ფეხბურთი

15:23 | 23.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ სერია უნდა შეწყვიტოს, პორტუგალიას მხოლოდ ერთი გზა აქვს

პორტუგალიის ნაკრები პირველი ტურის მთავარი იმედგაცრუება იყო, შესაბამისად, მეორე ტურში საქმე სარეაბილიტაციოდ აქვს.

რობერტო მარტინესის გუნდი ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან ფრე, ცხადია, მიუღებელი შედეგი იყო. ამიტომ, უზბეკეთის ნაკრებთან გამარჯვება სჭირდება, თანაც, ისეთი ფეხბურთი უნდა ითამაშოს, როგორც ფავორიტს შეეფერება.

ბევრი საუბარი იყო პორტუგალიის ნაკრებში ფეხბურთელებს შორის განხეთქილებაზე - კრიშტიანუ რონალდუს გამო, მაგრამ ვარჯიშიდან გამოსული კადრებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასე არ არის - გუნდის ბანაკში მშვენიერი განწყობა იგრძნობოდა.

უზბეკეთს დასაკარგი არაფერი აქვს: ფაბიო კანავაროს გუნდი დებიუტანტია და კოლუმბიასთან კი წააგო, მაგრამ იბრძოლა, ისტორიული გოლიც გაიტანა და რატომაც არა, ბრძოლა პორტუგალიასთან? მით უფრო კონგოს სახით უზბეკეთს კარგი მაგალითი ჰყავს, იმის მიუხედავად, რომ აფრიკული ნაკრები ალბათ, უფრო ძლიერია, ვიდრე უზბეკეთი.

რა გასაკვირია, რომ პორტუგალია და უზბეკეთი აქამდე არასდროს შეხვედრიან. შესაბამისად, პირველად ითამაშებენ ერთმანეთის წინააღმდეგ.

კრიშტიანუ რონალდუს დიდ ტურნირებზე (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატი) 10-მატჩიანი უგოლო სერია აქვს. ბოლოს 2022 წლის მუნდიალზე განის ნაკრებთან გაიტანა, მას შემდეგ მეტოქეების დამწუხრებას ვერ ახერხებს. ამ სერიაში შედის ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრებთან შეხვედრაც.

პორტუგალიის ნაკრებს გამოუჯანმრთელდა რუბენ დიაში, რომელიც შეიძლება ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდეს, მაგრამ მეორე მხრივ, პორტუგალიას შემადგენლობაში საკმარისი რესურსი აქვს და მარტინესმა შეიძლება არც გარისკოს - „მანჩესტერ სიტის“ მცველი დაასვენოს, რათა უფრო მომზადებული შეხვდეს მომდევნო გამოწვევებს.

პორტუგალიას აუცილებლად სჭირდება გამარჯვება სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარეც, რადგან მხოლოდ ქულა აქვს, ბოლო ტურში კი, საკმაოდ სერიოზული მეტოქე ჰყავს - კოლუმბია. ასე რომ, დღეს ვერმოგების შემთხვევაში, გარანტირებული არაფერი ექნება. უზბეკეთს კი ჯგუფიდან გასვლის ამბიცია ალბათ, არც ტურნირის წინ ჰქონდა და არც ახლა უნდა ჰქონდეს, მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, წნეხის გარეშეა, დასაკარგი არფერი აქვს და ეცდება, ისტორია დაწეროს.

სავარაუდო შემადგენლობები:

პორტუგალიის ნაკრები: კოშტა; კანსელო, არაუჟო, ვეიგა, მენდეში; ნევეში, ვიტინია, ბრუნო ფერნანდეში; ბერნარდო სილვა, ნეტო, რონალდუ

უზბეკეთი: ხუსანოვი; აბდულაევი, აშურმატოვი; კარიმოვი, მოზგოვოი, შუკუროვი, ნასრულაევი; ფაიზუალეივი, ურუნოვი, შომუროდოვი

პორტუგალია-უზბეკეთის მატჩი ჰიუსტონში გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.159484