პორტუგალიის ნაკრები და კრიშტიანუ რონალდუ პირველი ტურის შემდეგ კრიტიკის ობიექტი იყვნენ, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან ფრის შემდეგ, მაგრამ მეორე ტურში რობერტო მარტინესის გუნდმა უზბეკეთი გაანადგურა, რონალდუმაც გაიტანა, თანაც არაერთხელ.
პორტუგალია სწრაფად დაწინაურდა: მეექვსე წუთზე ჟოაო კანსელოს კარგი პასის შემდეგ რონალდუმ ერთი შეხებით დაარტყა და ანგარიში გახსნა. მეორე გოლიც მალე გავიდა, როცა ნუნუ მენდეშმა ჯარიმა იდეალურად შეასრულა და 2:0. ნათელი იყო, რომ ფაბიო კანავაროს გუნდი მეტოქეს წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა.
პირველ ტაიმში რონალდუმ კიდევ გაიტანა, ამჯერად მეკარეს პირისპირ აჯობა და შორეულ კუთხეში შანსი არ დაუტოვა.
რონალდუს რეკორდები: ის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ექვს სხვადასხვა მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიტანა - 2006, 2010, 2014, 2018, 2022, 2026. წინა რეკორდიც მას ეკუთვნოდა, რადგან ხუთ მუნდიალზე ჰქონდა გატანილი, მაგრამ ხუთ მუნდიალზე გოლი ახლა ლიონელ მესისაც აქვს. გარდა ამისა, რონალდუსთვის ეს იყო მეცხრე და მეათე გოლები მსოფლიოს ჩემპიონატზე, რითაც პორტუგალიის ისტორიაში საუკეთესო მეგოლე გახდა - მან ეუსებიოს გადაასწრო, რომლის აქტივში 9 გოლია (ყველა 1966 წელს). რონალდუ გახდა მხოლოდ მესამე ფეხბურთელი, რომელიც თავისი ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდა და ამავდროულად, ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელმაც გოლი გაიტანა მუნდიალზე. რონალდუს გარდა, ასეთები არიან მიქაელ ლაუდრუპი (დანია) და ლიონელ მესი (არგენტინა). აქ საუბარია იმ ქვეყნებზე, რომლებსაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთზე მეტი გოლი აქვთ გატანილი. კრიშტიანუ ასევე, რიგით ყველაზე მეორე ასაკოვანი ფეხბურთელია, ვისაც მუნდიალზე გაუტანია - რეკორდი ისევ კამერუნელ როჟე მილას გოლი 42 წლის ასაკში აქვს მსოფლიოს ჩემპიონატზე (1994 წელს). რონალდუს პროფესიონალურ კარიერაში უკვე 974 გოლი აქვს და 1000-გოლიან ნიშნულს კიდევ უფრო მიუახლოვდა.
თამაშს ინტრიგა აღარ ჰქონდა შედეგობრივად, მეორე ტაიმში პორტუგალიამ ძალების დაზოგვაზე ფიქრი მაინც დაიწყო, მაგრამ მაინც გაიტანა - აბდუვახიდ ნამატოვმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და 4:0, ხოლო მატჩის მიწურულს რაფაელ ლეაუმაც დალაშქრა მეტოქის კარი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
პორტუგალიას 4 ქულა აქვს და ბოლო ტურში კოლუმბიას შეხვდება, ხოლო უზბეკეთი უქულოდაა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას გაეჯიბრება.
პორტუგალია - უზბეკეთი 5:0 (3:0)
ჰიუსტონი, NRG სთედიუმი
პორტუგალია (4-2-3-1): კოშტა; კანსელო (სემედუ 46), დიაში, ვეიგა, მენდეში; ნევეში (ბერნარდო სილვა 76), ვიტინია (ლეაუ 83); ნეტუ (კონსეისაო 46), ბრუნო ფერნანდეში, ჟოაო ფელიქსი (ტრინკაო 64); რონალდუ
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი
უზბეკეთი (3-4-2-1): ნემატოვი; ხუსანოვი, აბდულაევი, აშურმატოვი; კარიმოვი (ჯიანოვი 90), ხამრობეკოვი (მოზგოვოი 46), შუკუროვი (ესანოვი 90), ნასრულაევი (ალიზონოვი 46); განიევი, ფაიზულაევი (სერგეევი 73); შომუროდოვი
მწვრთნელი: ფაბიო კანავარო
გოლები: 1:0 რონალდუ (6), 2:0 მენდეში (17), 3:0 რონალდუ (39), 4:0 ნამატოვი (60, ა.გ), 5:0 ლეაუ (87)
გაფრთხილება: ვეიგა (68) - ხამრობეკოვი (14)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 16 (9) – 7 (2) ბურთის ფლობა: 66%-34% კუთხურები: 3:2 თამაშგარე: 1:2
მსაჯი: ჯალალ ჯაიედი (მაროკო)
| # | გუნდი | თ | მ | ფ | წ | გატ | გაშ | ბქ | ქულა | |
| 1 | პორტუგალია | 2 | 1 | 1 | 0 | 6 | 1 | +5 | 4 | |
| 2 | კოლუმბია | 1 | 1 | 0 | 0 | 3 | 1 | +2 | 3 | |
| 3 | დრ კონგო | 1 | 0 | 1 | 0 | 1 | 1 | 0 | 1 | |
| 4 | უზბეკეთი | 2 | 0 | 0 | 2 | 1 | 8 | -7 | 0 |







