რაგბი

19:40 | 21.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა

27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით, საქართველო მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატს მეორედ უმასპინძლებს. 2017 წელს თბილისსა და ქუთაისში გამართულმა ჩემპიონატმა, დღემდე ჩატარებულ ტურნირებს შორის, მსოფლიო რაგბისგან საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.

წელს ახალგაზრდულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობა 12-იდან 16-მდე გაიზარდა და შედეგად, როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში, ქომაგს 20-20 უმაღლესი დონის თამაშის ხილვის შესაძლებლობა ექნება. ერთმანეთს შეერკინებიან მსოფლიო რაგბის 16 წამყვანი ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრებები, რომლებიც დაკომპლექტებული არიან იმ ამომავალი ვარსკვლავებით, რომლებიც მომავალში არაერთ დაუვიწყარ წუთს გვაჩუქებენ - უკვე კაცთა რაგბში!

2008 წელს დაარსებულმა 20-წლამდელთა ჩემპიონატმა, ელიტურ რაგბს უკვე გამოუწრთო 500-ზე მეტი უმაღლესი დონის მორაგბე. მათგან რამდენიმე ათეული მოთამაშე, საკუთარი ჯადოქრობით სამუდამოდ იპყრობს ქომაგთა გულებს და კვირიდან კვირამდე ამყოფებს მათ მუდმივი მოლოდინის რეჟიმში, რათა კიდევ ერთხელ იხილონ თავიანთი კუმირის მორიგი გაელვება.

მომავალი ვარსკვლავების ახალი ტალღა, 16 ქვეყნის ჯამში 500-მდე მორაგბე, საერთაშორისო ასპარეზზე პირველად სწორედ ქართველი ქომაგის წინაშე, თბილისსა და ქუთაისში გაიბრწყინებს! არ გაუშვა ხელიდან ეს შესანიშნავი შესაძლებლობა!

სამხრეთ აფრიკა

მოქმედი ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატში მეთექვსმეტედ თამაშობს. ის ა ჯგუფში მასპინძელ საქართველოსთან, უელსთან და ურუგვაისთან მოხვდა.

ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს სამხრეთ აფრიკა თბილისში, “ავჭალაზე” გამართავს და 27 ივნისს, 20:30 საათზე ურუგვაის; 2 ივლისს 20:30 საათზე საქართველოს; ხოლო 7 ივლისს 18:00 საათზე უელსს ეთამაშება, რის შემდეგაც, ჯგუფში დაკავებული ადგილის მიხედვით, შესაბამის ფლეი ოფში (ნახევარფინალი და ფინალი) გადაინაცვლებს.

სამხრეთ აფრიკა მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის ნახევარფინალში ყველაზე მეტჯერ - 13-ჯერ გავიდა, თუმცა ჩემპიონი მხოლოდ ორჯერ გახდა - 2012 და 2025 წლებში. 2012 წელს მან ფინალში ახალი ზელანდია 22:16, ხოლო 2025-ში ასევე “ჯუნიორ ოლ ბლექსი” 23:15 დაამარცხა. 2014 წელს “ჯუნიორ ბოკემ” (გუნდის თიკუნი) ფინალი ინგლისთან 20:21 დათმო, 9-ჯერ კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა.

“ჯუნიორ ბოკემ” ისტორიაში პირველი ოფიციალური შეხვედრა 2008 წლის 6 ივნისს გამართა და აშშ 108:18 დაამარცხა. ყველაზე დიდი სხვაობით მან 2013 წელს ასევე აშშ-ს, 97:0 მოუგო, თავად კი 2016 წელს არგენტინასთან დამარცხდა - 19:49 (მესამე ადგილისთვის).

2024 წლიდან გუნდი ახალ ზელანდიასთან, ავსტრალიასთან და არგენტინასთან ერთად, 20-წლამდელთა რაგბი ჩემპიონშიფში (ოთხი ერი) ჩაერთო და წელს პირველი ადგილი დაიკავა.

რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჩატარებული 75 მატჩიდან სამხრეთ აფრიკამ მოიგო 53 თამაში, ერთი ფრედ დაასრულა, 21-ში კი მარცხი განიცადა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშე სამხრეთ აფრიკელი მორაგბე ოთხჯერ გახდა - 2012 წელს იან სერფონტეინი, 2014 წელს ანდრე პოლარდი, 2017 წელს უარნო ავგუსტუსი და 2025 წელს კი ჰაშიმ პიდი.

