ვეტერანი მწვრთნელი კარლოს ალბერტო პარეირა რიო-დე-ჟანეიროს საავადმყოფოში მოათავსეს. 83 წლის სპეციალისტი, რომელმაც „სელესაო“ 1994 წელს აშშ-ში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვებამდე მიიყვანა, თითქმის სამი წელია, ლიმფური სისტემის ავთვისებიან სიმსივნეს, ჰოჯკინის ლიმფომას ებრძვის.
საავადმყოფო „სამარიტანო ბარამ“ თავდაპირველად უარი თქვა პარეირას ჯანმრთელობის შესახებ დამატებითი დეტალების მიწოდებაზე, მისი კონფიდენციალურობის დასაცავად. მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაზე მეტი გამოსვლით რეკორდსმენმა მწვრთნელმა თავისი ავადმყოფობის შესახებ საჯაროდ განაცხადა 2024 წლის იანვარში, ოთხთვიანი ქიმიოთერაპიის გავლის შემდეგ.
პარეირა მსოფლიოს ჩემპიონატის სცენაზე პირველად მარიო ზაგალოს შტაბში, ფიზიკური მომზადების მწვრთნელად 1970 წელს, ბრაზილიის ტრიუმფის დროს გამოჩნდა.
მთავარი მწვრთნელის რანგში, მან მსოფლიოს ჩემპიონატებზე არა მხოლოდ „სელესაოს“ (1994, 2006), არამედ საუდის არაბეთს (1998), არაბთა გაერთიანებულ საამიროებს (1990), ქუვეითსა (1982) და სამხრეთ აფრიკას (2010) უხელმძღვანელა.







