მსოფლიოს ჩემპიონატზე 1/16-ფინალში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ბრაზილია-იაპონიის წყვილია.
რა თქმა უნდა, ბრაზილიის ნაკრები ფავორიტია, მაგრამ იაპონია კარგა ხანია ამტკიცებს, რომ ანგარიშგასაწევი ძალაა და ადვილად არავის არაფერს უთმობს. ეს გამოჩნდა ჯგუფურ ეტაპზეც და მანამდეც - იაპონიის ნაკრებს ბოლო წლებში დიდი პროგრესი აქვს.
ბრაზილიამ ჯგუფში 7 ქულა მოიპოვა, ბურთების ბალანსით აჯობა ნორვეგიას და პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო იაპონიას 5 ქულით მეორე საფეხური ერგო.
ბრაზილიის ნაკრებს ლიდერობს ვინისიუსი, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე შესანიშნავი თამაში ჩაატარა და სამივე მატჩში გაიტანა. ის გახდა მეხუთე ბრაზილიელი ჟაირზინიოს (1970), რომარიოს (1994), რონალდოსა და რივალდოს (ორივე 2002) შემდეგ, ვინც მუნდიალზე ჯგუფის სამივე თამაშში გოლი გაიტანა.
მზადაა ნეიმარიც, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყოს. სავარაუდოდ, ისევ არ იქნება რაფინია, რომელსაც პრობლემები აქვს. იაპონიის ნაკრებში დანაკლისი არ არის.
იაპონიას არასდროს მოუგია მსოფლიოს ჩემპიონატზე პლეი-ოფის მატჩი: 2002, 2010, 2018 და 2022 წლებში მერვედფინალში გავარდა, ხოლო 1998, 2006 და 2014 წლებში ჯგუფიდან ვერ გავიდა.
ბრაზილია იაპონიას 14-ჯერ შეხვედრია და უდიდესი უპირატესობა აქვს - 11 მოგება, 2 ფრე და 1 წაგება. თუმცა, ეს ერთადერთი მარცხი იყო ბოლო მატჩში, სულ ცოტა ხნის წინ, 2025 წლის ოქტომბერში, როცა იაპონია ამხანაგურ შეხვედრაში 0:2 მარცხდებოდა, მაგრამ 3:2 მოიგო. ხსენებული 14 დაპირისპირებიდან 4 იყო ოფიციალური: 2001, და 2005 წლებში კონფედერაციათა თასზე გუნდები დაზავდნენ (0:0, 2:2), ხოლო 2013 წელს, „სელესაომ“ 3:0 მოიგო. კიდევ ერთი თამაში მსოფლიოს ჩემპიონატზე შედგა, 2006 წელს და ბრაზილიამ 4:1 გაიმარჯვა.
ბრაზილია - იაპონიის მატჩი 21:00 საათზე დაიწყება და ჰიუსტონის NRG სთედიუმზე გაიმართება.
ამ წყვილში გამარჯვებული მერვედფინალში ნორვეგიას ან კოტ დივუარს შეხვდება.
სავარაუდო შემადგენლობები:
ბრაზილია: ალისონი; დანილო, მარკინიოსი, გაბრიელი, სანტოსი; გიმარაეში, კაზემირო; რაიანი, პაკეტა, ვინისიუსი; კუნია
იაპონია: სუძუკი; იტო, ტომისაუ, იტაკურა; დოანი, სანო, ტანაკა, ნაკამურა; კამადა, მაედა; უედა







