ფეხბურთი

20:45 | 20.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

რონალდ კუმანმა ნიდერლანდებისა და შვედეთის მატჩის მოლოდინები გააზიარა

ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა 2026 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის F ჯგუფის შვედეთთან მატჩის წინ მოლოდინები გააზიარა. თამაში დღეს, 20 ივნისს, ჰიუსტონში (აშშ) გაიმართება და თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.

„რთული იქნება შანსების შექმნა და სივრცის ათვისება. ვფიქრობ, მათი უდიდესი ძალა ის არის, რომ თავდაცვით პოზიციაში ბურთს იბრუნებენ და შემდეგ სწრაფად გადადიან კონტრშეტევაზე.

მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანა ვართ, მაინც შესანიშნავ საფეხბურთო ერს წარმოვადგენთ. ამით ყველანი ვამაყობთ. მნიშვნელოვანი ტურნირების დროს ყველა ნამდვილად მთელ თავის ძალას დებს თამაშში. მხარდაჭერა, რომელსაც ამ მომენტებში ვიღებთ, ყოველთვის უზარმაზარია. ზოგიერთი ცვლილება არახელსაყრელი იყო და ამაზე პასუხისმგებლობას ვიღებ. ვიცით, რომ ნიდერლანდებზე ყოველთვის არის ზეწოლა. მრავალი წლის განმავლობაში ვთამაშობდი ნაკრებში და იგივე იყო. ჩვენ „პატარები“ ვართ, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება გვინდა. ძლიერი გუნდი გვყავს. იაპონიასთან ფრედ დამთავრებული მატჩის შემდეგ, სამი ქულა გვჭირდება“, - განაცხადა კუმანმა ფიფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

F ჯგუფის პირველ რაუნდში ნიდერლანდებმა იაპონიასთან ფრედ ითამაშეს (2:2), ხოლო შვედეთმა ტუნისი (5:1) დაამარცხა. ბოლო ტურში ნიდერლანდები ტუნისს დაუპირისპირდებიან (26 ივნისი), ხოლო შვედეთი იაპონიას (ასევე 26 ივნისი).

ჯგუფური ეტაპი 11-დან 27 ივნისის ჩათვლით გაიმართება. გუნდები სამ-სამ მატჩს ჩაატარებენ. თითოეული ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი, რვა მესამე ადგილზე გასულ გუნდთან ერთად, პლეი-ოფში გავა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09823