რაგბი

13:43 | 19.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - საფრანგეთი

27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით, საქართველო მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატს მეორედ უმასპინძლებს. 2017 წელს თბილისსა და ქუთაისში გამართულმა ჩემპიონატმა, დღემდე ჩატარებულ ტურნირებს შორის, მსოფლიო რაგბისგან საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.

წელს ახალგაზრდულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობა 12-იდან 16-მდე გაიზარდა და შედეგად, როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში, ქომაგს 20-20 უმაღლესი დონის თამაშის ხილვის შესაძლებლობა ექნება. ერთმანეთს შეერკინებიან მსოფლიო რაგბის 16 წამყვანი ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრებები, რომლებიც დაკომპლექტებული არიან იმ ამომავალი ვარსკვლავებით, რომლებიც მომავალში არაერთ დაუვიწყარ წუთს გვაჩუქებენ - უკვე კაცთა რაგბში!

2008 წელს დაარსებულმა 20-წლამდელთა ჩემპიონატმა, ელიტურ რაგბს უკვე გამოუწრთო 500-ზე მეტი უმაღლესი დონის მორაგბე. მათგან რამდენიმე ათეული მოთამაშე, საკუთარი ჯადოქრობით სამუდამოდ იპყრობს ქომაგთა გულებს და კვირიდან კვირამდე ამყოფებს მათ მუდმივი მოლოდინის რეჟიმში, რათა კიდევ ერთხელ იხილონ თავიანთი კუმირის მორიგი გაელვება.

მომავალი ვარსკვლავების ახალი ტალღა, 16 ქვეყნის ჯამში 500-მდე მორაგბე, საერთაშორისო ასპარეზზე პირველად სწორედ ქართველი ქომაგის წინაშე, თბილისსა და ქუთაისში გაიბრწყინებს! არ გაუშვა ხელიდან ეს შესანიშნავი შესაძლებლობა!

საფრანგეთი

საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატში მეთექვსმეტედ თამაშობს. ის დ ჯგუფში ავსტრალიასთან, ესპანეთთან და ფიჯისთან მოხვდა.

ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს საფრანგეთი ქუთაისში, “აია არენაზე” გამართავს და 27 ივნისს, 18:00 საათზე ფიჯის; 2 ივლისს 13:00 საათზე ესპანეთს; ხოლო 7 ივლისს 18:00 საათზე ავსტრალიას ეთამაშება, რის შემდეგაც, ჯგუფში დაკავებული ადგილის მიხედვით, შესაბამის ფლეი ოფში (ნახევარფინალი და ფინალი) გადაინაცვლებს.

საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატში რეგულარულად მონაწილეობს. 2008 წლიდან დღემდე გამართული 15 ტურნირიდან (2020-2022 წლებში ჩემპიონატი კოვიდ-პანდემიის გამო არ ჩატარდა) სამში, საფრანგეთმა ჩემპიონის ტიტული მოიპოვა: 2018 წელს ფინალში ინგლისი 33:25 დაამარცხა; 2019 წელს ავსტრალია 24:23; ხოლო 2023 წელს ირლანდია 50:14.

2024 წელს ფრანგებმა პოზიციები დათმეს, ფინალში ინგლისთან 13:21 დამარცხდნენ და ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ. საფრანგეთი მედლების მოპოვებასთან კიდევ ოთხჯერ იყო ახლოს, თუმცა 2011, 2015, 2017 და 2025 წლებში, მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა.

2008 წლიდან საფრანგეთი 20-წლამდელთა ექვს ერზეც თამაშობს და ჩემპიონის ტიტული ხუთჯერ (2009, 2014, 2018, 2025 და 2026 წლები) მოიპოვა - აქედან სამი გრანდ სლემით (ყველა მეტოქის დამარცხება) – 2009, 2014 და 2026 წლებში. ის 9-ჯერ მეორე ადგილზე გავიდა.

საფრანგეთმა სადებიუტო მატჩში სწორედ ექვს ერზე გამართა და 2008 წლის 1 თებერვალს შოტლანდია 12:6 დაამარცხა. ამავე წლის 6 ივნისს მათ დებიუტი მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჰქონდათ და იაპონიას 53:17 აჯობეს. ფრანგებმა რეკორდული სხვაობით ასევე იაპონიას, 2023 წელს მოუგეს (75:12), თავად კი ყველაზე დიდი სხვაობით ახალ ზელანდიასთან 2015 წელს დამარცხდნენ (7:45).

მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გამართული 75 მატჩიდან, ფრანგებმა მოიგეს 51, ერთი ფრედ დაასრულეს, 23-ში კი მარცხი განიცადეს. შარშან ისინი მეოთხე ადგილს დასჯერდნენ. ფრანგი მორაგბე ტურნირის საუკეთესო მორაგბე ორჯერ გახდა - 2018 წელს ჯორდან ჯოზეფი და 2023 წელს მარკო გაზოტი.

