ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელ იერემი პინოს ტრავმა, შესაძლოა, მოსალოდნელზე სერიოზული აღმოჩნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს. გამოცემის თქმით, არსებობს რეალური საფრთხე, რომ 23 წლის ფეხბურთელმა მსოფლიო ჩემპიონატის დარჩენილი ნაწილი გამოტოვოს.
პინომ დაზიანება მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, ურუგვაის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მიიღო, რომელიც ესპანეთის გამარჯვებით 1:0 დასრულდა. გარემარბი მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა, თუმცა მატჩის მიწურულს მეტოქესთან ორთაბრძოლის შემდეგ მარცხენა მხრის არეში ძლიერი ტკივილი იგრძნო. იმ დროისთვის ესპანეთის ნაკრებს ყველა ცვლილება უკვე გამოყენებული ჰქონდა, რის გამოც პინომ შეხვედრა ტრავმის მიუხედავად დაასრულა.
მატჩის დასრულების შემდეგ ფეხბურთელმა სტადიონი ხელის ფიქსატორით დატოვა. პირველადი სამედიცინო შეფასებით კი არსებობს ეჭვი, რომ მას ლავიწის მოტეხილობა აქვს.
პინოს ტრავმაზე კომენტარი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემაც გააკეთა:
"არსებობს ეჭვი, რომ იერემის ლავიწი აქვს მოტეხილი. საბოლოო პასუხს დამატებითი გამოკვლევები მოგვცემს. ახლა ძლიერ ტკივილს გრძნობს, თუმცა ტრავმის მიუხედავად მატჩი ბოლომდე ითამაშა", - განაცხადა დე ლა ფუენტემ.
იერემი პინომ მიმდინარე მსოფლიოზე ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ორივე მათგანში ცვლილებაზე შემოვიდა.





