როგორც მოსალოდნელი იყო, საფრანგეთის ნაკრებმა ერაყის ნაკრები დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატის 1/16 ფინალში გავიდა.
დიდიე დეშამის გუნდმა მიზანს ადვილად მიაღწია - ისევ შესანიშნავი იყო კილიან მბაპე, რომელმაც ნაკრებში მე-100 მატჩი მორიგი გოლებით აღნიშნა, როგორც პირველ ტურში, ახლაც დუბლი შეასრულა.
კილიანმა ანგარიში შესანიშნავი დარტყმით მე-14 წუთზე გახსნა და პირველი ტაიმი ასე დასრულდა. შესვენება ძალიან ხანგრძლივი გამოდგა, თითქმის ორსაათიანი, რადგან უამინდობის გამო მატჩის განახლება რამდენჯერმე გადაიდო.
საბოლოოდ, თამაშის განახლება მოხერხდა. მეორე ტაიმის დასაწყისში ერაყელმა მცველმა და მეკარემ გაუაზრებლად ითამაშეს, რაც მბაპეს გოლით დასრულდა. კილიანს მსოფლიოს ჩემპიონატზე უკვე 16 გოლი დაუგროვდა და მიროსლავ კლოზეს დაეწია, წინ მხოლოდ ლიონელ მესია, რომელსაც 18 გოლი აქვს გატანილი. მბაპეს აქტივში მიმდინარე მუნდიალზე 4 გოლია და ბომბარდრთა დავაში მხოლოდ მესის ჩამორჩება.
საფრანგეთის ნაკრებმა ერაყს მესამე გოლიც გაუტანა, ამჯერად თავი უსმან დემბელემ გამოიჩინა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საფრანგეთმა 6 ქულა დააგროვა და ჯგუფიდან გავიდა, რომლის ბოლო ტურში ნორვეგიის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო ერაყი უქულოდაა და სენეგალს შეხვდება.
საფრანგეთი - ერაყი 3:0 (1:0)
გოლები: 1:0 მბაპე (14), 2:0 მბაპე (54), 3:0 დემბელე (66)