საფრანგეთში რაგბი სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა. გულშემატკივრების რაოდენობით, ის ევროპაში მეორე ადგილს იკავებს (უელსის შემდეგ). გამოკითხვის თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის 42% რაგბის გულშემატკივარია.

ბრიტანელმა მაცხოვრებლებმა 1872 წელს დააარსეს პირველი კლუბი ‘ლე ჰავრ ატლეტიკი’, რომელიც ფეხბურთისა და რაგბის ნაზავს თამაშობდა, ნელ-ნელა კი წმინდად სარაგბო კლუბები ჩამოყალიბდა და 1892 წელს, საფრანგეთის სპორტის კავშირის ორგანიზებით, პირველი ჩემპიონატი ჩატარდა. საფრანგეთის სპორტის კავშირი ფრანგულ რაგბს 1919 წლამდე, საფრაგეთის რაგბის კავშირის ჩამოყალიბებამდე მართავდა.

საფრანგეთის რაგბის კავშირმა 1934 წელს FIRA დააარსა, რომელიც დღევანდელი რაგბი ევროპის წინამორბედი ორგანიზაცია. თავდაპირველად მასში საფრანგეთთან ერთად იტალია, კატალონია, ჩეხოსლოვაკია, რუმინეთი და გერმანია გაერთიანდნენ. 1978 წელს საფრანგეთი მსოფლიო რაგბის წევრი გახდა.

ფრანგული მხარის ინიციატივით, 1900 წელს 15-კაცა რაგბი პირველად გამოჩნდა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე და მასპინძლებმა გერმანელებისა და დიდი ბრიტანელების დამარცხებით, ოქროს მედლები მოიპოვეს. მაგრამ მაშინ საფრანგეთი ეროვნული გუნდით არ იყო წარმოდგენილი და ამიტომ, პირველი საერთაშორისო თამაში მხოლოდ 1906 წელს, ახალ ზელანდიასთან გამართა - პარიზში სტუმრებმა 38:8 გაიმარჯვეს.

საფრანგეთის ნაკრებმა ოლიმპიადაზე კიდევ ორჯერ - 1920 და 1924 წლებში ითამაშა, თუმცა ორივეჯერ აშშ-სთან დამარცხდა და მეორე ადგილს დასჯერდა. 1910 წელს “ლე ბლე” (საფრანგეთის ნაკრების თიკუნი “ლურჯები”) ინგლისს, ირლანდიას, უელსს და შოტლანდიას ხუთ ერში (ექვსი ერის წინამორბედი) შეუერთდნენ, საიდანაც 1931 წელს გარიცხეს, თუმცა ამ გათამაშებაში 1947 წელს ისევ დაბრუნდნენ.

“ლურჯები” ხუთი ერის გამარჯვებულები პირველად 1954 წელს გახდნენ, თუმცა ტიტული ინგლისთან და უელსთან გაიზიარეს, ერთპიროვნული გამარჯვება კი 1959 წელს მოიპოვეს. ჯამში საფრანგეთი 20-ჯერ გახდა ხუთი ერის ჩემპიონი (12-ჯერ ერთპიროვნულად, 8-ჯერ გაზიარებით), 2000 წლის შემდეგ კი, 8-ჯერ მოიგო ექვსი ერი.

1987 წლიდან დღემდე, “ლე ბლემ” ყველა მსოფლიო თასზე (10) ითამაშა და სამჯერ გავიდა ფინალში, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში სამივეჯერ (1987, 1999, 2011) დამარცხდა. 1995 წელს მათ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, 2003 და 2007 წლებში კი მეოთხე ადგილს დასჯერდნენ. საფრანგეთმა რეკორდული გამარჯვება - 96:0, 2023 წელს ნამიბიასთან მოიპოვა, თავად კი ყველაზე დიდი სხვაობით 2007 წელს ახალ ზელანდიასთან დამარცხდა - 10:61.

საფრანგეთის ნაკრები მსოფლიო რაგბის რეიტინგს 2022 წელს ლიდერობდა. ამჟამად ის 87.46 ქულით მეოთხე ადგილზეა.

ქვეყანაში 1889 კლუბი და 365-ათასამდე მოთამაშეა რეგისტრირებული. შიდა ჩემპიონატი - ტოპ 14, მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესია და ფრანგული კლუბებიც ხშირად ხდებიან ევროპის პროფესიულ საკლუბო რაგბის ტურნირების - ჩემპიონთა და ჩელენჯ თასების გამარჯვებული.

საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრებიდან ეროვნულში რამდენიმე ათეული მორაგბე დაწინაურდა: ანტუან დუპონი, რამან ნტამაკი, ტომა რამო, პეატო მაუვაკა, კამერონ ვოკი, დემბა ბამბა, ჯორდან ჯოზეფი, მოეფანა და სხვები.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.167806