ფეხბურთი

23:08 | 29.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ამაყი იაპონია: ბრაზილიის ქამბექი და მძიმე გამარჯვება

იაპონიის ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და გასაკვირი არ არის, რომ 1/16-ფინალში ბრაზილიის ნაკრებს არაფერი დაუთმო. თუმცა, ფეხბურთში არსებობს კლასი, რაც ამჟამად ბრაზილიას უფრო მაღალი აქვს და სწორედ ამ კლასის ხარჯზე „სელესაო“ გადაურჩა პლეი-ოფის საწყის სტადიაზე გავარდნას.

პირველ ტაიმში ბრაზილიის ნაკრები ძალიან ცუდი იყო, არაფერი გამოსდიოდა და პირიქით, იაპონიის ნაკრები ძალიან ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობდა. 29-ე წუთზე ჰაჯიმე მორიასუს გუნდი სულაც დაწინაურდა, კაიშუ სანომ მოახერხა მეტოქის კარის დალაშქვრა და ანგარიში იაპონიის ნაკრებმა გახსნა.

სენსაციის სუნი დატრიალდა, ბრაზილიის ნაკრებს 45 წუთი რჩებოდა და აუცილებლად რაღაც იყო შესაცვლელი. კარლო ანჩელოტიმ შესვენებაზევე გააკეთა ცვლილება, როცა ენდრიკი შეიყვანა მოედანზე. „სელესაომ“ პრაქტიკულად პირველი სახიფათო მომენტი გოლით დაასრულა - 56-ე წუთზე გაბრიელ მაგალაეშის ჩაწოდების შემდეგ, კაზემირომ თავური დარტყმით დალაშქრა მეტოქის კარი და ანგარიში გაათანაბრა.

ცოტა ხანში ბრაზილიას წინ გასვლა შეეძლო - ვინისიუსმა ფანტასტიკურად ითამაშამაგრამ სუძუკის კარგმა რეაქციამ და ძელმა შეუშალა საოცარი გოლის გატანაში ხელი. ამის შემდეგ, თამაში ბრაზილიის ნაკრების უპირატესობით გაგრძელდა, მაგრამ საგოლე მომენტების შექმნა ანჩელოტის გუნდს მაინც უჭირდა.

და, როდესაც ყველა დამატებით დროს ელოდებოდა, კომპენსირებულ დროში, იაპონელმა ფეხბურთელმა ბურთი საკუთარ საჯარიმოსთან დაკარგა, რაც ძალიან ძვირად დაუჯდათ აზიელებს: ბრუნო გიმარაეშმა სივრცეში მარტო მყოფი გაბრიელ მარტინელი დაინახა და „არსენალის“ შემტევმაც ზუსტად დაარტყა.

ამრიგად, ბრაზილიის ნაკრები მერვედფინალშია, სადაც ნორვეგიას ან კოტ დივუარს შეხვდება. იაპონიის კარგი გუნდი კი გავარდა, არადა, სხვა მეტოქე რომ ჰყოლოდა, დიდი შანსი ექნებოდა...

გრძელდება იაპონიის ნაკრების უიღბლო ტრადიციაც - მუნდიალის პლეი-ოფში თამაში არასდროს მოუგია, როდესაც პლეი-ოფში გადის, პირველივე სტადიაზე ვარდება.

ბრაზილია - იაპონია 2:1 (0:1)

ჰიუსტონი, NRG სთედიუმი

ბრაზილია (4-3-3): ალისონი; დანილო, მარკინიოსი, გაბრიელ მაგალაეში, დუგლას სანტოსი; ბრუნო გიმარაეში, კაზემირო (ფაბინიო 90), პაკეტა (ენდრიკი 46); რაიანი, კუნია (მარტინელი 66), ვინისიუსი

მწვრთნლი: კარლო ანჩელოტი

იაპონია (3-4-2-1): სუძუკი; ტომიასუ, ტანიგუცი, ჰ. იტო; დოანი (სუგავარა 66), სანო, კამადა (ტანაკა 78), ნაკამურა (ი. სუძუკი 66); ი. იტო (მაჩინო 78), მაედა; უედა

მწვრთნელი: ჰაჯიმე მორიასუ

გოლები: 0:1 სანო (29), 1:1 კაზემირო (56), 2:1 მარტინელი (90)

გაფრთხილება: კაზემირო (14), დანილო (48) - სანო (12), კამადა (45), ი. სუძუკი (84)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 19 (7) – 5 (2) ბურთის ფლობა: 69%-31% კუთხურები: 6:2 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: მაურიციო მარიანი (იტალია)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.174889