ფეხბურთი

18:10 | 25.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

უნდავი პირველი წუთიდან? ეკვადორი რთული მისიის წინაშე

მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი სამ ჯგუფში დასრულდა, დღეს, უფრო სწორად გამთენიისას, კიდევ სამ ჯგუფში დასრულდება.

ეკვადორი - გერმანია (ნიუ იორკი)

E ჯგუფში გერმანიის ნაკრები ეკვადორის ნაკრებს შეხვდება. გუნდები მატჩს განსხვავებულ ვითარებაში ხვდებიან: გერმანიამ ორივე მატჩი მოიგო და პირველი ადგილიც განაღდებული აქვს, ხოლო ეკვადორი, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპი შესანიშნავად ჩაატარა, შემადგენლობაც კარგი ჰყავს და ტურნირის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა უნდა ყოფილიყო, იმედგაცრუებაა - ორ ტურში ერთადერთი ქულა, თანაც, კოტ დივუარის და კურასაოს წინააღმდეგ. ეკვადორის ნაკრებს ჯერ გოლიც არ გაუტანია. სამხრეთამერიკელთა ერთადერთი შანსი, რომ ჯგუფიდან გავიდნენ, გამარჯვებაა, რაც გერმანიის ნაკრებთან ურთულესი ამოცანაა, მიუხედავად იმისა, რომ იულიან ნაგელსმანმა შესაძლოა, შემადგენლობაში როტაციას მიმართოს.

დენის უნდავმა ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ხუთ გოლში მიიღო მონაწილეობა (3 გოლი, 2 პასი), მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ნაკრების არცერთ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა. მან შეცვლაზე შესვლიდან გოლების რაოდენობით, 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე როჟე მილას რეკორდი გაიმეორა.

გერმანიას ზედიზედ 11 მატჩი აქვს მოგებული და მიმდინარე ტურნირზეც ორ ტურში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა (9). თავის მხრივ, ეკვადორი ტურნირის წინ 19-მატჩიანი წაუგებელი სერიით იყო, მაგრამ, როგორც ვთქვით, მუნდიალზე იმედგაცრუებაა.

ეს ნაკრებები აქამდე ორჯერ შეხვედრიან: პირველად 2006 წელს, მუნდიალის ჯგუფში, თანაც ბოლო ტურში და გერმანიამ 3:0 მოიგო, ხოლო მეორედ 2013 წელს, სპარინგში - ისევ ალემანებმა იმარჯვეს (4:2).

სავარაუდო შემადგენლობები:

ეკვადორი: გალინდესი; ორდონესი, პაჩო, ინკაპიე; იებოა, ფრანკო, კაისედო, ვიტე, ესტუპინიანი; პლატა, ვალენსია.

გერმანია: ბაუმანი; ანტონი, ტაა, რიუდიგერი, რაუმი; გორეტცკა, შტილერი; ლეველინგი, ამირი, ბაიერი; უნდავი.

კურასაო - კოტ დივუარი (ფილადელფია)

პარალელურად, კოტ დივუარის ნაკრები კურასაოს შეხვდება. კოტ დივუარმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა წინა მატჩებში, სამი ქულაც აქვს და ფრეც ეყოფა, რომ ჯგუფიდან გავიდეს, მაგრამ ემერს ფაეს გუნდი წყვილში აშკარა ფავორტია და გამარჯვებას გეგმავს. თავის მხრივ, კურასაოს მხოლოდ მოგება ეყოფა ჯგუფიდან გასასვლელად, მაგრამ რომც ვერ გავიდეს - ისტორია უკვე დაწერილი აქვს. პირველი გოლი მუნდიალზე (გერმანიასთან) და შემდეგ პირველი ქულა (ეკვადორთან). კურასაოს ნაკრებმა დიდი ისტორია უკვე დაწერა, მაგრამ დასაკარგიც არაფერი აქვს და ეცდება, რომ საფეხბურთო სამყარო კიდევ ერთხელ გააოცოს, რატომაც არა?!

გერმანიის წინააღმდეგ კოტ დივუარმა შეტევების 56% დიომანდეს მარცხენა ფლანგიდან წარიმართა. 19 წლის ფეხბურთელმა, რომელსაც ამ ტურნირზე ჯერ არ გაუტანია გოლი, ეკვადორის წინააღმდეგ თამაშში ყველაზე მეტი შანსი შექმნა (5).

სავარაუდო შემადგენლობები:

კურასაო: რომი; ბრენეტი, გაარი, ობისპო, ფლორანუსი, ფონვილი; ჩონგი, კომენენსია, ლ. ბაკუნა, ჯ. ბაკუნა; ლოკადია.

კოტ დივუარი: ი. ფოფანა; დუე, კოსონუ, აგბადუ, კონანი; სანგარე, კესი, ინაო ულაი; დიალო, ბონი, დიომანდე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.173169