ფეხბურთი

17:30 | 23.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

კეინი ლინეკერის გასწრებას ეცდება, ინგლისი პირველი ადგილის განაღდებას

ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში ძალიან კარგი იყო და ისედაც აწეული თამასა, კიდევ უფრო ასწია.

თომას ტუხელის გუნდს ყველაზე რთული მეტოქეც ჰყავდა, სხვებთან შედარებით - ხორვატიის ნაკრები, რომელსაც დამაჯერებლად 4:2 სძლია, ლამაზი ფეხბურთით. ამიტომაც, ინგლისი მუნდიალის ფავორიტთა შორის კიდევ უფრო იმყარებს პოზიციას.

მომდევნო მეტოქე განაა, რომელმაც ინგლისის დარად, ასევე გამარჯვებით დაიწყო, მაგრამ პანამასთან ძალიან გაუჭირდა, ბოლოს გაიტანა. შეიძლება, „შავი ვარსკვლავისთვის“ ეს გამარჯვება გადამწყვეტი გამოდგეს ჯგუფიდან გასასვლელად.

ფიფას რეიტინგში ნაკრებებს შორის დიდი სხვაობაა: ინგლისი ამჟამად მეოთხე ადგილზეა, ხოლო განა 73-ზე. თუმცა, განის ნაკრებმა მასზე წინ მყოფი ნაკრები ამ ჩემპიონატზე უკვე დაამარცხა - პანამა ფიფას რეიტინგში 34-ეა.

ინგლისის ნაკრებს აფრიკულ ნაკრებებთან შესანიშნავი სტატისტიკა აქვს - 8 მატჩი და არცერთი წაგება. საერთოდაც, აფრიკულ ნაკრებებთან ინგლისს ისტორიაში ერთადერთი მარცხი აქვს - 2025 წლის ივნისში, სენეგალთან 1:3 დამარცხდა.

კონკრეტულად, განასთან ინგლისს ერთხელ უთამაშია - 2011 წლის 29 მარტს, ამხანაგურ მატჩში, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა.

ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში დიდი ცვლილებები არ უნდა იყოს, რადგან ტუხელი იმედოვნებს, რომ მისი გუნდი დავალებას შეასრულებს, რათა ჯგუფში პირველი ადგილი დღესვე გაინაღდოს და პანამას წინააღმდეგ მარტივად ითამაშოს. თუმცა, არაა გამორიცხული სასტარტოში გამოჩნდნენ მარკ გეჰი, მორგან როჯერსი და მარკუს რაშფორდი.

ჰარი კეინი მსოფლიოს ჩემპიონატზე ბომბარდირობას უმიზნებს და გოლების გატანას ეცდება. მან ტურნირი დუბლით დაიწყო, მაგრამ ლიონელ მესის სამით, კილიან მბაპეს და ერლინგ ჰოლანდს 2 გოლით ჩამორჩება. კეინს შანსი აქვს, რომ ინგლისის ნაკრების ყველა დროის მეგოლე გახდეს მსოფლიოს ჩემპიონატზე - ამჟამად ის 10 გოლით რეკორდს გარი ლინეკერთან იყოფს, რომელსაც წინა მატჩში დაეწია.

მას შემდეგ, რაც მას კანადამ ვიზა არ მისცა, თომას პარტეი, სავარაუდოდ, სამშაბათს ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს სასტარტო შემადგენლობაში. პანამასთან გამარჯვებისას სასტარტო მეკარე ლოურენს ატი-ზიგიმ საზარდულის ტრავმა მიიღო, თუმცა მას შემდეგ ვარჯიშს დაუბრუნდა და ინგლისთან მატჩისთვის მზადაა.

სავარაუდო შემადგენლობები:

ინგლისი: პიკფორდი; ჯეიმსი, სტოუნსი, გეჰი, ორაილი; ანდერსონი, რაისი; მადუეკე, ბელინგემი, გორდონი; კეინი

განა: ასარე; სენაია, ადჯეტი, ოპოკუ, მინსე; ირენკი, პარტეი; ფატავუ, სულემანა, სემენიო; აიუ

ინგლისი-განას მატჩი 23 ივნისს, 00:00 საათზე გაიმართება, კერძოდ, ბოსტონში, „ფოქსბოროს“ სტადიონზე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166924