ლონდონის „არსენალი“ ქართველი ფეხბურთელის ანდრია ბართიშვილის ტრანსფერზე მუშაობს და როგორც ცნობილი ხდება, მხარეებს შორის შეთანხმება თითქმის მიღწეულია.
ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრანსფერზე ვრცელი სტატია გამოაქვეყნა ბრიტანულმა გამოცემა Football Fancast-მა, სადაც ჟურნალისტი ქართველ ფეხბურთელზე და მის უნარებზე ვრცლად საუბრობს. მისი აზრით, ანდრია სათამაშო სტილით "არსენალის" ყოფილ ფეხბურთელს ალექსის სანჩესს ჰგავს.
"ბართიშვილი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა ტალანტად ითვლება და მას ძალიან დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. 17 წლის ასაკში მას უკვე 35 მატჩი აქვს ჩატარებული პროფესიონალურ დონეზე, სადაც 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. რა თქმა უნდა, ეს არ არის ისეთი შთამბეჭდავი სტატისტიკა, როგორიც ლამინ იამალს აქვს იმავე ასაკში, მაგრამ მასთან დაკავშირებით დიდი მოლოდინია.
ბართიშვილი უკვე შეადარეს ქართველ ვარსკვლავს ხვიჩა კვარაცხელიას. ორივე ფეხბურთელს მსგავსი სათამაშო სტილი აქვს — ჩამოშვებული გეტრები, დაბალი სიმძიმის ცენტრი და დრიბლინგზე დაფუძნებული თამაში.
მისი მთავარი თვისება ბურთის ახლო კონტროლი და დრიბლინგია. სხეულის მოძრაობებითა და მიმართულების სწრაფი ცვლილებით მეტოქეების მოტყუება უმაღლეს დონეზე გამოსდის. თუ "არსენალის" ისტორიიდან ვინმეს უნდა შევადაროთ, ის ძალიან ჰგავს ალექსის სანჩესს. მას შეუძლია თამაში როგორც ცენტრალური თავდამსხმელის, ასევე გამთამაშებლისა და მარცხენა ფლანგის პოზიციებზე, თუმცა ყველაზე კომფორტულად სწორედ გარემარბის პოზიციაზე გრძნობს თავს.
მისი თამაშის ჩანაწერების ნახვისას ადვილი შესამჩნევია, რატომ ადარებენ მას კვარაცხელიასა და სანჩესს. ის ხშირად იყენებს სხეულის მოტყუებით მოძრაობებს, რომლებსაც ალექსის სანჩესი კარიერის საუკეთესო წლებში რეგულარულად აკეთებდა. მიმართულების სწრაფი შეცვლით მცველებს აბნევს და წონასწორობას აკარგვინებს.
ასევე აქვს სანჩესისთვის დამახასიათებელი აგრესიულობა და ენერგია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ იჭრება. მათი ფიზიკური მონაცემებიც გარკვეულ მსგავსებას აჩენს", - წერს გამოცემა ქართველ ფეხბურთელზე.
ცნობისთვის, ანდრია ბართიშვილი "კოლხეთის" საკუთრებაა, თუმცა მიმდინარე სეზონში ის იჯარით „იბერიაში“ თამაშობს, სადაც 15 მატჩში 2 გოლით და 3 საგოლე პასით გამოირჩა. ის 21-წლამდე ნაკრების წევრია, მაგრამ 19-წლამდელებშიც თამაშობს.





