მონღოლეთის დედაქალაქ ულანბატორში მიმდინარე გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს საქართველოს ორი მედლის შანსი აქვს.
+100 კგ წონით კატეგორიაში ფინალშია ირაკლი დემეტრაშვილი, რომელმაც მონღოლი ალტანბაგანა განტულგა, იაპონელი კანტა ნაკანო და ნიდერლანდელი იურ სპიკერსი დაამარცხა. ფინალში ქართველის მეტოქე სამხრეთკორეელი მინიონ კიმი იქნება.
100 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოსთვის იბრძოლებს ილია სულამანიძე, რომელმაც პირველ წრეში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილს აჯობა, შემდეგ ტაჯიკი ბაიმირატ მაიანოვს მოუგო, მაგრამ მეოთხედფინალში რუს არმან ადამიანთან წააგო. რეპეშაჟში ილიამ ყაზახი მარატ ბაიკამუროვი დაამარცხა და მედლისთვის ემირატების სახელით მოასპარეზე ჯაფარ კოსტოევს შეხვდება.
90 კგ წონით კატეგორიაში უმედლოდ დარჩა ლუკა ჯავახიშვილი, რომელიც პირველივე შეხვედრაში სერბ ნემანია მაიდოვთან დამარცხდა.
ქალთა შორის +78 კგ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილმა ტაიპეელ ლინ ფან ჩანთან კი მოიგო, მაგრამ შემდეგ ფრანგ სელია სანსანთან წააგო და გამოსვლა დაასრულა.







