ბელგიის ნაკრები სენეგალის ნაკრების წინააღმდეგ - ერთ-ერთი ყველაზე თანაბარი წყვილი 1/16-ფინალურ სტადიაზე.
ბელგიამ ჯგუფში ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა, რადგან ეგვიპტეს და ირანს ვერ მოუგო, მხოლოდ ბოლო ტურში, ახალ ზელანდიასთან გამარჯვებით მოახერხა ჯგუფიდან გასვლა. თუმცა, მეორე მხრივ, რუდი გარსიას გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე კარისკენ ყველაზე მეტჯერ დაარტყა - 73. უბრალოდ, „წითელ ეშმაკებს“ რეალიზაციის პრობლემა ჰქონდათ, განსაკუთრებით პირველ-ორ ტურში.
მაგრამ, ეს არ არის ბელგია, რომელიც რამდენიმე წლის წინ გვახსოვს, გუნდში თაობათა ცვლის პროცესი მძიმედ მიმდინარეობს და უფრო კრიზისის ნიშნები ჩანს, ვიდრე კარგი მომავლის. მეტოქეც ძლიერია - სენეგალის ნაკრები.
აფრიკელებს გაუჭირდათ ჯგუფიდან გასვლა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ საფრანგეთი და ნორვეგია ჰყავდათ, ბევრ სხვა ჯგუფში სენეგალი გაცილებით მარტივად დაძლევდა ჯგუფურ ეტაპს. თუმცა, „ტერანგას ლომებმა“ ბოლო ტურში ერაყი გაანადგურეს და საუკეთესო მესამეადგილოსნებში მოხვედრა შეძლეს, რითაც ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი მესამედ გავიდნენ ჯგუფიდან.
სენეგალის ნაკრებს სავარაუდოდ, მეკარე, ედუარ მენდი დააკლდება, რომელმაც ნორვეგიასთან მუხლის დაზიანება მიიღო, ხოლო იმავე ნორვეგიასთან შეცდომების შემდეგ, თადარიგში გადასმული კალიდუ კულიბალი, შეიძლება ისევ სკამზე დარჩეს, რადგან ერაყთან ის შესანიშნავად შეცვალა აბდულაი სეკმა.
სხვა მხრივ, გუნდებს საკადრო პრობლემები არ აწუხებთ. ალბათ, წნეხი ბელგიაზე უფრო მეტია, რადგან ყველაფრის მიუხედავად, 1/16-ფინალში გავარდნა, გუნდისთვის წარმატებულ შედეგად ნამდვილად ვერ ჩაითვლება. სენეგალის ნაკრები კი სახიფათო მეტოქეა, განსაკუთრებით, შეტევაში. აფრიკელებმა წინა სამივე მატჩში შეძლეს გოლების გატანა, ერაყს სულაც 5 გოლი გაუტანეს და სენეგალი გახდა პირველი აფრიკული ნაკრები, რომელმაც მუნდიალის ერთ შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.
ბელგიისა და სენეგალის ნაკრებები ერთმანეთს პირველად შეხვდებიან. მატჩი სიეტლში, „ლუმენ ფილდზე“, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.
სავარაუდო შემადგენლობები:
ბელგია: კურტუა; კასტანე, ტეატე, მეხელე, დე კუიპერი; ვანაკენი, ტილემანსი; ტროსარი, დე ბრუინი, დოკუ; დე კეტელარე
სენეგალი: დიაო; ჯეიკობსი, სეკი, ნიახატე, დიატა; კამარა, გეიე, დიარა; მანე, ჯექსონი, სარი







