ფეხბურთი

11:00 | 29.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიის ნანატრი პლეი-ოფი აშკარა ფავორიტის სტატუსით

მსოფლიოს ჩემპიონატის 1/16-ფინალში გერმანიის ნაკრები პარაგვაის ნაკრებს დაუპირისპირდება. აქ, ფავორიტი აშკარააა - „ბუნდესნაკრები“ კლასით და გამოცდილებით გაცილებით ძლიერია. თუმცა, ეს მუნდიალია, რომელსაც სენსაციები უყვარს.

გერმანიის ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, მაგრამ მაინც დატოვა ეჭვები: კურასაოს განადგურება ვერაფრის ინდიკატორია, ხოლო შემდეგ კოტ დივუართან ძლივს მოიგო, ეკვადორთან კი სულაც დამარცხდა. იულიან ნაგელსმანმა ბოლო ტურში არ მიმართა როტაციას, მაგრამ მისმა გუნდმა მაინც წააგო.

თუმცა, მთავარი ისაა, რომ გერმანიამ, როგორც იქნა, ჯგუფური ეტაპი დაძლია. „როგორც იქნას“ გამოყენება გერმანიასთან თითქოს უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ „ბუნდესნაკრები“ მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფში 2014 წლის შემდეგ, როცა ჩემპიონი გახდა, პირველადაა. 2018 და 2022 წლებში გერმანია ჯგუფში ზედიზედ ორჯერ ჩარჩა.

პარაგვაის ნაკრებმა ტურნირი მძიმედ დაიწყო, აშშ-სთან განადგურებით, მაგრამ მერე ორ ტურში 4 ქულა მოიპოვა, რაც ჯგუფიდან გასასვლელად საკმარისი იყო. პარაგვაი 2010 წლის მერე პირველადაა მუნდიალზეც და პლეი-ოფშიც, მაშინ, „ალბიროხა“ მეოთხედფინალამდე მივიდა, სადაც ესპანეთთან დამარცხდა. პარაგვაის უნდა ახსოვდეს 1998 წელს, საფრანგეთთან ოქროს გოლით წაგებული მერვედფინალიც და 2002 წელს, სწორედ გერმანიასთან იმავე ეტაპზე წაგება, როცა 88-ე წუთზე ოლივერ ნოივილმა გაიტანა ერთადერთი გოლი.

პარაგვაის ნაკრები მძიმე გუნდია, რომელიც აქცენტს დაცვაზე აკეთებს და კონტრშეტევების შანსს ელოდება. გუნდს მიგელ ალმირონი დაუბრუნდა, რომელმაც დისკვალიფიკაცია მოიხადა. სამაგიეროდ, ამავე მიზეზით არ იქნება დიეგო გომესი.

გერმანიის ნაკრებს ნიკო შლოტერბეკი ჰყავს ტრავმირებული, რომელსაც ანტონიო რიუდიგერი შეცვლის.

ეს ნაკრებები ორჯერ შეხვედრიან: 2002 წელს მუნდიალის მერვედფინალში გერმანიამ 1:0 მოიგო, ხოლო 2013 წელს ამხანაგური თამაში ფრედ, 1:1 დასრულდა.

მატჩი ბოსტონში, „ჟილეტ სტადიონზე“ გაიმართება, თბილისის დროით 00:30 საათზე. ამ წყვილში გამარჯვებული მერვედფინალში საფრანგეთს ან შვედეთს შეხვდება.

სავარაუდო შემადგენლობები:

გერმანია: ნოიერი; კიმიხი, რიუდიგერი, ტაა, ბრაუნი; ნმეჩა, პავლოვიჩი; სანე, მუსიალა, ვირტცი; ჰავერტცი

პარაგვაი: ხილი; კასერესი, ალდერეტე, ველასკესი, ალონსო; ალმირონი, გალარსა, კუბასი, მაურისიო; ავალოსი, ენსისო

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.178914