მსოფლიოს ჩემპიონატზე კაბო ვერდეს ყოფნა თავისთავად დიდი სენსაციაა, მაგრამ რა ჰქვია იმას, რაც ამ ნაკრებმა პირველ ტურში მოახერხა, ძნელი სათქმელია.
კაბო ვერდეს დებიუტი მუნდიალზე ესპანეთის ნაკრებთან შედგა, მოქმედ ევროპის ჩემპიონთან, ალბათ, ტურნირის მთავარ ფავორიტთან და არ წააგო! ეს ერთ-ერთი უდიდესი სენსაციაა მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაში, სულ მცირე მიმდინარე საუკუნეში.
რა თქმა უნდა, ესპანეთის ნაკრები მთელი მატჩის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდა, მომენტებიც შექმნა, მაგრამ შესანიშნავი იყო კაბო ვერდელთა 40 წლის მეკარე ვოზინია, რომელმაც ყველაფერი აიღო, რაც დაურტყეს. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ „ლა როხას“ ძალიან ბევრი ხარისხიანი დარტყმა არ ჰქონია. საერთოდ, ლუის დე ლა ფუენტეს გუნდს გაუჭირდა კარგი ფეხბურთის ჩვენება და ძირითადად, ბურთის სტერილური კონტროლით იფარგლებოდა, აფრიკელები კი მეტოქის ნელ იერიშებს უმეტესწილად ადვილად იგერიებდნენ.
ესპანეთის თამაშზე ერთი სტატისტიკა ყველაზე კარგად მეტყველებს: დე ლა ფუენტეს გუნდს ბურთი ჰქონდა, მაგრამ მისი ფორვარდი, მიკელ ოიარზაბალი მატჩის საწყის ნახევარ საათში ბურთს ერთხელაც არ შეხებია! ეს მსოფლიოს ჩემპიონატზე 1966 წლის შემდეგ პირველად მოხდა.
ესპანეთის ნაკრებს ვერც ლამინ იამალმა უშველა, რომელიც დაბრუნდა, შეცვლაზე შევიდა, მაგრამ ამას არაფერი შეუცვლია. კაბო ვერდეს ნაკრებმა დიდი ისტორია დაწერა - მსოფლიოს ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩში ესპანეთის ნაკრებთან ქულა მოიპოვა - 0:0!
H ჯგუფის მეორე ტურში ესპანეთის ნაკრები 21 ივნისს, საუდის არაბეთის ნაკრებს შეხვდება, ხოლო კაბო ვერდე 22 ივნისს, ურუგვაის გაეჯიბრება.
ესპანეთი - კაბო ვერდე 0:0 (0:0)
ატლანტა, „მერსედეს ბენც არენა“
ესპანეთი (4-3-3): სიმონი; ლორენტე, კუბარსი, ლაპორტი, კუკურელია; ფაბიან რუისი (მერინო 71), როდრი (ვილიამსი 87), პედრი; ტორესი (დანი ოლმო 81), ოიარსაბალი, გავი (იამალი 71)
მწვრთნელი: ლუის დე ლა ფუენტე
კაბო ვერდე (4-1-4-1): ვოზინია; მორეია, ლოპესი, ბორჟესი, ლოპეს კაბრალი (პაულო 76); ლენინი; მენდეში, ლ. დუარტე (დ. დუარტე 61), მონტეირო (არკანიო 79), კაბრალი (სემდუ 61); ლივრამენტო (და კოშტა 61)
მწვრთნელი: ბუბისტა
გაფრთხილება: პედრი (90) - ლოპეს კაბრალი (16)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 27 (7) – 6 (1) ბურთის ფლობა: 74%-26% კუთხურები: 11:1 თამაშგარე: 2:3
მსაჯი: ადამ მახადმე (იორდანია)
| # | გუნდი | თამაში (P) | მოგება (W) | ფრე (D) | წაგება (L) | გატანილი (F) | გაშვებული (A) | ბურთების ბალანსი (GD) | ქულა (Pts) |
| 1 | ესპანეთი | 1 | 0 | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | 1 |
| 2 | კაბო-ვერდე | 1 | 0 | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | 1 |
| 3 | ურუგვაი | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 |
| 4 | საუდის არაბეთი | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 |







