მადრიდის „რეალმა“ განცხადება გაავრცელა მიუნხენის „ბაიერნის“ გარემარბის, მაიკლ ოლისეს შესაძლო ტრანსფერის შესახებ ჭორების გამო.
„სხვადასხვა მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, რომელიც ჩვენი კლუბის მიერ „ბაიერნის“ ფეხბურთელის, მაიკლ ოლისეს მიმართ სავარაუდო ინტერესს ეხება, მადრიდის „რეალი“ აცხადებს, რომ მას არ ჰქონია პირდაპირი ან ირიბი კონტაქტი ზემოხსენებულ ფეხბურთელთან, მის წარმომადგენლებთან ან მასთან დაახლოებულ პირთან.
მადრიდის „რეალი“ ასევე ხაზს უსვამს მიუნხენის „ბაიერნთან“ შენარჩუნებულ შესანიშნავ ინსტიტუციურ ურთიერთობას, რომელთანაც მას ურთიერთპატივისცემის და თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია აკავშირებს და სინანულს გამოთქვამს არასწორი სპეკულაციების გავრცელების გამო.
ორივე კლუბი ყოველთვის ინარჩუნებდა ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობას, რაც, სხვა საკითხებთან ერთად, გამოიხატება იმ საერთო რწმენაში, რომ მეორე კლუბის ფეხბურთელის მიმართ ნებისმიერი პოტენციური ინტერესი ჯერ თავად კლუბებს შორის უნდა გადაწყდეს, ინსტიტუციური ლოიალობის პრინციპების შესაბამისად, რომლებიც ისტორიულად არეგულირებდა „ბაიერნსა“ და „რეალს“ შორის ურთიერთობას, ნათქვამია მადრიდის კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
ფრანგი ნახევარმცველის მიმართ მადრიდის „რეალის“ ინტერესის შესახებ ადრე იუწყებოდა ინსაიდერი ფაბრიციო რომანო, ასევე Marca, Mundo Deportivo და AS.





