მსოფლიოს ჩემპიონატის 1/16-ფინალში ცენტრალური თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი წყვილია ნიდერლანდები - მაროკო.
ორივე ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. ნიდერლანდებმა იაპონიასთან ფრე ითამაშა, მაგრამ შვედეთი და ტუნისი ადვილად დაამარცხა და 7 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
მაროკომ ბრაზილიასთან არ წააგო, შოტლანდიას და ჰაიტის მოუგო და მანაც 7 ქულა მოიპოვა, პირველ ადგილზე მხოლოდ იმიტომ ვერ გავიდა, რომ ბურთების ბალანსით ჩამორჩა ბრაზილიის ნაკრებს. ასე გადაიკვეთა ნიდერლანდების და მაროკოს გზები პლეი-ოფის პირველივე სტადიაზე, რაც ბევრის აზრით, მეტისმეტად ნაადრევად მოხდა...
არსებობდა ვარაუდი, რომ დენზელ დამფრისს და ბრაიან ბრობის მცირე დაზიანებები ჰქონდათ, თუმცა ისინი ფორმაში შევიდნენ და შესაბამისად, მაროკოსთან შეხვედრისთვის მზად იქნებიან. ბრობი, სავარაუდოდ, კუმანის გუნდის შეტევაში გააგრძელებს თამაშს, მემფის დეპაი, ჯასტინ კლუივერტი და კრისენსიო სამერვილი კი სათადარიგოთა სკამზე იქნებიან.
რაც შეეხება მაროკოს, წინა მატჩთან შედარებით ცვლილებები იქნება: ნუსარ მაზრაუი, ისა დიოპი, აიუბ ბუადი და აზედინ ოუნაჰი, სავარაუდოდ, 1/16 ფინალისთვის სასტარტო თერთმეტეულში დაბრუნდებიან.
ისმაელ საიბარიმ, რომელიც ამ ზაფხულს მიუნხენის „ბაიერნში“ გადასვლას აპირებს, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სამ მატჩში სამი გოლი გაიტანა და კვლავ თავდამსხმელის ხაზს ულიდერებს.
ნიდერლანდებს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე 15-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, რაც ისტორიული რეკორდია. ნიდერლანდებმა ბოლოს მუნდიალზე ესპანეთთან განიცადა მარცხი 2010 წლის ფინალში, დამატებით დროში. მას შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე თუ აგებს, მხოლოდ პენალტების სერიაში და ასევ ვარდება. საერთოდ, დამატებით დროსაც თუ არ ჩავთვლით, 90 წუთში ნიდერლანდებმა ამ ტურნირზე ბოლოს 2006 წელს, პორტუგალიასთან განიცადა მარცხი. სტატისტიკა შთამბეჭდავია, მაგრამ უცნაურიც - ნიდერლანდებს ხომ მუნდიალი არასდროს მოუგოა.
ნიდერლანდები და მაროკო ერთმანეთს სამჯერ შეხვედრიან. პირველად ეს მოხდა სწორედ მსოფლიოს ჩემპიონატზე ამერიკაში, 1994 წელს და ევროპელებმა 2:1 მოიგეს. შემდეგ იყო ორი სპარინგი: 1999 წელს მაროკომ გაიმარჯვა 2:1, ხოლო 2017 წელს ნიდერლანდებმა იმავე ანგარიშით. ასე რომ, სამივე თამაშში 2:1 დაფიქსირდა - ორი მოგება ნიდერლანდებს, ერთი მაროკოს.
მატჩი 05:00 საათზე გაიმართება თბილისის დროით, მონტერეიში, ესტადიო BBVA-ზე. ამ წყვილში მოგებულის მეტოქე მერვედფინალში კანადა იქნება.
სავარაუდო შემადგენლობები:
ნიდერლანდები: ვერბრუგენი; დუმფრისი, ვან დეიკი, ვან ჰეკე, ვან დე ვენი; გრავენბერხი, დე იონგი, რეინდერსი; მალენი, ბრობი, გაკპო
მაროკო: ბუნუ; ჰაკიმი, დიოპი, რიადი, მაზრაუი; ელ აინაუი, ბუადი; ბრაჰიმ დიასი, უნაჰი, ელ ხანუსი; საიბარი







