კოლუმბიამ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში დემოკრატიული კონგოს რესპუბლიკა 1:0 დაამარცხა და პლეი-ოფის საგზური გაინაღდა.
ნესტორ ლორენსოს გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდა, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს. მიუხედავად ამისა, კონგოელთა მეკარე ლიონელ მპასი შესანიშნავად თამაშობდა და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ მისმა გუნდმა მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა.
მატჩის ერთადერთი გოლი 76-ე წუთზე გავიდა. დაცვის ხაზიდან შეტევაში ჩართული დანიელ მუნიოსი ბურთს საჯარიმოში დაეუფლა და მარცხენა ფეხით ზუსტად დაარტყა, რითაც კოლუმბიას გამარჯვება მოუტანა. „კრისტალ პალასის“ მცველი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ კოლუმბიის ლიდერ ლუის დიასს, მეორე ტაიმში ორი გოლი გაუუქმეს — ერთი წესების დარღვევის, მეორე კი თამაშგარის გამო. მიუხედავად ამისა, „ლოს კაფეტეროსმა“ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა და ჯგუფში გალიდერდა.
ორი ტურის შემდეგ კოლუმბიას 6 ქულა აქვს და ჯგუფში ლიდერობს, მეორე ადგილს პორტუგალია იკავებს 4 ქულით, კონგოს ნაკრები ერთი ქულით მესამეზეა, ხოლო უზბეკეთი 0 ქულით ბოლო, მეოთხე ადგილზე იმყოფება.
K-ჯგუფის ბოლო ტურის მატჩები 28 ივნის გაიმართება, სადაც პორტუგალია და კოლუმბია პირველადგილოსანს გამოავლენენ, ხოლო კონგო უზბეკეთს შეხვდება და პლეი-ოფში გასვლას ეცდება.
კოლუმბია - დრ. კონგო 1:0 (0:0)
საპოპანი, "ესტადიო აკრონი"
კოლუმბია (4-3-3): ვარგასი; მუნიოსი, სანჩესი, ლუკუმი, მოხიკა; პუერტა, ლერმა, არიასი (რიოსი 77); ხ. როდრიგესი (კ) (კინტერო 58), სუარესი (კორდობა 58), დიასი
მწვრთნელი: ნესტორ ლორენსო
დრ. კონგო (4-3-3): მპასი-ნზაუ; ვან-ბისაკა, მბემბა (კ), ტუანზებე, კაპუადი, მასუაკუ (კაიემბე ჟ. 72); მუკაუ (სადიკი 46), მუტუსამი (მბუკუ 72), კაიემბე ე. (პიკელი 72); ბაკამბუ (ბანზა 57), ვისა
მწვრთნელი: სებასტიენ დესაბრი
გოლი: 1:0 მუნიოსი (76)
გაფრთხილება: ლუკუმი (56), ლერმა (90+4) – პიკელი (90+3)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 20 (9) – 7 (1) ბურთის ფლობა: 64%-36% კუთხურები: 5:4 თამაშგარე: 7:0
მსაჯი: მაურიციო მარიანი (იტალია)





