდელთა ექვს ერს, 2008 წლის შემდეგ ირლანდიამ ჩემპიონის ტიტული ოთხჯერ (2010, 2019, 2022, 2023 წლები) მოიპოვა - ბოლო სამი გრანდ სლემით (ყველა მეტოქის დამარცხება).
მსოფლიოში პირველი სარაგბო კლუბი, რომელიც უწყვეტად არსებობს, დუბლინის უნივერსიტეტში 1854 წელს დაარსდა (პირველი სარაგბო კლუბი 1843 წელს ინგლისში დაარსდა, მაგრამ მან გარკვეული პერიოდით საქმიანობა შეწყვიტა). თავდაპირველად ის რაგბისა და ფეხბურთის შერეული წესებით თამაშობდა, „წმინდა სარაგბო მატჩი“ კი დუბლინში 1869 წელს გაიმართა.
პირველ წლებში ქვეყანაში ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კავშირი შეიქმნა - ირლანდიის რაგბის კავშირი 1874 წელს (აკონტროლებდა ლენსთერის, მანსთერისა და ალსთერის რეგიონების ნაწილს) და 1975 წელს ირლანდიის ჩრდილოეთის რაგბის კავშირი (მართავდა ბელფასტისა და მისი შემოგარენის კლუბებს). 1879 წელს, მათი გაერთიანებით შეიქმნა ირლანდიის რაგბის კავშირი, რომელიც ქვეყნის ორად გაყოფის შემდეგაც (1921 წელს - ირლანდიის რესპუბლიკა და ჩრდილოეთ ირლანდია) ინარჩუნებს ერთიანობას და ირლანდიის მორაგბეთა ნაკრებები თუ კლუბები, დღესაც ერთიანი ირლანდიის სახელით გამოდიან.
ირლანდიის რაგბის კავშირმა, უელსისა და შოტლანდიის რაგბის კავშირებთან ერთად, 1886 წელს დააარსა რაგბის საერთაშორისო საბჭო, რომელიც ამჟამად მსოფლიო რაგბად იწოდება.
ირლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა პირველი საერთაშორისო შეხვედრა 1875 წელს ინგლისთან გამართა და 0:7 დამარცხდა. მან რეკორდული სხვაობით 2025 წელს პორტუგალია დაამარცხა - 106:7, თავად კი ყველაზე დიდი სხვაობით 2012 წელს ახალ ზელანდიასთან დამარცხდა - 0:60.
1987 წლიდან დღემდე, “სამყურებმა” ყველა მსოფლიო თასზე (10) ითამაშა, თუმცა ვერცერთხელ გადალახა მეოთხედფინალური ეტაპი. ირლანდია 1883 წლიდან ექვსი ერის და მისი წინამორბედი ტურნირების უცვლელი მონაწილეა და მისი გამარჯვებული 16-ჯერ ერთპიროვნულად, ხოლო 8-ჯერ გაზიარებით გახდა.
ირლანდიის რაგბის კავშირი ოთხ პროვინციად იყოფა - ლენსთერი, მანსთერი, ალსთერი და კონახტი. თითოეულ ამ პროვინციას ყავს ამავე სახელწოდების ფრენჩაიზი, რომლებიც თამაშობენ გაერთიანებულ რაგბის ჩემპიონატსა და ევროპის პროფესიულ საკლუბო რაგბის ტურნირებში - ჩემპიონთა და ჩელენჯ თასი. ირლანდიური გუნდები არაერთხელ გამხდარან ამ ტურნირების გამარჯვებულები, გაერთიანებულ რაგბის ჩემპიონატს (თამაშობენ ირლანდიური, უელსური, შოტლანდიური, იტალიური და სამხრეთ აფრიკული გუნდები) კი სულაც დიდი უპირატესობით ლიდერობენ (ჯამში 15 ჩემპიონობა, მეორე მყოფ უელსს - 6).
ირლანდიაში, რომლის მოსახლეობა(ჩრდილოეთ ირლანდიის ჩათვლით) 7,3-7,4 მილიონია, 209 კაცთა კლუბია რეგისტრირებული. გარდა ამისა, რაგბის კავშირის სისტემაში 246 სკოლაა ჩართული. რეგისტრირებულ მოთამაშეთა რიცხვი 90-ათასს აღემატება, საიდანაც დაახლოებით 15 ათასი ქალია. პროცენტული თანაფარდობით, გამოდის, რომ ქვეყანაში ყოველი მე-80 მაცხოვრებელი რეგისტრირებული მორაგბეა.
ირლანდიის ნაკრები მსოფლიო რაგბის რეიტინგს რამდენჯერმე ლიდერობდა - 2019, 2022-2023 და 2024 წლებში). ამჟამად ის 89.07 ქულით მესამე ადგილზეა და მხოლოდ ორ სამხრეთულ გრანდს - სამხრეთ აფრიკასა და ახალ ზელანდიას ჩამორჩება.
ირლანდიის 20-წლამდელთა ნაკრებიდან ეროვნულში რამდენიმე ათეული მორაგბე დაწინაურდა: კონორ მიურეი, პეტერ ო’მაჰონი, ლეინ ჰენდერსონი, ჯეიმს რაიანი, გარი რინგროსი, ჰიუგო ქენანი, ქალენ დორისი, დენ შეანი და სხვები.
RUGBY.GE