ახალგაზრდულ ჩემპიონატებზე საქართველოს სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ ოთხჯერ უთამაშია და ჯერჯერობით ყველა შეხვედრა მეტოქის გამარჯვებით დასრულდა. გარდა ამისა, “ჯუნიორ ბოკეს” სამხრეთ აფრიკის სერიებსა და ამხანაგურ მატჩებში არაერთხელ შევხვედრივართ, მათ შორის სამჯერ 2026 წელს და ყველა თამაში მეტოქის სასარგებლოდ დასრულდა.

სამხრეთ აფრიკაში რაგბი ბრიტანელმა კოლონისტებმა XIX საუკუნის შუა წლებში შეიტანეს. თავდაპირველად ისინი ფეხბურთისა და რაგბის ნაზავს თამაშობდნენ, 1875 წელს კი პირველი წმინდა სარაგბო მატჩი გაიმართა და ამავე წელს პირველი სარაგბო კლუბი დაარსდა. 1883 წლიდან რაგბი ბურებშიც გავრცელდა და მათ მიგრაციასთან ერთად, მთელს ქვეყანას მოედო. 1889 წელს დაარსდა სამხრეთ აფრიკის რაგბის საბჭო და ჩატარდა პირველი ეროვნული ტურნირი.

1889-იდან 1992 წლამდე, თეთრკანიან და ფერადკანიან მოსახლეებს შორის, რაგბი ცალ-ცალკე ვითარდებოდა. აპარტეიდის რეჟიმის დასრულების შემდეგ, რის გამოც სამხრეთ აფრიკა დიდი ხნით საერთაშორისო თამაშებსაც იყო ჩამოშორებული, დაარსდა სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირი და ის იმავე წელს გახდა მსოფლიო რაგბის წევრი.

სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა, რომელსაც 1906 წლიდან „სპრინგბოკი“ ეწოდება, პირველი ოფიციალური საერთაშორისო შეხვედრა ჯერ კიდევ 1891 წელს გამართა და ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებთან 0:4 დამარცხდა. გუნდმა არსებობის ისტორიაში რეკორდული გამარჯვება 2005 წელს ურუგვაისთან მოიპოვა - 134:3, თავად კი ყველაზე დიდი სხვაობით 2017 წელს ახალ ზელანდიასთან დამარცხდა - 0:57.

აპარტეიდის რეჟიმის გამო, „სპრინგბოკმა“ პირველი ორი (1987 და 1991) მსოფლიო თასი გამოტოვა. ის ტურნირში 1995 წლიდან ჩაერთო, მსოფლიო თასს უმასპინძლა და პირველივე ჯერზე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. სამხრეთ აფრიკა მსოფლიოს ჩემპიონი ყველაზე მეტჯერ, ოთხჯერ გამხდარა - 1995, 2007, 2019 და 2022 წლებში, ორჯერ კი ბრინჯაოს მედლებს (1999, 2015) დასჯერდა.

1996 წლიდან “ბოკე” სამხრეთ ნახევარსფეროს უძლიერეს ტურნირში - რაგბი ჩემპიონშიფში თამაშობს (თავდაპირველად სამი ერი - ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა და ავსტრალია, რომელსაც მოგვიანებით არგენტინა დაემატა) და მისი გამარჯვებული 6-ჯერ გახდა (30 ჩემპიონატიდან) – 1998, 2004, 2009, 2019, 2024 და 2025 წლებში.

სამხრეთ აფრიკა არაერთხელ ლიდერობდა მსოფლიო რაგბის რეიტინგს და ამჟამადაც პირველ ადგილს იკავებს - 93.94 ქულით. ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა 65,5 მილიონია, 1500-მდე სარაგბო კლუბი და 600-ათასზე მეტი მოთამაშეა რეგისტრირებული, რასაც ემატება ათასობით სასკოლო გუნდი და მასში ჩართული მოსწავლეები. გამოკითხვის თანახმად, სამხრეთ აფრიკის მოსახლეობის დაახლოებით 70%, რაგბის აქტიური ქომაგია. ეს ყველაფერი მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასობრივ სარაგბო ქვეყანად აქცევს.

„ჯუნიორ ბოკედან“ ეროვნულ გუნდში ისეთი ვარსკვლავები დაწინაურებულან, როგორებიც არიან იან სერფონტეინი, ანდრე პოლარდი, დუ ტოიტი, დამიენ ვილიამსი, მანი ლიბოკო, სალმან მოერატი, კრტ-ლი არენდსე, ჩესლინ კოლბი, უარნო ავგუსტუსი და სხვები.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.165595