ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი კაბო ვერდეს ნაკრებთან მოულოდნელი ფრით დაიწყო და არცთუ კარგი თამაშით, რამაც კრიტიკა გამოიწვია.
ევროპის მოქმედ ჩემპიონს მეორე ტურში საუდის არაბეთთან შეცდომის უფლება აღარ ჰქონდა, არა იმდენად სატურნირო მდგომარეობის, არამედ ფსიქოლოგიური კუთხით. და, „ფურია როხამ“ შეცდომა არ დაუშვა.
მთავარი ამბავი ისაა, რომ ლამინ იამალი ძირითად შემადგენლობაში იყო, მიუხედავად იმისა, რომ 90 წუთის სათამაშოდ მზად არ იყო, რაც თავიდანვე ითქვა. თუმცა, ლამინმა თავისი საქმე გააკეთა და შესვენებაზე შეცვალეს. იქამდე, მან მე-10 წუთზე ახლო მანძილიდან გაიტანა და ანგარიში გახსნა. ეს 18 წლის ფეხბურთელის სადებიუტო გოლია მსოფლიოს ჩემპიონატზე.
თუმცა, პირველი ტაიმის გმირი მაინც სხვა იყო. აი, ის, კაბო ვერდესთან საწყის 30 წუთში ბურთს რომ ვერ შეეხო - ამჯერად, მიკელ ოიარსაბალი ბურთს შეეხო, თან რამდენჯერ და როგორ?! „სოსიედადის“ ფორვარდმა იამალის გოლში საგოლე პასი მიითვალა, მერე კი მეტოქის კარი ორჯერ დალაშქრა და დუბლი შეასრულა, რითაც უინტრიგო მატჩს ინტრიგა საერთოდ მოუკლა.
მეორე ტაიმში ესპანეთის ნაკრები ვარჯიშობდა, მით უფრო, რომ 49-ე წუთზე კიდევ ერთხელ გაიტანა - ჰასან ტამბაკტიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და 4:0. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა, რადგან ესპაენთი აღარ ინდომებდა, საუდის არაბეთს ეს უბრალოდ არ შეეძლო.
სხვათა შორის, ესპანეთმა 2010 წლის შემდეგ, როცა ჩემპიონი გახდა, მუნდიალზე სულ რაღაც მეოთხე თამაში მოიგო (13-დან) - 1 გამარჯვება 2014 წელს, 1 - 2018 წელს, 1 -2022 წელს და 1 - ახლა.
ესპანეთის ნაკრებმა 4 ქულა დააგროვა, რა თქმა უნდა, პლეი-ოფში იქნება, თუმცა, მანამდე 27 ივნისს, ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს ურუგვაისთან ჩაატარებს. საუდის არაბეთსაც აქვს შანსი, იმავე დღეს კაბო ვერდეს თუ დაამარცხებს, დიდი შანსია, ჯგუფიდან გავიდეს.
ესპანეთი - საუდის არაბეთი 4:0 (3:0)
ატლანტა, „მერსედეს-ბენც არენა“
ესპანეთი (4-3-3): სიმონი; პორო, კუბარსი, ლაპორტი, კუკურელია; დანი ოლმო (მერინო 61), როდრი, პედრი (ფაბიან რუისი 70); იამალი (პინო 46), ოიარსაბალი (ტორესი 46), ბაენა (ვილიამსი 61)
მწვრთნელი: ლუის დე ლა ფუენტე
საუდის არაბეთი (5-4-1): ალ-ოვაისი; აბდულჰამიდი, ალ ამრი (ჰეჯი 60), ლაჯამი, ტამბაკტი, ალ ჰარბი; ალ ჯუვაირი (ალ ჰადანი 46), ალ ხაიბარი (კანო 46), ნ. ალ დავსარი (ალ განამი 90), ს. ალ დავსარი; ალ ბურაიკანი (ალ შამატი 60)
მწვრთნელი: გეორგიოს დონისი
გოლები: 1:0 იამალი (10), 2:0 ოიარსაბალი (21), 3:0 ოიარსაბალი (24), 4:0 ტამბაკტი (49, ა.გ)
გაფრთხილება: ალ-დავსარი (30), კანო (60)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 21 (8) – 3 (1) ბურთის ფლობა: 66%-34% კუთხურები: 6:1 თამაშგარე: 2:3
მსაჯი: რაფაელ კლაუსი (ბრაზილია)
| # | გუნდი | თამაში | მ | ფ | წ | გატანილი | გაშვებული | ბურთების სხვაობა | ქულა |
| 1 | ესპანეთი | 2 | 1 | 1 | 0 | 4 | 0 | +4 | 4 |
| 2 | ურუგვაი | 1 | 0 | 1 | 0 | 1 | 1 | 0 | 1 |
| 3 | საუდის არაბეთი | 2 | 0 | 1 | 1 | 1 | 5 | -4 | 1 |
| 4 | კაბო-ვერდე | 1 | 0 | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | 1 |







