„მილანის“ მთავარ მწვრთნელად რუბენ ამორიმი დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
პორტუგალიელმა მწვრთნელმა იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმა. წელიწადში მისი ხელფასი 4 მილიონი ევრო იქნება.
ამორიმმა კონტრაქტზე ხელმოწერის შემდეგ კომენტარი გააკეთა: „არსებობს ამბიციები, რომლებიც მთელი კარიერის განმავლობაში თან დაგყვება და ჩემთვის, „მილანის“ მწვრთნელობა ყოველთვის ერთ-ერთი მათგანი იყო. ზუსტად ვიცი, რას წარმოადგენს ეს კლუბი: ისტორია, პრესტიჟი და არაჩვეულებრივ გულშემატკივრთა ბაზა მთელ მსოფლიოში. ეს არის გამოწვევა, რომელსაც სიამაყითა და ენთუზიაზმით ვხვდები, სრულად ვაცნობიერებ, თუ რას ნიშნავს აქ ყოფნა“.
ამორიმი შეაქო კლუბის მფლობელმა ჯერი კარდინალემ, რომელმაც აღნიშნა, რომ „მილანის“ ხედვას ის სრულად შეესაბამება: „ამორიმი ერთ-ერთი ყველაზე მომზადებული და ნოვატორი მწვრთნელია. მკაფიო საფეხბურთო იდენტობა და კარგად განსაზღვრული ტაქტიკური მიდგომა აქვს. შემტევი ფეხბურთის მიმდევარია. მისი ფილოსოფია იდეალურად ჯდება ჩვენს ხედვაში“.
რუბენ ამორიმი ბოლოს „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობდა, საიდანაც წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს. სამაგიეროდ, მანამდე მას ძალიან კარგი შედეგები ჰქონდა ლისაბონის „სპორტინგსა“ და „ბრაგაში“.





