ფეხბურთი

22:56 | 30.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ისევ ჰოლანდი: ნორვეგიამ კოტ დივუარი შინ გაუშვა

ნორვეგიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალშია. სტალე სოლბაკენის გუნდმა 1/16-ფნალში კოტ დივუარის ნაკრები დაძაბულ, დრამატულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

კოტ დივუარი ურიგოდ არ თამაშობდა, შეიძლება ითქვას, წაგება არ დაუმსახურებია, მაგრამ მაინც ვერ გამოიყენა ის შანსები, რომელიც შექმნა.

ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გაიხსნა, როდესაც ანტონიო ნუსამ ზუსტად დაარტყა და ნორვეგია დააწინაურა. ამის შემდეგ კოტ დივუარმა უფრო დიდი ძალებით შეუტია, ნორვეგია თავს იცავდა და ცდილობდა, ანგარიში შეენარჩუნებინა.

თუმცა, ბოლომდე ვერ გაძლო. 74-ე წუთზე ამად დიალომ დიდებულად ითამაშა, ორ მცველს გასცდა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა - 1:1. თითქოს, კიდევ ერთი მატჩი უნდა გადასულიყო დამატებით დროში, მაგრამ ნორვეგიას ჰყავს ერლინგ ჰოლანდი, რომელიც ყოველთვის სახიფათოა, მაშინაც, როცა ჩრდილშია და არაფერი გამოსდის. ახლაც ასე იყო. 86-ე წუთზე ჰოლანდმა პრაქტიკულად ერთადერთი შანსი გამოიყენა და ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა. ერლინგმა მიმდინარე მუნდიალზე უკვე მე-5 გოლი გაიტანა, ნორვეგიის ნაკრებში მე-60 და მას ეროვნულ გუნდში უფრო მეტი გოლი აქვს, ვიდრე თამაში.

ეს გამარჯვების გოლი იყო, აფრიკელებს ძალიან ცოტა დრო ჰქონდათ თამაშის გადასარჩენად და ვერაფერი მოახერხეს. არადა, კომპენსირებულ დროში ნორვეგია ნილანდმა იხსნა, თორემ აფრიკელები ანგარიშს ათანაბრებდნენ. კოტ დივუარმა ამ მუნდიალზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, პირველად გავიდა ჯგუფიდან და ეს მის აქტივში უდავოდ უნდა შევიტანოთ, მაგრამ სახლში წასვლა უწევს.

ნორვეგიის ნაკრებმა კი, კიდევ ერთი ბარიერი დაძლია და წინ მერვედფინალია, 5 ივლისს, ბრაზილიის ნაკრებთან.

და, ნორვეგიას ბრაზილიასთან არასდროს წაუგია - 2 მოგება, 2 ფრე.

კოტ დივუარი - ნორვეგია 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ნუსა (39), 1:1 დიალო (74), 1:2 ჰოლანდი (86)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090571