ფეხბურთი

18:01 | 22.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდი გაჩერებას არ აპირებს: სენეგალს სხვა გეგმები აქვს

მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურში ნორვეგია - სენეგალის მატჩი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა, ყოველ შემთხვევაში, გუნდების დონიდან გამომდინარე, ნამდვილად მეტ-ნაკლებად თანაბარი ძალების გუნდების დაპირისპირებაა მოსალოდნელი.

სტალე სოლბაკენის გუნდი პირველადაა მსოფლიოს ჩემპიონატზე მიმდინარე საუკუნეში, ხოლო დიდ სანაკრებო ტურნირზე ევრო 2000-ის შემდეგ პირველად. სტარტი კარგი ჰქონდა - ერაყთან 4:1, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ პირველ ტაიმში სკანდინავიელებს საკმაოდ გაუჭირდათ.

ჯგუფის მომდევნო ორ მატჩში ნორვეგიას უფრო სერიოზული მეტოქეები ჰყავს - ახლა სენეგალი და ბოლოს საფრანგეთი, მაგრამ არაა გამორიცხული 3 ქულაც ეყოს ჯგუფიდან გასასვლელად (4 ქულის შემთხვევაში საფრთხე არ დაემუქრება), თუმცა, ცხადია, ნორვეგია ამის იმედად ვერ იქნება და გამარჯვებას გეგმავს. მით უფრო, თუ როგორ გაიარა საკვალიფიკაციო ეტაპი, სადაც აბსოლუტურად შეუჩერებელი იყო.

სენეგალის ნაკრებიც ამბიციური გუნდია, ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული და პირველ ტურში დაამტკიცა, რომ მისი დამარცხება ადვილი არ არის. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ საფრანგეთს პირველ ტაიმში აჯობა და გოლის გატანას იმსახურებდა. მეორე ნახევარში დიდიე დეშამის გუნდი უკეთესი იყო, მაგრამ სენეგალს ურიგოდ არ უთამაშია. ამრიგად, ნორვეგიასთან ტოლსწორი ბრძოლის იმედი ნამდვილად უნდა ჰქონდეს და ქულაც რომ მოიპოვოს, იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ტურში ერაყთან აქვს სათამაშო, 1/16-ფინალისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს.

ერლინგ ჰოლანდს ნორვეგიის ნაკრებში ზედიზედ 11 მატჩში აქვს გოლი გატანილი, ხოლო მთლიანობაში ეროვნულ ნაკრებში ძნელად დასაჯერებელი სტატისტიკა აქვს, რომელიც რეალობაა - 57 გოლი 51 მატჩში.

სოლბაკენის გუნდმა ყველა ტურნირზე ბოლო შვიდი მატჩიდან მხოლოდ ერთში შეინახა კარი მშრალად - ბოლო სამ მატჩში სულ მცირე ერთი გოლი გაუშვა. თუმცა ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია დადებითად შეიძლება შევაფასოთ.

სენეგალის ნაკრებს აქამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე სამჯერ უთამაშია და ჯგუფიდან მხოლოდ ერთხელ, 2018 წელს ვერ გავიდა, როცა იაპონიას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ჩამორჩა, რომ მეტი ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული. სამაგიეროდ, სენეგალის ტრიუმფი იყო 2002 წლის მუნდიალზე, როცა საფრანგეთს სძლია, მერე მერვედფინალში შვედეთსაც აჯობა და მეოთხედფინალამდე მივიდა, სადაც თურქეთთან დამატებით დროში, ილჰან მანსიზის ავტოგოლით დამარცხდა. წინა მუნდიალზე სენეგალი მერვედფინალში იყო, სადაც ინგლისთან წააგო.

საფრანგეთთან სენეგალის მხრიდან გოლი იბრაჰიმა მბაიემ გაიტანა, რომელმაც ეს 18 წლის ასაკში შეძლო და ყველაზე ახალგაზრდა აფრიკელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მუნდიალზე გოლი გაიტანა. თუმცა, ძირითად შემადგენლობაში მისი გამოჩენა მაინც არაა მოსალოდნელი, რადგან მთავარი მწვრთნელი პაპე ტიაო შეტევაში არაფრის შეცვლას არ აპირებს.

სენეგალი და ნორვეგია ერთმანეთს ისტორიაში ერთხელ შეხვდნენ, ზუსტად 20 წლის წინ, ამხანაგურ მატჩში და აფრიკელებმა 2:1 მოიგეს.

სავარაუდო შემადგენლობები:

ნორვეგია: ნილანდი; რიერსონი, ჰეგემი, აიერი, ვოლფი; ოდეგორი, ბერგე, ორსნესი; სორლოთი, ჰოლანდი, ნუსა

სენეგალი: მენდი; დიატა, კულიბალი, ნიახატე, დიუფი; კამარა, ი. გეიე, პ. გეიე; სარი, ჯექსონი, მანე

მატჩი თბილისის დროით დილის 4 საათზე დაიწყება და ნიუ ჯერსიში, „მეტლაიფ სთედიუმზე“ გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.173189