27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით, საქართველო მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატს მეორედ უმასპინძლებს. 2017 წელს თბილისსა და ქუთაისში გამართულმა ჩემპიონატმა, დღემდე ჩატარებულ ტურნირებს შორის, მსოფლიო რაგბისგან საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.
წელს ახალგაზრდულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობა 12-იდან 16-მდე გაიზარდა და შედეგად, როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში, ქომაგს 20-20 უმაღლესი დონის თამაშის ხილვის შესაძლებლობა ექნება. ერთმანეთს შეერკინებიან მსოფლიო რაგბის 16 წამყვანი ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრებები, რომლებიც დაკომპლექტებული არიან იმ ამომავალი ვარსკვლავებით, რომლებიც მომავალში არაერთ დაუვიწყარ წუთს გვაჩუქებენ - უკვე კაცთა რაგბში!
2008 წელს დაარსებულმა 20-წლამდელთა ჩემპიონატმა, ელიტურ რაგბს უკვე გამოუწრთო 500-ზე მეტი უმაღლესი დონის მორაგბე. მათგან რამდენიმე ათეული მოთამაშე, საკუთარი ჯადოქრობით სამუდამოდ იპყრობს ქომაგთა გულებს და კვირიდან კვირამდე ამყოფებს მათ მუდმივი მოლოდინის რეჟიმში, რათა კიდევ ერთხელ იხილონ თავიანთი კუმირის მორიგი გაელვება.
მომავალი ვარსკვლავების ახალი ტალღა, 16 ქვეყნის ჯამში 500-მდე მორაგბე, საერთაშორისო ასპარეზზე პირველად სწორედ ქართველი ქომაგის წინაშე, თბილისსა და ქუთაისში გაიბრწყინებს! არ გაუშვა ხელიდან ეს შესანიშნავი შესაძლებლობა!
ინგლისი
ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატში მეთექვსმეტედ თამაშობს. ის გ ჯგუფში არგენტინასთან, ირლანდიასთან და აშშ-სთან მოხვდა.
ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს ინგლისი თბილისში, “ავჭალაზე” გამართავს და 27 ივნისს, 15:30 საათზე ირლანდიას; 2 ივლისს 18:00 საათზე აშშ-ს; ხოლო 7 ივლისს 15:30 საათზე არგენტინას ეთამაშება, რის შემდეგაც, ჯგუფში დაკავებული ადგილის მიხედვით, შესაბამის ფლეი ოფში (ნახევარფინალი და ფინალი) გადაინაცვლებს.
ინგლისს მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში 10-ჯერ (15 ტურნირიდან) უთამაშია და 4-ჯერ ოქროს, 6-ჯერ კი ვერცხლის მედლებს დაეუფლა. ინგლისზე მეტჯერ ფინალში არცერთი გუნდი გასულა, თუმცა მოპოვებული ჩემპიონობის რაოდენობით ის მეორე ადგილზეა (ჩამორჩება ახალ ზელანდიას), ვერცხლის მედლებით კი პირველობას არავის უთმობს და მინიმუმ 5 წელია ასე იქნება.
ინგლისმა ჩემპიონობა 2013 (ფინალში უელსი 23:15 დაამარცხა), 2014 (ფინალში სამხრეთ აფრიკა 21:20 დაამარცხა), 2016 (ფინალში ირლანდია 45:21 დაამარცხა) და 2024 (ფინალში საფრანგეთი 21:13 დაამარცხა) წლებში მოიპოვა. მეორე ადგილს ის 2008, 2009, 2011, 2015, 2017 და 2018 წლებში ფლობდა.
2008 წლიდან გუნდი 20-წლამდელთა ექვს ერზეც თამაშობს და ჩემპიონის ტიტული 8-ჯერ მოიპოვა (2008, 2011, 2012, 2013, 2015, 2017, 2021, 2024), აქედან 4-ჯერ გრანდ სლემით (ყველა მეტოქის დამარცხება).
ინგლისის 20-წლამდელებმა ისტორიაში პირველი ოფიციალური შეხვედრა სწორედ ექვს ერზე, 2008 წლის 1 თებერვალს გამართეს და უელსი 28:15 დაამარცხეს, ხოლო ამავე წლის 6 ივნისს, ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრაში ფიჯის 41:17 მოუგეს. ყველაზე დიდი სხვაობით მათ 2013 წელს აშშ-ს მოუგეს - 109:0, თავად კი 2017 წლის ფინალში თბილისში, “მიხეილ მესხზე” ახალ ზელანდიასთან დამარცხდნენ - 17:64.
რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჩატარებული 75 მატჩიდან ინგლისმა 56 მოიგო, ორი ფრედ დაასრულა, 17-ში კი მარცხი განიცადა. ინგლისის ნაკრებიდან ტურნირის საუკეთესო მოთამაშე 2011 წელს ჯორჯ ფორდი, 2015 წელს ჯეიმს ჩეზამი და 2024 წელს ჰენრი პოლოკი გახდნენ. შარშან გუნდმა ჩემპიონატი მე-6 ადგილზე დაასრულა.
ინგლისი რაგბის სამშობლოა. ეს უნიკალური თამაში ქალაქ რაგბიში 1823 წელს დაიბადა. ლეგენდის თანახმად, ბურთი ხელში პირველად უილიამ ვებ ელისმა აიტაცა, ვის სახელსაც უმთავრესი სარაგბო ჯილდო - კაცთა მსოფლიო თასი ატარებს. ინგლისის რაგბის კავშირი 1871 წელს დაარსდა, მსოფლიო რაგბის წინამორბედ ორგანიზაციას (რაგბის საერთაშორისო საბჭო) კი, რომელიც შოტლანდიამ, უელსმა და ირლანდიამ 1886 წელს დააფუძნეს, 1890 წელს შეუერთდა.
ინგლისის ნაკრებმა, რომლის თიკუნიც “წითელი ვარდია”, პირველი საერთაშორისო შეხვედრა 1871 წელს ედინბურგში, მასპინძელი შოტლანდიის წინააღმდეგ გამართა და 0:1 დამარცხდა. ეს იყო პირველი საერთაშორისო შეხვედრა რაგბის ისტორიაში და სწორედ აქედან იღებს სათავეს ის სანაკრებო მატჩები, რომელიც გულშემატკივარს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს.
1883 წლიდან, ინგლისი ექვსი ერის წინამორბედ ტურნირში - Home Nations-ში ჩაერთო, თუმცა მას შემდეგ, რაც რაგბის საერთაშორისო საბჭოში გაწევრიანებაზე უარი თქვა, ის შოტლანდიამ, უელსმა და ირლანდიამ ტურნირიდან გარიცხეს და 1888 და 1889 წლების გათამაშება გამოტოვა. მსოფლიო რაგბის საბჭოში შისვლის შემდეგ (1890 წელი), ინგლისი ექვსი ერის გათამაშებას დაუბრუნდა.
ამრიგად, განვლილი 132 გათამაშებიდან ინგლისმა მონაწილეობა მიიღო 130 გათამაშებაში, თუმცა დღემდე მაინც ყველაზე მეტი ტიტული აქვს მოპოვებული - 29 ერთპიროვნულად (5 - Home Nations, 17 - ხუთი ერი, 7 ექვსი ერის) და 10 გაზიარებით (4 - Home Nations, 6 - ხუთი ერი). აღსანიშნავია, რომ იტალიის დამატების შემდეგ (2000 წლიდან), ინგლისი ექვსი ერის ჩემპიონობით მეორე ადგილზეა და ერთით ჩამორჩება საფრანგეთს. ბოლოს მან პირველი ადგილი 2020 წელს დაიკავა.
1987 წლიდან დღემდე, “ვარდებმა” ყველა მსოფლიო თასზე (10) ითამაშა. ის ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, რომელმაც ჩემპიონის ტიტული მოიპოვა - 2003 წელს. ინგლისმა 3-ჯერ დათმო ფინალი და ვერცხლის მედლებს დაეუფლა (1991, 2007, 2019), ერთხელ კი მესამე ადგილს (2023) დასჯერდა.
“ვარდებმა” არსებობის მანძილზე რეკორდული გამარჯვება 2001 წელს რუმინეთთან მოიპოვა - 134:0, თავად კი ყველაზე დიდი სხვაობით 1998 წელს ავსტრალიასთან დამარცხდა - 0:76.
ინგლისში 2 100-მდე სარაგბო კლუბია რეგისტრირებული, მოთამაშეთა რაოდენობა კი 340-ათასზე მეტია. უმაღლესი ლიგის - პრემიერშიფის კლუბები, რეგულარულად მონაწილეობენ ევროპის პროფესიულ საკლუბო რაგბის ტურნირებში - ჩემპიონთა და ჩელენჯ თასებზე და არაერთხელ გამხდარან მისი გამარჯვებული.
ინგლისის ნაკრები მსოფლიო რაგბის რეიტინგში პირველ ადგილს 2003 და 2019 წლებში იკავებდა. ამჟამად ის 83.91 ქულით მე-6 პოზიციაზეა.
ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრებიდან ეროვნულში არაერთი ვარსკვლავი დაწინაურებულა. მათ შორის არიან ოუენ ფარელი, ჯორჯ ფორდი, მარო იტოჯე, ჯეიმი ჯორჯი, ჯეკ ნოუელი, ჯონათან ჯოზეფი, ბილი ვუნიპოლა, ბენ იანგსი, ელის გენჯი, ჰენრი პოლოკი და სხვა მრავალი.
RUGBY.GE







