ფეხბურთი

19:59 | 25.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

თურქეთის კარის გაჯახუნებას ეცდება, მოსალოდნელი ფრე სან ფრანცისკოში?

მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი სამ ჯგუფში დასრულდა, დღეს, უფრო სწორად გამთენიისას, კიდევ სამ ჯგუფში დასრულდება.

თურქეთი - აშშ (ლოს ანჯელესი)

სათამაშო დღეს D ჯგუფი დაასრულებს, საიდანაც აშშ-ს ნაკრები უკვე გასულია, თანაც პირველი ადგილით. მასპინძელმა პარაგვაის და ავსტრალიას ერთი ამოსუნთქვით აჯობეს და შეიძლება, ძალიან ძლიერი მეტოქეები არ ჰყავდა, მაგრამ ძალიან მაგარი შთაბეჭდილება დატოვა. მაურისიო პოჩეტინოს შეუძლია შემადგენლობაში როტაციას მიმართოს და გუნდის ლიდერებიც დაასვენოს, საამისო ფუფუნება გააჩნია. აშშ ტურნირის მთავარ იმედგაცრუებას, თურქეთს ხვდება. თურქეთის ნაკრებისგან დიდი მოლოდინი იყო, 2002 წლის შემდეგ, მისთვის პირველ მუნდიალზე დიდი ამბიციებით და კარგი შემადგენლობით ჩავიდა, მაგრამ კატასტროფაში აღმოჩნდა - ზედიზედ ორი წაგება ავსტრალიასა და პარაგვაისთან!

ამრიგად, ვინჩენცო მონტელას გუნდისთვის ამ თამაშს არავითარი სატურნირო დატვირთვა არ აქვს, რომც მოიგოს, ჯგუფში აუცილებლად ბოლო ადგილზე გავა. იგივე ითქმის ამერიკაზეც, რომელსაც პირველი ადგილი აქვს განაღდებული, მაგრამ ეს მსოფლიოს ჩემპიონატია და არ არსებობს უმოტივაციო მატჩი - ყველას თავისი ამბიცია, თავმოყვარეობა და მიზანი აქვს. სხვათა შორის, თურქეთმა წინა ორ შეხვედრაში კარისკენ 62-ჯერ დაარტყა და გოლი მაინც ვერ გაიტანა, რაც ანტირეკორდია.

აშშ-ს და თურქეთს ერთმანეთთან ხუთჯერ უთამაშიათ - 2 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება: ბალანსი თანაბარია. ამ ხუთიდნ ოთხი ამხანაგური თამაში იყო, ერთი ოფიციალური. 2003 წელს ისინი კონფედერაციათა თასზე შეხვდნენ, სადაც თურქეთმა 2:1 გაიმარჯვა. ბოლო დაპირისპირება ზუსტად ერთი წლის წინ, 2025 წლის 7 ივნისს გაიმართა და მაშინაც თურქეთმა მოიგო (2:1). აღსანიშნავია, რომ ხუთიდან ოთხ მატჩში სწორედ ეს ანგარიში დაფიქსირდა.

სავარაუდო შემადგენლობები:

თურქეთი: ჩაკირი; მულდური, დემირალი, კაბაკი, კადიოღლუ; ოზჩანი, ჩალჰანოღლუ; აკგუნი, გიულერი, ილდიზი; გიული.

აშშ: ფრიზი; სკალი, მაკენზი, ტრასტი, ერშფტეინი; როლდანი, ბერჰალტერი; ვეა, რეინა, ზენდეიასი; პეპი.

პარაგვაი - ავსტრალია (სან ფრანცისკო)

ჯგუფის მეორე მატჩს სატურნირო დატვირთვა დიდი აქვს: პარაგვაისა და ავსტრალიას 3-3 ქულა გააჩნიათ და ჯგუფიდან გასასვლელად იბრძვიან. ფრის შემთხვევაში ორივე გავა მომდევნო ეტაპზე, ამიტომ, ეს საერთოდ არ არის გამორიცხული. ფრე უფრო ავსტრალიას აწყობს, რადგან ჯგუფში მეორე ადგილს დაიკავებს, ხოლო მეორე საფეხურზე პარაგვაი მხოლოდ მოგებით გავა. თუმცა, მთავარი მიზანი გუნდებისთვის ახლა აუცილებლად 1/16-ფინალში მოხვედრაა და რომელი ადგილით - დიდი მნიშვნელობა არ ექნება.

პარაგვაის მიგელ ალმირონი დისკვალიფიკაციის გამო დააკლდება, ხოლო ავსტრალიას მეტიუ ლეკი ტრავმირებული ჰყავს. ავსტრალია-პარაგვაის შორის აქამდე ხუთი ამხანაგური მატჩი ყოფილა: ორჯერ ავსტრალიელებმა მოიგეს, სამჯერ ფრე დაფიქსირდა, ასე რომ, პარაგვაი „სოკეროსის“ ძლევას პირველად ეცდება.

სავარაუდო შემადგენლობები:

პარაგვაი: ხილი; კასერესი, გ. გომესი, ალდერეტე, ალონსო; ველასკესი, კუბასი, დ. გომესი, გალარსა; პიტა, ენსისო

ავსტრალია: ბიჩი; ჩირკატი, სუტარი, ბურჟესი; იტალიანო, ონილი, ენგშტელერი, ბოსი; ვოლპატო, ტურე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.175844