ფეხბურთი

20:00 | 30.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

წყვილი ფავორიტის გარეშე

მექსიკა - ეკვადორი არის წყვილი 1/16-ფინალურ ეტაპზე, სადაც ფავორიტის დასახელება ძალიან რთულია.

მექსიკის ნაკრებს საკუთარი კედლები გაუმაგრებს ზურგს, 80 000 გულშემატკივრის მხარდაჭერა ექნება, რაც მნიშვნელოვანი უპირატესობაა, მაგრამ ეკვადორის ნაკრები ანგარიშგასაწევი ძალაა, რაც ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში დაამტკიცა.

მექსიკამ ჯგუფში სამივე მატჩი მოიგო, თანაც ისე, რომ გოლიც არ გაუშვია. რასაკვირველია, ჯგუფში ძლიერი მეტოქეები ნამდვილად არ ჰყოლია, მაგრამ მაინც კარგი შედეგია. თუმცა, რეალურად „ელ ტრის“ გამოცდილის ჩაბარება სწორედ ახლა მოუწევს.

ეკვადორის ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი დიდებულად განვლო, მაგრამ ჯგუფში გაუჭირდა, რადგან კოტ დივუარსა და კურასაოსთან მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა. თუმცა, მაშინ, როცა სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა გამარჯვებისა, გერმანიის ნაკრები დაამარცხა და ასე მოხვდა პლეი-ოფში, სადაც ისტორიაში სულ მეორედაა. გუნდებს საკადრო პრობლემები არ აქვთ და მოედანზე უძლიერესი შემადგენლობით გავლენ.

ხავიერ აგიერ მექსიკის ნაკრებში 1986 წლის მუნდიალზე თამაშობდა, ხოლო 2002 წლის მუნდიალზე მთავარი მწვრთნელი იყო. და, სხვათა შორის, მაშინ მექსიკა ეკვადორს შეხვდა, რომელიც 2:1 დაამარცხა.

ეს ეკვადორის ისტორიაში მხოლოდ მეორე შემთხვევაა, როდესაც ისინი ჯგუფური ეტაპიდან გავიდნენ, რითაც გაიმეორეს 2006 წლის გერმანიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეული შედეგი - როდესაც მერვედფინალში ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ დევიდ ბექჰემის საჯარიმო დარტყმით 0:1 დამარცხდნენ.

მექსიკას 1966 წლიდან მოყოლებული, „ესტადიო აცტეკაზე“ მხოლოდ ორი ოფიციალური მატჩი აქვს წაგებული და შინ 24-მატჩიანი დაუმარცხებელი სერიაც აქვს. გარდა ამისა, მექსიკა ბოლო 11 შეხვედრაში დაუმარცხებელია და ამ პერიოდში მხოლოდ ორი გოლი გაუშა. „ელ ტრი“ იყო ესპანეთთან ერთად ერთადერთი, რომელსაც ჯგუფურ ეტაპზე გოლი არ გაუშვია.

ეს ნაკრებები ერთმანეთს 28-ჯერ შეხვედრიან და მექსიკას საგრძნობი უპირატესობა აქვს - 17 მოგება, 7 ფრე, 4 წაგება. ისინი რამდენჯერმე კოპა ამერიკაზე შეხვდნენ, მათ შორის, ბოლოს 2024 წელს, როცა უგოლო ფრე დაფიქსირდა. მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ერთხელ გადაიკვეთა მათი გზები: 2002 წლის მუნდიალის ჯგუფში მექსიკამ 2:1 მოიგო.

მატჩი თბილისის დროით დილის 05:00 საათზე გაიმართება და მას მეხიკოს „აცტეკა“ უმასპინძლებს.

სავარაუდო შემდგენლობები:

მექსიკა: რანხელი; სანჩესი, მონტესი, ვასკესი, გალიარდო; ლირა, რომო, გუტიერესი; ალვარადო, ხიმენესი, კინიონესი

ეკვადორი: გალინდესი; ფრანკო, ორდონესი, პაჩო, ინკაპიე; იებოა, კაისედო, ვიტე, ანგულო; პლატა, ვალენსია

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096534