ნორვეგიის ნაკრების თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის დუბლმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ერაყთან 4:1 მოგებულ მატჩში, ქალაქ ბერგენში მიკროსეისმური ვიბრაციები გამოიწვია. NORSAR-ის სეისმოლოგიურმა ინსტიტუტმა ვიბრაციები დააფიქსირა, რომლებიც თავდამსხმელის გოლებს ემთხვეოდა.
„ყველაზე ინტენსიური ვიბრაციები ერლინგ ბრაუტ ჰოლანდის გოლებს დაემთხვა, რამაც ნორვეგიელი გულშემატკივრების ხმამაღალი შეძახილები გამოიწვია“, - განაცხადა NORSAR-მა.
ექსპერტებმა განმარტეს, რომ ვიბრაციები მიწისძვრა არ იყო. „როდესაც ბევრი ადამიანი ერთდროულად რეაგირებს მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებებზე, მათმა კომბინირებულმა მოძრაობებმა შეიძლება შექმნას ვიბრაციები მიწაში, რომლებიც აღირიცხება მგრძნობიარე სეისმომეტრებით“, - დასძინა ინსტიტუტმა. სიგნალები ბერგენში მდებარე სადგურმა დააფიქსირა, სადაც ათასობით მაყურებელი ადევნებდა თვალყურს მატჩს, მიუხედავად იმისა, რომ ის ადგილობრივი დროით შუაღამის შემდეგ დაიწყო.
ჰოლანდმა პირველი გოლი 29-ე წუთზე გაიტანა. ტაიმის დასრულებამდე კი ანგარიში გააორმაგა. ეს ნორვეგიის პირველი გოლები იყო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 1998 წლის შემდეგ. ნორვეგია შემდეგ მატჩს 23 ივნისს სენეგალის წინააღმდეგ გამართავს.







