რაგბი

18:40 | 17.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ავსტრალია

27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით, საქართველო მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატს მეორედ უმასპინძლებს. 2017 წელს თბილისსა და ქუთაისში გამართულმა ჩემპიონატმა, დღემდე ჩატარებულ ტურნირებს შორის, მსოფლიო რაგბისგან საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.

წელს ახალგაზრდულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობა 12-იდან 16-მდე გაიზარდა და შედეგად, როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში, ქომაგს 20-20 უმაღლესი დონის თამაშის ხილვის შესაძლებლობა ექნება. ერთმანეთს შეერკინებიან მსოფლიო რაგბის 16 წამყვანი ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრებები, რომლებიც დაკომპლექტებული არიან იმ ამომავალი ვარსკვლავებით, რომლებიც მომავალში არაერთ დაუვიწყარ წუთს გვაჩუქებენ - უკვე კაცთა რაგბში!

2008 წელს დაარსებულმა 20-წლამდელთა ჩემპიონატმა, ელიტურ რაგბს უკვე გამოუწრთო 500-ზე მეტი უმაღლესი დონის მორაგბე. მათგან რამდენიმე ათეული მოთამაშე, საკუთარი ჯადოქრობით სამუდამოდ იპყრობს ქომაგთა გულებს და კვირიდან კვირამდე ამყოფებს მათ მუდმივი მოლოდინის რეჟიმში, რათა კიდევ ერთხელ იხილონ თავიანთი კუმირის მორიგი გაელვება.

მომავალი ვარსკვლავების ახალი ტალღა, 16 ქვეყნის ჯამში 500-მდე მორაგბე, საერთაშორისო ასპარეზზე პირველად სწორედ ქართველი ქომაგის წინაშე, თბილისსა და ქუთაისში გაიბრწყინებს! არ გაუშვა ხელიდან ეს შესანიშნავი შესაძლებლობა!

ავსტრალია

ავსტრალიის 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატში მეთექვსმეტედ თამაშობს. ის დ ჯგუფში საფრანგეთთან, ესპანეთთან და ფიჯისთან მოხვდა.

ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს ავსტრალია ქუთაისში, “აია არენაზე” გამართავს და 27 ივნისს, 20:30 საათზე ესპანეთს; 2 ივლისს 15:30 საათზე ფიჯის; ხოლო 7 ივლისს 18:00 საათზე საფრანგეთს ეთამაშება, რის შემდეგაც, ჯგუფში დაკავებული ადგილის მიხედვით, შესაბამის ფლეი ოფში (ნახევარფინალი და ფინალი) გადაინაცვლებს.

ავსტრალიის 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატში რეგულარულად მონაწილეობს. 2008 წლიდან დღემდე გამართული 15 ტურნირიდან (2020-2022 წლებში ჩემპიონატი კოვიდ-პანდემიის გამო არ ჩატარდა) ორში, მან მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედლებს დაეუფლა, რაც ჯერჯერობით გუნდის საუკეთესო შედეგია: 2010 წელს ფინალში ახალ ზელანდიასთან 17:62, ხოლო 2019-ში საფრანგეთთან 23:24 დამარცხდა.

გარდა ამისა, ავსტრალიელებმა 2011 წელს ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, 2009 წელს კი მეოთხე ადგილს დასჯერდნენ.

“ჯუნიორ ვოლაბისმა” (ავსტრალიის 20-წლამდელთა ნაკრების თიკუნი), ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თავისი სადებიუტო მატჩი 2008 წლის 6 ივნისს კანადასთან გამართა და 81:12 გაიმარჯვა. მათ რეკორდული სხვაობით 2009 წელს კანადა დაამარცხეს - 86:0, თავად კი 2025 წელს სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდნენ - 17:73.

მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ავსტრალიას სხვებზე ერთით ნაკლები, 74 თამაში აქვს ჩატარებული (44 მოგება, 1 ფრე, 29 წაგება), რადგან 2024 წელს, ქეიფთაუნში (სამხრეთ აფრიკა) მოსული ძლიერი წვიმის გამო, “ეთლონ სთედიუმის” მოედანი დაიტბორა და 9 ივლისს ირლანდიასთან მატჩი (ჯგუფური ეტაპის) არ შედგა. შარშან “ჯუნიორ ვოლაბისმა” მე-5 ადგილი დაიკავა (ინგლისთან 68:40 გამარჯვებით).

ავსტრალიის 20-წლამდელთა ნაკრები 2015-2019 და 2022 წლებში, ოკეანეთის 20-წლამდელთა ჩემპიონატში (4 გუნდი თითო წელს) თამაშობდა, სადაც ავსტრალიასა და ახალ ზელანდიასთან ერთად, სხვადასხვა დროს ფიჯი, სამოა, ტონგა ან იაპონია მონაწილეობდა, 2022 წელს კი მათ არგენტინაც შეუერთდა. “ჯუნიორ ვოლაბისი” მისი გამარჯვებული 2019 წელს გახდა. 2024 წელს 20-წლამდელთა ჩემპიონატი დაარსდა, რომელშიც ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, არგენტინა და ავსტრალია მონაწილეობენ და “ჯუნიორ ვოლაბისმა” 2025 წელს მეორე ადგილი დაიკავეს, ორჯერ კი მეოთხე ადგილზე დარჩნენ.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.164191