თბილისის „იბერიამ“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გუგა ნერგაძე გაათავისუფლა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, გუგა ნერგაძემ „იბერიას“ მთავარი მწვრთნელის პოზიცია დატოვა. მასთან ერთად, გუნდი დატოვა სტაფის წევრებმა, თემო ბაგრატიონმა და ჯაბა სამსონიამ.
გუგა ნერგაძემ „იბერია“ გასული სეზონის მიმდინარეობისას ჩაიბარა და გუნდი ჩემპიონი გახადა. ახლაც, თბილისელები ეროვნულ ლიგაში 17 ტურის შემდეგ 31 ქულით ლიდერები არინ, მაგრამ მწვრთნელი გაუშვეს. დიდი ალბათობით, „იბერიას“ ანდრეი დემჩენკო ჩაიბარებს, რომელსაც საქართველოში „დილასა“ და „დინამო ბათუმში“ უმუშავია.
თბილისის იბერიას ერთ თვეში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩართვა მოუწევს, შესაბამისად, გუნდმა მწვრთნელი ევროტურნირების წინ შეიცვალა.





