საქართველოს ეროვნული ლიგის მე-19 ტურში თბილისის „იბერიამ“ ტყიბულის „მეშახტეს“ უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მაგრამ გაცილებით საინტერესო იყო მეორე ტაიმი, რომელშიც ყველაფერი მოხდა.
51-ე წუთზე „იბერია“ მოედანზე 10 კაცით დარჩა, რადგან ვახო ბედოშვილმა ორი ყვითელი ბარათი მიიღო და შესაბამისად, გააძევეს. თუმცა ანდრეი დემჩენკოს გუნდმა რიცხობრივ უმცირესობაში მოახერხა მოგება.
ანგარიში 59-ე წუთზე გაიხსნა, მასპინძლები ნიკოლოზ დადიანის გოლით დაწინაურდნენ. „მეშახტემ“ მალევე გაათანაბრა, ირაკლი სიხარულიძემ პენალტი ზუსტად დაარტყა, მაგრამ არც თანაბარი ანგარიში შენარჩუნებულა დიდხანს, რადგან 5 წუთში ვაჰიდ სელიმოვჩმა თბილისური გუნდი ისევ წინ გაიყვანა. მერე არაფერი შეცვლილა და „იბერიამ“ 2:1 მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ თამაში სულაც 9 ფეხბურთელით დაასრულა - 83-ე წუთზე პაატა ღუდუშაურიც ორი გაფრთხილების გამო გააძევეს.
ეროვნულ ლიგაში 8 აგვისტომდე პაუზაა, მანამდე „იბერია“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, სადაც ესტონეთის ჩემპიონ „ფლორას“ შეხვდება.
„იბერიამ“ პირველი ადგილი დაიბრუნა და ზაფხულის პაუზას ლიდერის პოზიციაზე გაატარებს, მომდევნო ტურში კი 8 აგვისტოს „დილას“ შეხვდება.
„მეშახტე“ მძიმე ვითარებაშია - მხოლოდ 11 ქულა აქვს და ბოლო ადგილზე ძალიან გამოკვეთილადაა.
„იბერია“ – „მეშახტე“ 2:1 (0:0)
გოლები: 1:0 დადიანი (59), 1:1 სიხარულიძე (63, პენ), 2:1 სელიმოვიჩი (68)





