26 წლის საყრდენი ნახევარმცველი, ავაკა ეშეტე კარიერას "ბათუმის დინამოში" გააგრძელებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებულია.
როგორც ცნობილი ხდება, ისრაელელმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და აჭარულ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა.
ავაკა ეშეტე იერუსალიმის "ჰაპოელის" აღზრდილია და მთელი პროფესიული კარიერა სწორედ ამ კლუბში გაატარა. პირველ გუნდში მისი დებიუტი 2016 წელს შედგა. მას შემდეგ ავაკამ ჰაპოელის მაისურით 229 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 10 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. იგი გუნდის კაპიტანი გახლდათ და ისრაელის ჩემპიონატში არაერთი გამორჩეული მატჩი აქვს ჩატარებული.
ავაკა ეშეტე უკვე შეუერთდა გუნდს და დღეს დინამოსთან ერთად პირველ ვარჯიშს ჩაატარებს. 22 ივნისს კი, როდესაც საქართველოში სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება, კლუბი ტრანსფერს ოფიციალურად დაარეგისტრირებს, რის შემდეგაც მას ოფიციალურ მატჩებში თამაშის უფლება მიეცემა.





