ფეხბურთი

0:59 | 27.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთმა ჯგუფი დემბელეს ჰეთ-თრიქით და წარმოდგენით დახურა

საფრანგეთისა და ნორვეგიის ნაკრებები მესამე ტურში ერთმანეთს შეხვდნენ და ორივემ იცოდა, რომ პლეი-ოფში უკვე გასული იყვნენ.

ამიტომაც, ნორვეგია მოედანზე სათადარიგო შემადგენლობით გავიდა, მაგალითად, ერლინგ ჰოლანდი და მარტინ ოდეგორი ძირითად შემადგენლობაში არ იყვნენ. საფრანგეთმა განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო - საბრძოლო შემადგენლობით დაიწყო თამაში და რა გასაკვირია, რომ „მამლებმა“ მოიგეს.

მატჩის გმირი უსმან დემბელე გახდა. კაცი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროსა და ვერცხლის მედალი ისე მოიგო, ერთხელაც ვერ გაიტანა, რადგან 2018-2022 წლებში ორი მუნდიალი უგოლოდ ჩაატარა (არც ევროპის ჩემპიონატზე გაუტანია არასდროს) და მსოფლიოს ჩემპიონატზე სადებიუტო გოლი მხოლოდ წინა ტურში ერაყს გაუტანა.

სამაგიეროდ, ახლა დემბელემ 25-წუთიან ინტერვალში ჰეთ-თრიქი შეასრულა! თანაც, ერთმანეთზე ლამაზი გოლები შეაგდო და დაამტკიცა, რომ დიდებული ფეხბურთელია. მან ერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიას სტილშიც კი იზეიმა. ნორვეგიელებმა დემბელეს ჰეთ-თრიქს თელო ოსგორის გოლით უპასუხეს და სულ ეს იყო.

მეორე ტაიმის დასაწყისში ნორვეგიას კარგი შანსი ჰქონდა ჩამორჩენის შესამცირებლად, მაგრამ იორგენ ლარსენმა პენალტი ვერ გაიტანა - მას მაიკ მენიანმა აჯობა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში თავისი გოლი დეზირე დუემაც გაიტანა, მისთვის სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატზე და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 1:4.

სენეგალის ნაკრებს არ გაუმართლა, რომ ჯგუფში საფრანგეთი და ნორვეგია ჰყავდა, თორემ სხვა ბევრი ჯგუფიდან ალბათ, უპრობლემოდ გავიდოდა, რადგან ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ ახლა საკუთარ თავზე არაა დამოკიდებული.

სენეგალი ჰაბიბ დიარას გოლით სწრაფად დაწინაურდა, რასაც მე-13 წუთზე რებინ სულაკას გაძევება მოჰყვა და 10-კაციანმა ერაყმა მეტოქეს წინააღმდეგობა საერთოდ ვერ გაუწია.

მეორე ტაიმში ისმაილა სარმა გაიტანა, შემდეგ პაპე გეიემ დუბლი შეასრულა, 82-ე წუთზე კი მან საგოლე პასიც მიითვალა და ილიმან ნდიაემ დააფიქსირა საბოლოო ანგარიში. სენეგალელებმა გამანადგურებელი ანგარიშით მოიგეს, რაც მათთვის მნიშვნელოვანი იყო - ბურთების ბალანსმა შეიძლება მესამეადგილოსნებში ბევრი რამ გადაწყვიტოს.

საფრანგეთის ნაკრებმა I ჯგუფში 9 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და დაამტკიცა, რომ ტურნირის მთავარი ფავორიტია. ნორვეგიას 6 ქულით მეორე პოზიცია ერგო, ორივე 1/16-ფინალშია. აი, სენეგალმა 3 ქულით მესამე პოზიცია დაიკავა და გასარკვევია, მოხვდება თუ არა, საუკეთესო 8 მესამეადგილოსანში. ერაყმა უქულოდ დაასრულა გამოსვლა.

საფრანგეთის ნაკრები 1/16-ფინალში 30 ივნისს, შვედეთის ნაკრებს შეხვდება, ხოლო ნორვეგიის მეტოქე იმავე დღეს კოტ დივუარის ნაკრები იქნება.

ნორვეგია - საფრანგეთი 1:4 (1:3)

გოლები: 0:1 დემბელე (7), 0:2 დემბელე (20), 1:2 ოსგორი (21), 1:3 დემბელე (32), 1:4 დუე (90)

სენეგალი - ერაყი 5:0 (1:0)

გოლები: 1:0 დიარა (4), 2:0 სარი (56), 3:0 გეიე (59), 4:0 გეიე (71), 5:0 ნდიაე (82)

# გუნდი გატ გაშ ბქ ქულა
1. საფრანგეთი 3 3 0 0 10 2 +8 9
2. ნორვეგია 3 2 0 1 8 7 +1 6
3. სენეგალი 3 1 0 2 8 6 +2 3
4. ერაყი 3 0 0 3 1 12 -11 0
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.08569