დღეს, 27 ივნისს, სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის ორი ნახევარფინალური შეხვედრა იმართება. ერთი უკვე დასრულდა, „იბერიამ“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა, 1:0 დაამარცხა და ტურნირის ფინალში გავიდა, სადაც გორის „დილას“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება. ეს მატჩი დღესვე მოგვიანებით გაიმართება. „დინამო“ კი მათში დამარცხებულს მესამე ადგილისთვის დაუპირისპირდება.
თამაში დინამოელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, ისინი პირველ ნომრად თამაშობდნენ და თავი არ დაუზოგავთ. მაგრამ, თითქოს კრეატიულობა აკლდათ, ცოტა სწორხაზოვნად მოქმედებდნენ და საბოლოოდ, ვერაფერი გააწყვეს მეტოქის წინააღმდეგ.
იბერიელთა პირველივე სწრაფი კონტრშეტევა კი შედეგიანი გამოდგა. მე-12 წუთზე მარჯვენა ფრთაზე კოტდივუარელმა არმელ ზოურმა გამოზომილი პასი მისცა საჯარიმოში ვახო ბედოშვილს და მანაც ახლო კუთხეში გაუტანა გიორგი ლორიას.
72-ე წუთზე ბედოშვილი მეტოქის საჯარიმოში წააქციეს, მაგრამ არბიტრმა ცოტნე სამსონაშვილმა ვარ-ზე გადამოწმების შემდეგ, წესის დარღვევა ვერ დაინახა და პენალტი აღარ დაინიშნა.
აქტიური იყო თემურ ქეცბაიას პირველი საზაფხულო შენაძენი, ფრანგი მაქსიმ ტეიშერა. რამდენჯერმე გაამწვავა თამაში, მაგრამ კარისკენ ზუსტად დარტყმა არ გამოუვიდა.
88-ე წუთზე დინამოელებს შეეძლოთ გათანაბრება, მაგრამ ნიკა ნინუამ ბურთი ხარიხას მოარტყა.
იბერია - დინამო თბილისი 1:0
27 ივნისი. მიხეილ მესხი.
1:0 ბედოშვილი (12)







