რაგბი

14:05 | 21.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ახალი ზელანდია

27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით, საქართველო მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატს მეორედ უმასპინძლებს. 2017 წელს თბილისსა და ქუთაისში გამართულმა ჩემპიონატმა, დღემდე ჩატარებულ ტურნირებს შორის, მსოფლიო რაგბისგან საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.

წელს ახალგაზრდულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობა 12-იდან 16-მდე გაიზარდა და შედეგად, როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში, ქომაგს 20-20 უმაღლესი დონის თამაშის ხილვის შესაძლებლობა ექნება. ერთმანეთს შეერკინებიან მსოფლიო რაგბის 16 წამყვანი ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრებები, რომლებიც დაკომპლექტებული არიან იმ ამომავალი ვარსკვლავებით, რომლებიც მომავალში არაერთ დაუვიწყარ წუთს გვაჩუქებენ - უკვე კაცთა რაგბში!

2008 წელს დაარსებულმა 20-წლამდელთა ჩემპიონატმა, ელიტურ რაგბს უკვე გამოუწრთო 500-ზე მეტი უმაღლესი დონის მორაგბე. მათგან რამდენიმე ათეული მოთამაშე, საკუთარი ჯადოქრობით სამუდამოდ იპყრობს ქომაგთა გულებს და კვირიდან კვირამდე ამყოფებს მათ მუდმივი მოლოდინის რეჟიმში, რათა კიდევ ერთხელ იხილონ თავიანთი კუმირის მორიგი გაელვება.

მომავალი ვარსკვლავების ახალი ტალღა, 16 ქვეყნის ჯამში 500-მდე მორაგბე, საერთაშორისო ასპარეზზე პირველად სწორედ ქართველი ქომაგის წინაშე, თბილისსა და ქუთაისში გაიბრწყინებს! არ გაუშვა ხელიდან ეს შესანიშნავი შესაძლებლობა!

ახალი ზელანდია

ახალი ზელანდიის 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატში მეთექვსმეტედ თამაშობს. ის ბ ჯგუფში იტალიასთან, შოტლანდიასთან და იაპონიასთან მოხვდა.

ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს ახალი ზელანდია ქუთაისში, “აია არენაზე” გამართავს და 27 ივნისს, 15:30 საათზე იაპონიას; 2 ივლისს 18:00 საათზე შოტლანდიას; ხოლო 7 ივლისს 13:00 საათზე იტალიას ეთამაშება, რის შემდეგაც, ჯგუფში დაკავებული ადგილის მიხედვით, შესაბამის ფლეი ოფში (ნახევარფინალი და ფინალი) გადაინაცვლებს.

“ჯუნიორ ოლ ბლექსს” მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატი ყველაზე მეტჯერ - 6-ჯერ აქვს მოგებული, თუმცა თასი ბოლოს 2017 წელს, საქართველოში შემართა. მას შემდეგ ის ფინალში მხოლოდ შარშანღა დაბრუნდა, მაგრამ გადამწყვეტი მატჩი სამხრეთ აფრიკასთან დათმო (15:23). 6 ოქროს გარდა, მათ ანგარიშზე ორ-ორი ვერცხლისა (2012 და 2025) და ბრინჯაოს (2014 და 2024) მედლებია.

ახალმა ზელანდიამ პირველი ოთხი ჩემპიონობა მიჯრით მოიგო: ფინალში მან 2008 და 2009 წელს ინგლისი დაამარცხა, შესაბამისად - 38:3 და 44:28; 2010 წელს ავსტრალია - 62:17; ხოლო 2011 წელს, ისევ ინგლისი - 33:22. 2015 წელს “ჯუნიორ ოლ ბლექსმა” გადამწყვეტ მატჩში ინგლისს 21:16 მოუგო, ხოლო 2017 წელს თბილისში, “მიხეილ მესხზე”, ასევე ინგლისს რეკორდული სხვაობით - 64:17 აჯობა.

“ჯუნიორ ოლ ბლექსმა” ისტორიაში პირველი ოფიციალური შეხვედრა 2008 წლის 6 ივნისს გამართა და ტონგა 48:9 დაამარცხა. ყველაზე დიდი სხვაობით მან 2011 წელს უელსს მოუგო - 92:0, თავად კი 2024 წელს საფრანგეთთან დამარცხდა - 31:55.

2024 წლიდან გუნდი სამხრეთ აფრიკასთან, ავსტრალიასთან და არგენტინასთან ერთად, 20-წლამდელთა რაგბი ჩემპიონშიფში (ოთხი ერი) ჩაერთო და პირველი ორი ტურნირი მოიგო, წელს კი სამხრეთ აფრიკის შემდეგ მეორე ადგილს დასჯერდა.

რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჩატარებული 75 მატჩიდან ახალმა ზელანდიამ მოიგო 60 თამაში, 15-ში კი მარცხი განიცადა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშე ზელანდიელი მორაგბე სამჯერ გახდა - 2008 წელს ლუკ ბრეიდი, 2009 წელს აარონ კრუდენი და 2010 წელს ჯულიან სავეა. შარშან გუნდმა ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა.

ცნობილია, რომ ახალი ზელანდიის კუნძულებზე ევროპელების გამოჩენამდე, ადგილობრივი მაორები ბურთით „კი-ო-რახი“-ს თამაშობდნენ, რომელიც ძალიან წააგავდა ავსტრალიურ ფეხბურთსა და რაგბს. ვარაუდობენ, რომ სწორედ ეს ტრადიცია იქცა რაგბის პოპულარობის ერთ-ერთ მიზეზად და ასევე, მან დიდი გავლენა იქონია ზელანდიელთა სათამაშო სტილზე.

რაგბი ზელანდიაში ჯონ მონრომ ჩაიტანა და პირველი თამაში 1870 წელს შედგა. 1875 წლამდე, ის ფაქტობრივად ყველა დიდ ქალაქს მოედო და სწრაფად მოიპოვა პოპულარობა ადგილობრივ მოსახლეობაში. 1879 წელს ქენთერბერისა და ველინგტონში ადგილობრივი რაგბის კავშირები დაარსდა, 1882 წელს კი ახალ ზელანდიას პირველად ეწვია უცხოური გუნდი - ახალი სამხრეთ უელსი (ავსტრალია), მომდევნო წელს კი ზელანდიელები ეწვივნენ ავსტრალიას. 1888 წელს კუნძულებს პირველად ეწვია ბრიტანული გუნდი, ხოლო 1892 წელს ახალი ზელანდიის რაგბის კავშირი დაარსდა. 1949 წელს ის რაგბის საერთაშორისო საბჭოს (მსოფლიო რაგბი) წევრი გახდა.

ახალი ზელანდიის ნაკრებმა პირველი ოფიციალური საერთაშორისო შეხვედრა 1903 წელს ავსტრალიასთან გამართა და 22:3 გაიმარჯვა, 1905 წელს კი პირველად გაემგზავრა ბრიტანულ ტურნეზე და სწორედ იქ ეწოდა „ოლ ბლექსი“, რომელიც დღემდე გუნდის თიკუნად რჩება. მან არსებობის ისტორიაში რეკორდული გამარჯვება 1995 წელს იაპონიასთან მოიპოვა - 145:17, თავად კი ყველაზე დიდი სხვაობით 2025 წელს სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა - 10:43.

1987 წლიდან “ოლ ბლექსი” ყველა მსოფლიო თასის (10) მონაწილეა და სამჯერ გახდა ჩემპიონი - 1987, 2011 და 2015 წლებში, ორჯერ ფინალში დამარცხდა (1995 და 2023), სამჯერ კი ბრინჯაოს მედლებს (1991, 2003, 2019) დასჯერდა. 1996 წლიდან სამხრეთ ნახევარსფეროს უძლიერეს ტურნირში - რაგბი ჩემპიონშიფში თამაშობს (თავდაპირველად სამი ერი - ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა და ავსტრალია, რომელსაც მოგვიანებით არგენტინა დაემატა) და მისი გამარჯვებული 20-ჯერ გახდა (30 ჩემპიონატიდან).

ახალი ზელანდია არაერთხელ ლიდერობდა მსოფლიო რაგბის რეიტინგს, ამჟამად კი 90.33 ქულით მეორე ადგილზეა. ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა 5,3 მილიონია, 450-ზე მეტი სარაგბო კლუბი და 170-ათასზე მეტი მოთამაშეა რეგისტრირებული (აქედან დაახლოებით 15 ათასი სასკოლო რაგბში). ამას ემატება 34-ათასამდე რეგისტრირებული ქალი მორაგბე. გამოკითხვის თანახმად, ახალი ზელანდიის მოსახლეობის 72%, რაგბის აქტიური ქომაგია.

„ჯუნიორ ოლ ბლექსიდან“ ეროვნულ გუნდში ისეთი ვარსკვლავები დაწინაურებულან, როგორებიც არიან ბოდი ბარეტი, სემ კეინი, ბროდი რეტალიკი, ტიჯეი პერენარა, ჩარლზ პიუტაუ, ვაისაკე ნაჰოლო, უილ ჯორდანი და სხვები. 2017 წელს საქართველოში გაჩემპიონებული გუნდიდან „ოლ ბლექსში“ აღზევდნენ ასაფო აუმუა, კალებ კლარკი, ლუკ ჯაკობსი, უილ ჯორდანი და ა.შ.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.168441