მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე 1/16-ფინალური ეტაპი დღეს განახლდება. დღე გაიხსნება ძალიან საინტერესო დაპირისპირებით, რომელშიც კოტ დივუარის და ნორვეგიის ნაკრებები შეხვდებიან. გუნდები, რომლებმაც საყოველთაო მოსაზრებით ჯგუფურ ეტაპზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.
კოტ დივუარის ნაკრებმა ჯგუფში მართლაც კარგად ითამაშა: ეკვარდოსა და კურასაოს მოუგო, ხოლო გერმანიას დიდი ხანი უგებდა, მაგრამ ბოლოს ორჯერ გაუშვა და უქულოდ დარჩა. თუმცა, ყველა თანხმდება, რომ იმ შეხვედრაში ემერს ფაეს გუნდი მარცხს არ იმსახურებდა. თუ იან დიომანდე და ნიკოლა პეპე ჩვეულ დონეზე ითამაშებენ, ფაეს გუნდი ნორვეგიას ძალიან დიდი წინააღმდეგობას გაუწევს.
ნორვეგიის ნაკრებიც შესანიშნავია: მუნდიალზე ხომ დიდებულ სტილში გავიდა და აქაც, ჯგუფში თავი კარგად წარმოაჩინა. ვიკინგებმა უშანსოდ აჯობეს ერაყსა და სენეგალს, ხოლო საფრანგეთთან წააგეს, თუმცა ისიც სათქმელია, რომ სათადარიგო შემადგენლობით ითამაშეს. მარტო ის რად ღირს, რომ ერლინგ ჰოლანდი და მარტინ ოდეგორი მოედანზე საერთოდ არ იყვნენ.
ჰოლანდმა ორ თამაშში ორჯერ შეასრულა დუბლი, შესაბამისად, 4 გოლი აქვს და ბომბარდირის ტიტულისთვის ბრძოლაში ჩართულია. ერლინგმა საფრანგეთთან დაისვენა და კოტ დივუარს განახლებული ენერგიით შეუტევს. ვთქვათ ისიც, რომ ნორვეგიამ მიმდინარე მუნდიალზე ერთი აფრიკული მეტოქე უკვე დაამარცხა - სენეგალს 3:2 სძლია.
ნორვეგიის ნაკრებისთვის ეს პირველი საპლეი-ოფო მატჩია დიდ ტურნირზე 28 წლის შემდეგ: 1998 წლის მუნდიალზე ნორვეგია მერვედფინალში იყო, სადაც იტალიის ნაკრებთან 0:1 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ სოლბაკენის გუნდმა ბოლო 10 მატჩში მხოლოდ ერთხელ შეინახა კარი მშრალად - 31 მარტს შვეიცარიასთან ფრედ 0:0 დასრულებულ შეხვედრაში. თავის მხრივ, კოტ დივუარის ნაკრები მუნდიალის პლეი-ოფში ისტორიაში პირველად ითამაშებს.
კოტდივუარელთა შორის საეჭვოა ვილფრიდ სინგოს თამაში, ხოლო ნორვეგიას შეიძლება იულიან რიერსონი დააკლდეს.
კოტ დივუარისა და ნორვეგიის ნაკრებები ერთმანეთს პირველად შეხვდებიან, ხოლო ამ წყვილში მოგებულს მერვედფინალში ბრაზილიის ნაკრები ელოდება.
მატჩი 30 ივნისს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და დალასში გაიმართება.
სავარაუდო შემადგენლობები:
კოტ დივუარი: ი. ფოფანა; დუე, კოსონუ, უ. დიომანდე, კონანი; სანგარე; დიალო, კესი, ულაი, ი. დიომანდე; პეპე
ნორვეგია: ნილანდი; ორსნესი, აიერი, ჰეგემი, მოლერ ვოლფი; ოდეგორი, ბერგი, ბერგე; სორლოთი, ჰოლანდი, ნუსა







