კურასაოს ნაკრების მეკარემ, ელოი რომმა ეკვადორის ნაკრებთან მატჩის (0:0) შემდეგ, რომელშიც 15 დარტყმა მოიგერია და მოედანზე საუკეთესო იყო, კომენტარი გააკეთა.
მუნდიალზე 90 წუთში 15 სეივი არავის ჰქონია, მაგრამ რეკორდი მაინც ვერ დაამყარა, რადგან 2014 წელს, ბელგიის წინააღმდეგ აშშ-ს ნაკრების მეკარემ, ტიმ ჰოვარდმა 16 სეივი მიითვალა, თუმცა მან მოედანზე 120 წუთი გაატარა.
„ეს ძალიან უცნაურია, დაბნეული ვარ, ჯერ კიდევ ვერ ვხვდები, რა მოხდა. თავში ახლა ბევრი რამ მაქვს, ყოველთვის მჯეროდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდოდით, ახლა კი ველოდები, რომ კურასაოში ქანდაკებას დამიდგამენ. სამწუხაროა, რომ ჰოვარდის რეკორდი ვერ გავაუმჯობესე, მაგრამ მაინც ვამაყობ“, - თქვა რომმა.
ელოი რომი ბოლო წლებში ამერიკაში თამაშობს, ჯერ „კოლამბუსში“, ამჟამად „მაიამიში“, უთამაშია პსვ ეინდჰოვენშიც, მაგრამ მისი კარიერის უდიდესი ნაწილი არნემის „ვიტესს“ უკავშირდება, სადაც გურამ კაშიას, ვაკო ყაზაიშვილისა და გიორგი ჭანტურიას თანაგუნდელი იყო.







