ფეხბურთი

3:48 | 30.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ისევ კრახი: არაგერმანული გერმანია პარაგვაიმ გააგდო

გერმანიის ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე არ ჰგავდა საჩემპიონოდ მომართულ გუნდს, არც შორს წამსვლელს.

და, იულიან ნაგელსმანის გუნდი პლეი-ოფის პირველივე ეტაპზე გავარდა. არადა, გერმანიის ნაკრები პარაგვაისთან აშკარა ფავორიტი მაინც იყო. „ალბიროხა“ გამოირჩევა დაცვაში მედგარი თამაშით და კარგი ორგანიზაციით, რაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

გერმანიის შეტევამ ბევრი ვერაფერი დააკლო პარაგვაის ნაკრებს, რომელმაც 42-ე წუთზე იშვიათი შანსი გამოიყენა და დაწინაურდა: ხულიო ენსისომ მანუელ ნოიერი უშანსოდ დატოვა - 0:1.

გერმანიამ მეორე ტაიმის სტარტზე გააძლიერა ზეწოლა და წონასწორობაც მალევე აღადგინა: კაი ჰავერტცმა გაიტანა თავით და თითქოს, ამ გოლს გერმანიისთვის დამატებითი ძალები უნდა მიეცა, მუხტი, მაგრამ ასე არ მოხდა. გაშვებულმა გოლმა არც პარაგვაი დააბნია, ისევ ორგანიზებულობით გააგრძელა თავის დაცვა და არც თამაშის გეგმა შეუცვლია. ძირითად დროში არაფერი შეცვლილა - 1:1.

დამატებით დროშიც თამაში იდენტური სცენარის იყო, უფერული გერმანია, რომელიც არათუ რეალურ მომენტს, საერთოდ ვერაფერს ქმნიდა. ეს პარაგვაის აწყობდა, თვითონ ვერც გადადიოდა შეტევაში, მაგრამ ანგარიშის შენარჩუნებაზე იდეალურად თამაშობდა. დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა და ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა.

პენალტები კაი ჰავერტცის შეცდომით დაიწყო, რომელსაც ორლანდო ხილმა აჯობა. შემდეგ იოზუა კიმიხმა და ჯამალ მუსიალამ გაიტანა, პარაგვაელთა საწყისი სამივე პენალტი ზუსტი იყო. მაშინ, როცა „ბუნდესნაკრები“ პენალტებში 2:3 მარცხდებოდა, ორლანდო ხილმა ნიკ ვოლტემადეს დარტყმაც უკუაგდო - ეს რას ნიშნავდა? მომდევნო დარტყმას პარაგვაი თუ გაიტანდა, მოიგებდა, მაგრამ ანტონიო სანაბრიამ ბურთი კარს ააცილა. ამით ისარგებლა ნადიმ ამირმა და გაათანაბრა. თუმცა, ისევ სამხრეთამერიკელთა ხელში იყო ყველაფერი - 120-ე წუთზე თამაშში ბალბუენა სპეციალურად პენალტისთვის ჩართეს, თანაც, ბოლო, გადამწყვეტი პენალტის შესრულება მოუწია და როგორც უმეტეს შემთხვევაში ასეთ დროს ხდება - ვერ გაიტანა... სერია გაგრძელდა, მაგრამ ჯონათან ტაამ ააცილა და მესამე შანსი პარაგვაის ხელიდან აღარ გაუშვია კანალეს დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა.

პარაგვაის ნაკრებმა პენალტებში 4:3 მოიგო და მერვედფინალშია, სადაც საფრანგეთს ან შვედეთს შეხვდება.

გერმანიამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად წააგო პენალტების სერია და 1982 წელს, ული შტილიკეს გაცუდებული პენალტი იყო ერთადერთი აქამდე, რომელიც გერმანელებს მუნდიალზე სერიაში ვერ გაეტანათ, მაგრამ დღეიდან სამი დაემატა (ჰავერტცი, ვოლტემადე, ტაა).

და კიდევ: 2014 წლის ფინალის შემდეგ, გერმანიას მსოფლიოს ჩემპიონატზე კარი მშრალად არ შეუნახავს, შედეგი კი? ზედიზედ ორჯერ ჯგუფში ჩარჩა, ახლა კი გავიდა პლეი-ოფში, მაგრამ პირველივე სტადიაზე, პარაგვაისთან წაგება, ჯგუფში ჩარჩენის ტოლფასია... გერმანია მუნდიალს დაემშვიდობა.

გერმანია - პარაგვაი 1:1 პენ: 3:4 (0:1)

ბოსტონი, „ჯილეტ სთედიუმი“

გერმანია (4-4-2): ნოიერი; კიმიხი, ტაა, რიუდიგერი (ჩაო 110), ბრაუნი; სანე (ვოლტემადე 88), ნმეჩა (გორეტცკა 46), პავლოვიჩი (ანტონი 79), ვირტცი (ამირი 110); ჰავერტცი, უნდავი (მუსიალა 63)

მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი

პარაგვაი (4-4-2): ხილი; კასერესი (ოხედა 99), გომესი, კანალე, ალონსო (ბალბუენა 120); ალმირონი (ველასკესი 91), ბობადილია (სანაბრია 99), კუბასი, გალარსა; ავალოსი (კაბალიერო 55), ენსისო (მაურისიო 57)

მწვრთნელი: გუსტავო ალფარო

გოლები: 0:1 ენსისო (42), 1:1 ჰავერტცი (54)

პენალტების სერია: 0:0 ჰავერტცი (მეკარე), 0:1 მაურისიო, 1:1 კიმიხი, 1:2 გომესი, 2:2 მუსიალა, 2:3 გალარსა, 2:3 ვოლტემადე (მეკარე), 2:3 სანაბრია (ააცილა), 3:3 ამირი, 3:3 ბალბუენა (მეკარე), 3:3 ტაა (ააცილა), 3:4 კანალე

გაფრთხილება: ჰავერტცი (106), მუსიალა (115) - კუბასი (65), გალარსა (117)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 21 (6) – 7 (3) ბურთის ფლობა: 75%-25% კუთხურები: 16:6 თამაშგარე: 4:1

მსაჯი: ჯალალ ჯაიედი (მაროკო)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.087873