საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე სასტარტო მატჩში ორგვაროვანი შთაბეჭდილება დატოვა: ძალიან ცუდიც და ძალიან კარგიც.
დიდიე დეშამის გუნდი ბოლო ორი მუნდიალის ფინალისტია (ჩემპიონობა და ვიცე-ჩემპიონობა), მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბევრის აზრით მთავარი ფავორიტია, რასაც ძნელია არ დაეთანხმო, როცა მის შემადგენლობას შეხედავ. სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სენეგალთან სასტარტო მატჩში „მამლების“ შეტევას დეზირე დუე, კილიან მბაპე, მაიკლ ოლისე და უსმან დემბელე ამაგრებდნენ, სკამზეც საოცარი ფეხბურთელები იყვნენ - მარკუს ტურამი, ბრედლი ბარკოლა, რაიან შერკი და ა.შ.
თუმცა, ნიუ ჯერსიში, საფრანგეთის ნაკრები სენეგალთან პირველ ტაიმში ძალიან სუსტად გამოიყურებოდა, იმდენად, რომ კარში ერთადერთხელ დაარტყა, ხიფათის შექმნაზე ლაპარაკი ზედმეტია. სამაგიეროდ, სენეგალის ნაკრები ორჯერ ძალიან ახლოს იყო გოლთან: ჯერ ფრანგები ძელმა გადაარჩინა, შემდეგ ისმაილა სარმა ძალიან ახლო მანძილიდან არაზუსტად დაარტყა - ვერგატანა უფრო რთული იყო, ვიდრე გატანა, მაგრამ ვერ გაიტანა.
არ ვიცით, რა შეცვალა დიდიე დეშამმა შესვენებაზე, რა უთხრა ფეხბურთელებს, მაგრამ მეორე ნახევარში საფრანგეთის ნაკრებმა ის ფეხბურთი ითამაშა, რასაც მისგან ელოდებიან - დომინანტური და თავდაჯერებული.
გაცილებით გააქტიურდნენ კილიან მბაპე და მაიკლ ოლისე, რომლებმაც შექმნეს კიდეც პირველი გოლი. „ბაიერნის“ შემტევის დიდებული პასის მერე კილიანი მეკარესთან პირისპირ დარჩა და გატანა არ გასჭირვებია.
სენეგალმა მალევე გაიტანა, ნიკოლას ჯექსონმა შესანიშნავი გოლი, მაგრამ თამაშგარე იყო და ანგარიში უცვლელი დარჩა. მე-80 წუთზე დიდიე დეშამმა პირველი ცვლილება გააკეთა - დემბელეს ნაცვლად თამაშში ბრედლი ბარკოლა ჩართო, რომელსაც ორი წუთი დასჭირდა გოლის გასატანად. პსჟ-ს შემტევი ადრიენ რაბიომ შეატოვა მეკარეს და მანაც შეასრულა.
მატჩის ბედი გადაწყდა, მაგრამ გოლები კიდევ გავიდა: 95-ე წუთზე პსჟ-ს კიდევ ერთმა ფეხბურთელმა გაიტანა, ოღონდ იბრაჰიმა მბაიემ, რომელმაც თავის გუნდს იმედი ჩაუსახა, მაგრამ ამაოდ: ერთ წუთში 30 მეტრიდან მბაპემ გაისროლა და დუბლი შეასრულა! ეს მისი მე-13 და მე-14 გოლი იყო მუნდიალზე და პელეს, ჟუსტ ფონტენს და ლიონელ მესის გაუსწრო, გერდ მიულერს გაუთანაბრდა, ხოლო მიროსლავ კლოზეს რეკორდამდე მხოლოდ 2 გოლი აშორებს და დიდი შანსია, მალე მუნდიალების ისტორიაში ყველა დროის ბომბარდირი გახდეს.
საფრანგეთის ნაკრებმა დამაჯერებლად დაიწყო და დაამტკიცა, რომ უდიდესი პოტენციალი აქვს. მით უფრო, რომ ამ შეხვედრაში „მამლებს“ თავისი მაქსიმუმი არ უჩვენებიათ.
საფრანგეთის ნაკრები I ჯგუფის მეორე ტურში 22 ივნისს, ერაყს შეხვდება, ხოლო სენეგალის მეტოქე 23 ივნისს, ნორვეგია იქნება.
საფრანგეთი - სენეგალი 3:1 (0:0)
ნიუ იორკი, ნიუ ჯერსი, „მეტლაიფ სთედიუმი“
საფრანგეთი (4-2-3-1): მენიო; კუნდე, უპამეკანო, სალიბა, ტეო ერნანდესი; ჩუამენი, რაბიო; ოლისე, დემბელე (ბარკოლა 80), დუე (შერკი 87); მბაპე
მწვრთნელი: დიდიე დეშამი
სენეგალი (4-2-3-1): მენდი; დიატა, კულიბალი, ნიახატე, დიუფი; ი. გეიე (სისე 88), პ. გეიე (ნდიაე 83); სარი (მბაიე 75), კამარა (დიარა 76), მანე; ჯექსონი (დიენგი 83)
მწვრთნელი: პაპე ტიაო
გოლები: 1:0 მბაპე (66), 2:0 ბარკოლა (82), 2:1 მბაიე (90), 3:1 მბაპე (90)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (8) – 6 (2) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 6:4 თამაშგარე: 1:3
მსაჯი: ალირეზა ფაღანი (ირანი)
| # | გუნდი | მ (P) | მოგ (W) | ფრ (D) | წაგ (L) | გატ (F) | გაშ (A) | ბალ (GD) | ქულა (Pts) |
| 1 | საფრანგეთი | 1 | 1 | 0 | 0 | 3 | 1 | +2 | 3 |
| 2 | ნორვეგია | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 |
| 3 | ერაყი | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 |
| 4 | სენეგალი | 1 | 0 | 0 | 1 | 1 | 3 | -2 | 0 |







