ვინ გააჩერებს საფრანგეთის ნაკრებს? ალბათ, მიმდინარე მუნდიალზე ეს არის შეკითხვა, რომელიც ყველაზე აქტუალურია.
დიდიე დეშამის გუნდი ბრწყინავს და ჯერჯერობით, ვინც გზად შეხვდა, ყველას გადაურბინა. „მამლებმა“ 1/16-ფინალში შვედეთის ნაკრები, როგორც მოსალოდნელი იყო, ადვილად დაამარცხა, თანაც, ისევ ლამაზი, ფეერიული ფეხბურთი ითამაშა.
განსაკუთრებით, საშიშია ფრანგების შეტევა - კილიან მბაპე, მაიკლ ოლისე და უსმან დემბელე უბრალოდ დაფრინავენ.
მბაპემ მიროსლავ კლოზესაც გადაასწრო, უკვე 18 გოლი დაუგროვდა მუნდიალზე და ლიონელ მესის კვალში ჩაუდგა. სხვათა შორის, მბაპეს 18-დან 10 გოლი პლეი-ოფში აქვს გატანილი, რაც მუნდიალის ისტორიაში სარეკორდი მაჩვენებელია. სანამ მბაპე შოუს მოაწყობდა, მაიკლ ოლისეს ფანტასტიკურ გოლამდე ცოტა დააკლდა - მისი მაკრატელა დარტყმა ძელს მოხვდა.
სამაგიეროდ, კილიანმა შეარხია მეტოქის კარის ბადე და პირველი ტაიმი საფრანგეთმა 1:0 მოიგო. თუმცა, არ უნერვიულია, მეორე ტაიმის დასაწყისში მაიკლ ოლისეს პასით ბრედლი ბარკოლამ მეორედ დაამწუხრა შვედეთი და მატჩს ინტრიგა მოუკლა. შემდეგ იყო მბაპეს მორიგი გოლი, ისევ ოლისეს პასით: კილიანს 6 გოლი აქვს, მბაპეს 5 საგოლე პასი, პლუს დემბელეს 4 გოლი, ბარკოლას 2, დუეს - 1... საფრანგეთის ნაკრების შეტევა ძალიან, ძალიან, ძალიან საშიშია.
საფრანგეთის ნაკრებმა 3:0 მოიგო და მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალშია, სადაც პარაგვაის ნაკრებს შეხვდება და რა თქმა უნდა, წყვილში აშკარა ფავორიტია. არა მარტო წყვილში - დეშამის გუნდი საჩემპიონო ფეხბურთს თამაშობს.
საფრანგეთი - შვედეთი 3:0 (1:0)
გოლები: 1:0 მბაპე (45), 2:0 ბარკოლა (53), 3:0 მბაპე (74)







