ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ფავორიტთა შორისაა, შესაბამისად, 1/16-ფინალში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან ფეხის დაცდენა ნამდვილად არ ეპატიება - ამის უფლება არ აქვს.
თომას ტუხელის გუნდი წყვილში აშკარა ფავორიტია, მაგრამ აფრიკელებსაც დასაკარგი არ აქვთ, ინგლისისგან განსხვავებით, წნეხის გარეშე არიან, მათ უკვე დაწერეს ისტორია და აწი ყველაფერი უბრალოდ ბონუსი იქნება. აი, ინგლისს კი ჯერ არაფრისთვის მიუღწევია და ეს თამაში აუცილებლად მოსაგები ექნება.
ჯგუფში ინგლისმა ორგვაროვანი შთაბეჭდილება დატოვა: ძალიან კარგი იყო ხორვატიასთან, ძალიან ცუდი განასთან და პანამასთან საშუალო დონეზე ითამაშა. თუმცა, 7 ქულა მოიპოვა და ჯგუფში პრობლემა მაინც არ ჰქონია.
დრ კონგომ ჯერ პორტუგალიასთან არ წააგო, მერე კოლუმბიასთან ვერაფერი გააწყო, მაგრამ მოსაგები თამაში მოიგო უზბეკეთთან და ჯგუფური ეტაპი დამსახურებულად გადალახა. შესანიშნავ ფორმაშია იოან ვისა, ვინც სამი გოლი გაიტანა ჯგუფურ ეტაპზე და ის ინგლისელ ფეხბურთელებსაც იდეალურად იცნობს. ამდენად, მთავარი საფრთხე ინგლისისთვის ვისა უნდა იყოს. თუმცა, ცხადია, წყვილში ფავორიტი ნათელია.
„სამ ლომს“ შესანიშნავი ანგარიში აქვს მსოფლიოს ჩემპიონატზე აფრიკული გუნდების წინააღმდეგ. ინგლისმა ცხრა შეხვედრიდან ხუთი მოიგო და შვიდჯერ კარი მშრალად შეინახა. თუმცა, განასთან უგოლო ფრე მეოთხე იყო აფრიკელთა წინააღმდეგ.
გარდა ამისა, ტუხელს ინგლისის ნაკრების სათავეში ჯერ არ წაუგია ოფიციალური თამაში: 11 მატჩიდან 10 მოიგო და ერთი ფრედ ითამაშა. მხოლოდ რონ გრინვუდს (16 შეხვედრა 1977-1980 წლებში) და როი ჰოჯსონს (14 - 2012-2013 წლებში) აქვთ უფრო ხანგრძლივი დაუმარცხებელი სერია ინგლისის ნაკრების მწვრთნელის რანგში.
ინგლისს პრობლემა აქვს დაცვის მარჯვენა ფლანგზე, სადაც რის ჯეიმსი და ჯარელ ქუანსა ტრავმირებული არიან. კონგოელთა ბანაკში საკადრო პრობლემები თითქმის არ არის.
ეს ნაკრებები ისტორიაში პირველად შეხვდებიან ერთმანეთს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე, ატლანტაში გაიმართება. გამარჯვებულს მერვედფინალში მასპინძელი მექსიკის ნაკრები ელოდება.
სავარაუდო შემადგენლობები:
ინგლისი: პიკფორდი; სპენსი, კონსა, გეჰი, ორაილი; ანდერსონი, რაისი; საკა, ბელინგემი, რაშფორდი; კეინი
დრ კონგო: მპასი-ნზაუ; ვან-ბისაკა, ტუანზებე, მბემბა, კაპუადი, მასუაკუ; მუტუსამი, სადიკი, კაიემბე; ვისა, ბაკამბუ







