მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი საფრანგეთის ნაკრები დღეს მეორე ტურში ერაყის ნაკრებს შეხვდება და ცხადია, რომ აშკარა ფავორიტია.
დიდიე დეშამის გუნდმა ტურნირი ორგვარი სახით დაიწყო: სენეგალთან პირველ ტაიმში „მამლებმა“ ძალიან ცუდად ითამაშეს, მაგრამ მეორე ტაიმში კილიან მბაპე დაიქოქა, რამაც გუნდიც გამოაფხიზლა და მაიკლ ოლისესთან ერთად განსხვავება შექმნა.
ერაყის ნაკრებზე რა უნდა ითქვას? მუნდიალზე თამაში მისთვის უკვე დიდი ისტორიაა, ჩემპიობობის ტოლფასია და დასაკარგი არაფერი აქვს. პირველ ტურში გრეჰემ არნოლდის გუნდმა ნორვეგიასთან იბრძოლა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, მაგრამ მაინც დიდი სხვაობით დამარცხდა - 1:4.
დავითისა და გოლიათის ეს შეხვედრა ჯგუფური ეტაპის ყველაზე დიდ შეუსაბამობას წარმოადგენს, სულ მცირე, ფიფას ოფიციალური რეიტინგის მხრივ. საფრანგეთი მეორეა, ხოლო ერაყი - მე-60 საფეხურს იკავებს.
საფრანგეთის ნაკრები გამარჯვების შემთხვევაში პლეი-ოფის საგზურს გაინაღდებს, ხოლო ფრით უდიდეს ნაბიჯს გადადგამს ჯგუფიდან გასასვლელად. ერაყის ნაკრებს ქულები სჭირდება, მაგრამ რამდენად შეძლებს სასწაულის მოხდენას, ეს რთული სათქმელია - თუ ერაყი საფრანგეთთან არ წააგებს, ეს ალბათ, მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სენსაცია იქნება.
მატჩი თბილისის დროით 01:00 საათზე უნდა დაიწყოს, მაგრამ არსებობს რისკი, რომ დაწყება გაჭიანურდეს, რადგან ფილადელფიაში უამინდობა და ქარიშხალია მოსალოდნელი. თუმცა, ეს ცნობა ჯერ ფიფას არ დაუდასტურებია და თუ არაფერი შეიცვალა, მატჩი გეგმის მიხედვით დაიწყება.
კილიან მბაპეს მუნდიალებზე 14 გოლი აქვს გატანილი და შანსი აქვს, სულ მცირე რონალდოს დაეწიოს, თუ ერთხელ მაინც გაიტანს, ხოლო იქვე არიან რეკორდის თანამფლობელები მიროსლავ კლოზე და ლიონელ მესი. არგენტინელი ამ მსოფლიოს ჩემპიონატზეც თამაშობს და საქმეს ისეთი პირი უჩანს, მუნდიალის ყველა დროის ბომბარდირობისთვის დავაში მესი-მბაპეს ბრძოლა გაიმართება.
საფრანგეთის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში შესაძლოა, რამდენიმე ცვლილება მოხდეს. ყველაზე მეტად მოედანზე პირველივე წუთიდან ბრედლი ბარკოლას გამოჩენაა მოსალოდნელი, რომელმაც სენეგალთან გოლი გაიტანა. ფრანგული მედია ასევე ვარაუდობს, რომ ძირითად შემადგენლობაში ითამაშებენ ლუკა დინი და მანუ კონე.
ერაყის ნაკრებში შესაძლოა, კარის დაცვა ჯალალ ჰასანის ნაცვლად აჰმედ ბასილის მიანდონ, ხოლო ალი ჯასიმის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და წესით ითამაშებს.
სავარაუდო შემადგენლობები:
საფრანგეთი: მენიო; კუნდე, სალიბა, უპამეკანო, დინი; რაბიო, კონე; დემბელე, ოლისე, ბარკოლა; მბაპე
ერაყი: ბასილი; ალი, ტაჰსენი, ჰაშემი, დოსკი; ბაიში, ალ-ამრი, იქბალი, ჯამისი; ჰუსეინი, ალ-ჰამადი
საფრანგეთის და ერაყის ნაკრებები ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან. მათი პირველი დაპირისპირების მასპინძელი ფილადელფია და სტადიონი „ლინკოლნ ფილდი“ იქნება.







